ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეული იყო ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძე. მან თქვა, რომ მიმდინარე წელი ცესკომ „გენდერის“ წლად გამოაცხადა და ისაუბრა უახლოეს მომავალში საარჩევნო პროცედურებში მოსალოდნელი რიგი ცვლილებების შესახებ.
სხდომაზე განხილულ იქნა გეგმით გათვალისწინებული ყველა საკითხი.
15 თებერვალს ჩატარდა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კლუბის აქტივისტი ქალბატონები და ახალი წევრები. მოწვეული იყო მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა სანიკიძე. მან შეკრებილებს გააცნო 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით გაწერილი სოციალური პროგრამები და განუმარტა სარგებლობის პირობები. ითქვა, რომ წელს არის ახალი პროგრამა, რომელიც სმენადაქვეითებულთა - კოხლეალური იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარებას გულისხმობს ელემენტებით და სადენებით. ასევე ახალია პროგრამა, რომელიც საბინაო ფონდის - დროებითი საცხოვრისის შექმნას გულისხმობს.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ ამ ინფორმაციებს გაავრცელებენ და ბევრი ადამიანი გაიგებს საჭირო პროგრამების შესახებ.
რამდენიმე ქალბატონმა პირადი - სხვადასხვა სახის პრობლემების შესახებ მოახსენა სტუმარს, მან ჩაინიშნა და გარკვევას და დახმარებას შეპირდა.
ადგილობრივი პრობლემის ადვოკატირების მიზნით კლუბის 7 წევრი მიწვეულია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, სადაც საქალაქო ტრანსპორტის საკითხს განიხილავენ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს #7 სკოლის უფროსკლასელებთან და თეკლათის საბავშვო ბაღის პედაგოგებთან.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით





სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ამჯერად გაიმართა სათემო განვითარების ცენტრში, მისი ხელმძღვანელის ნონა ქადარიას მიწვევით. ცენტრი მდებარეობს სამხედრო დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ამიტომაც სხდომის მონაწილეთა უმეტესობა დევნილი ქალბატონი იყო.
განიხილეს დასახლების მცხოვრებთათვის აქტუალური სოციალური საკითხები. აქ განსაკუთრებით მწვავედ დგას გაუმართავი წყალარინების სისტემის პრობლემა, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას - სარდაფებში წყალი დგება, მილების არასწორი მიერთების გამო საკანალიზაციო ნარჩენები ნიადაგის ზედაპირზე ამოდის, ზაფხულში ტერიტორია სავსეა კოღოებით. მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ საკითხის მოგვარება ჭიანურდება. კლუბის წევრები ცდილობენ გამოსავლის გზების პოვნას. მათ აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ პრობლემების გახმაურება.
სხდომაზე აგრეთვე იმსჯელეს .აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვის საკითხზე და გადაადგილების გამარტივებაზე - დაკრძალვასთან კავშირებულ შემთხვევებში.
15 ნოემბერს სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. მორიგ სხდომაზე მონაწილეობა მიიღეს კლუბის და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, დეპუტატმა ქალებმა და საკრებულოს თანამშრომლებმა.
გაიმართა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით. ქალებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იქნეს წარმოდგენილი და ამაზე, უპირველესად, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ.
საუბარი შეეხო ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის თემას და კარს მომდგარ 16- დღიან საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიას სლოგანით „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“. 25 ნოემბერს კლუბის წევრები შეუერთდებიან ფონდი „სოხუმის“ მასშტაბურ აქციას, რომელიც სენაკის გარდა დასავლეთ საქართველოს კიდევ 8 ქალაქში გაიმართება. ისინი აგრეთვე ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა გაიმართა ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. დისკუსიის მთავარი თემა იყო 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, კერძოდ - მოქმედი სოციალური პროგრამები. დეტალური ინფორმაცია ამის თაობაზე წარმოადგინა გამგეობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხებზე ხათუნა ლაშხიამ.
სხდომაზე აგრეთვე განიხილეს იმ საკითხების ადვოკატირება, რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახების დახმარების გაწევას.
შემდეგი სხდომა ჩატარდება სენაკის სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე გაიმართა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა. აღინიშნა ის ფაქტი, რომ არჩევნებზე წარმოდგენილი არ იყო არც ერთი ქალი-კანდიდატი. რაც შეეხება ამომრჩევლების აქტიურობას, აქ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მეტია - მონაწილეობდა 52,09% ქალი (12 177) და 47,91% მამაკაცი (11 200).
ფონდი „სოხუმის“ და ფონდ „კარიტასის“ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა საჩუქრები - ჰიგიენის საშუალებები, საბავშვო სათამაშოები, სურსათი და ტანსაცმელი. ოჯახის წევრებმა დიდი მადლიერება გამოხატეს მხარდაჭერისთვის.



პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით