რა საფრთხეებს უქმნის მოზარდებს გარემო, რომელშიც ჯერ კიდევ არის გენდერული დისკრიმინაცია; რა გამოწვევები გაჩნდა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს; რა მნიშვნელობა აქვს მშობლებისა და პედაგოგების ურთიერთობას - ამ საკითხებზე გაიმართა საუბარი ონლაინ მრგვალ მაგიდაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები...

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაცია „სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“. დაისვა აქტუალური პრობლემები, გამოითქვა მოსაზრებები, დაფიქსირდა წინადადებები, როგორ გაუმჯობესდეს თანამშრომლობა ბავშვებისთვის ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის კუთხით.

ორგანიზაციის დაარსების დღიდან ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარეა ალლა გამახარია.

დამფუძნებელთა კრებამ 2021 წლის 24 სექტემბერს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად  აირჩია თეა თორინავა.

გამგეობის წევრები: 

1. ალლა გამახარია

2. თეა თორინავა

3. ეკატერინე გამახარია

4. თამარ კუხალაშვილი

5. ნინო ჭაბუკიანი

ფონდი „სოხუმის“ პირველი პუბლიკაცია იყო „ქალთა ხმა“, პატარა ფორმატის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც  ქუთაისის სტამბაში დაიბეჭდა 2001 წლის 29 ნოემბერს. „ქალთა ხმა“ წლების მანძილზე იყო ორგანიზაციის პერიოდული გამოცემა (უფრო დიდი ფორმატის გაზეთი, ჟურნალი) - სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ტირაჟით.

ჟურნალ-გაზეთების პარალელურად, ფონდი „სოხუმი“ საქმიანობის მიმართულებების მიხედვით გამოსცემს ანგარიშებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ანალიტიკურ სტატიებს და პოლიტიკურ დოკუმენტებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, გზამკვლევებს...

ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები  ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას  გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეურიგებლობის აღზრდას, ტოლერანტობის კულტურის, კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის უნარების სწავლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უშუალო პარტნიორობით ხორციელდება.

ქვეყანაში ცოტაა სივრცე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების, ურთიერთობებისა და გართობისთვის, ეს სერიოზული გამოწვევაა რეგიონებში, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

სამი წლის მანძილზე ფონდი „სოხუმის“ ეგიდით დასავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა კონფლიქტის მართვის ჯგუფები და ახალგაზრდული კლუბები. მათ ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული ცენტრები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ლიდერული და შემოქმედებითი  პოტენციალის რეალიზებას. ამ კუთხით ფონდს აქვს დიდი გამოცდილება: მისი თაოსნობით წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა „ლიდერ გოგონათა სკოლა“, რომელმაც არაერთ დევნილ გოგონას გაუხსნა გზა პიროვნული და პროფესიული ზრდისა და წარმატებისკენ.

ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით. ფონდი „სოხუმის“ ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი“, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით.

ორგანიზაცია სისტემატური მონიტორინგის გზით სწავლობს და აანალიზებს ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობას, აფასებს რეფერირების სისტემის აქტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და მათი კოორდინაციის დონეს. ფონდი „სოხუმი“ ასევე აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთნ. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან და დაინტერესებულ პირებთან ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

ფონდი „სოხუმი“ დაარსებიდან დღემდე უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის, მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის პროცესში. აფხაზეთში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო გამოცდილების ერთობლივად შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ  პარტნიორულ პროექტს, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ქალთა როლის გაზრდისა და ნდობის აღდგენისკენ. ერთობლივი პროექტების ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი პოლიტიკის დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი,  მეთოდური სახელმძღვანელოები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინოვაციურ ხედვებზე.

ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული თანასწორობის დამკვიდრება და ქალთა შესაძლებლობების გაზრდაა, ადგილობრივი დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მიზნით.

ფონდი ეწევა საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საქმიანობას და ახორციელებს მონიტორინგსა და ადვოკატირებას, კანონების, პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას და მათ თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

  • სამშაბათი, 26 იანვარი 2021

ორგანიზაციის მისია

  • ქალთა საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა მათი სოციალური, საგანმანათლებლო და სამართლებრივი შესაძლებლობების განვითარების, სქესთა შორის თანასწორობის მიღწევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით. 

ჩვენს სახელში არის სიტყვა „სოხუმი“ - ჩვენი საყვარელი ქალაქის, აფხაზეთის დედაქალაქის სახელი.
ორგანიზაციის თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და ახლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით - მას აქეთ, რაც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს აფხაზეთი.
დევნილობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით იყო შესაძლებელი. სწორედ ეს იყო კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ შექმნის მიზანი. თავიდან მას ჰქონდა ქველმოქმედების მისია, მაგრამ წლების მანძილზე ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არე გაფართოვდა და ის გადაიქცა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზაციად ქვეყანაში, რომელიც 25 წელზე მეტია, აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.
ფონდი „სოხუმი" 1997 წელს დარეგისტრირდა (რეგისტრაცია №7) და 1999 წელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა მისი ხელმეორე რეგისტრაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ალლა გამახარია, მერი გელაშვილი, ნანული რამიშვილი და აწ განსვენებული ჟანა ჭაბუკიანი.

2019 წელს დაარსდა  ორგანიზაციის თბილისის წარმომადგენლობა (ვებგვერდზე არის კატეგორია  - თბილისის ოფისი).   

2021 წლის 19 ოქტომბრიდან ორგანიზაციას ეწოდა ქალთა ფონდი „სოხუმი“ (გადაწყვეტილება მიიღო დამფუძნებელთა კრებამ 2021 წლის 24 სექტემბერს და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ).

 

თბილისის წარმომადგენლობა

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები