„ქალთა ლიდერობა, კომუნიკაციის ფორმები, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები“ - ამ თემებზე გაიარეს ტრენინგი დევნილმა ქალებმა და გოგონებმა. მასში 20 ადამიანი მონაწილეობდა დევნილთა სხვადასხვა ჩასახლებიდან.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ქალთა გაძლიერებას და გააქტიურებას მათი ინფორმირების გზით. მონაწილეებმა სუბიექტური პოზიციიდან იმსჯელეს ლიდერობის მახასიათებლებზე. დაასაბუთეს, რა აუცილებელი თვისებები სჭირდება ქალს წარმატებული ლიდერობისთვის. ჯგუფური მუშაობის პროცესში კი დააფიქსირეს ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ქალთა აქტიურობას.

მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ინფორმაციები  სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე:  გაიხსენეს პრაქტიკული მაგალითები, რა ფორმით, რა მეთოდებით ჰქონიათ კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში და როგორია მათი ჩართულობის ხარისხი.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები, ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერა დაეხმარება მათ, უფრო მეტად იყვნენ მოტივირებულები და  აქტიურად გამოიყენონ სამოქალაქო ჩართულობის ფორმები თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე: „ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი - გენდერულად სენსიტიური მონიტორინგის ინსტრუმენტი“.

სემინარი გამიზნულია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. სემინარს უძღვება საერთაშორისო ექსპერტი ზარა ჯარვინენი, რომელმაც შეიმუშავა „გენდერულად მგრძნობიარე ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგის სახელმძღვანელო“ სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ღონისძიების მიზანია, მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოების მდგომარეობის გენდერულ ჭრილში შეფასება, მონიტორინგი, გაანალიზება და ანგარიშგება, მათ შორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით.

სემინარში მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  ეკატერინე გამახარია.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის განმსაზღვრელია მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ 2009 წლიდან უწყვეტად მუშაობს მუნიციპალიტეტებსა და რეფერირების მექანიზმის სუბიექტ, დარგობრივ სახელწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გააქტიურების მიმართულებით. 23 თებერვალს ქუთაისში ჩატარებული კონფერენცია, რომელმაც ფონდი „სოხუმის“ პარტნიორი, დასავლეთ საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გააერთიანა, ამ პროცესის განმტკიცების მორიგი ნაბიჯი იყო.

„ჩვენ ერთად ვცდილობთ, არაძალადობრივი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.

თბილისში გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით გაიმართა საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი, რომელსაც 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.

ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩვენებისათვის მზადების პერიოდში.

ფორუმს ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე.

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს: „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიები: საუკეთესო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები“. დოკუმენტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის და კოორდინაციის გასაძლიერებლად უწყებათაშორისი კომისიების  ინსტიტუციონალიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და დღეს არსებული კომისიების ინსტიტუციური შესაძლებლობების, მათი მიღწევების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შეფასება.

კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ უწყებათშორისი კომისიები წარმოადგენენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით, პრაქტიკული მნიშვნელობის  მაკოორდინირებელ მექანიზმს. ზემოაღნიშნულს მოწმობს რიგ სამიზნე მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედი უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მეტად გამართულ ადგილობრივი რეფერირების პროცედურებს, კომუნიკაციასა და კოორდინაციას ძალადობის შემთხვევების მართვაში ჩართულ რგოლებს შორის.

მიუხედავად ამისა, გამოწვევების ანალიზმა აჩვენა, რომ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისათვის საჭიროა უწყებათაშორისი კომისიის მეტად „ფორმალიზება“, მკაფიოდ გაწერილი სტრატეგიის შემუშავება, კარგი პრაქტიკის მაგალითების გაზიარება, გამოყენება და დანერგვა (ადგილობრივი და საერთაშორისო), მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან უფლებამოსილებების სწორად გამიჯვნა, კომისიის საქმიანობაში სხვადასხვა უწყების წამომადგენლების ჩართვის წახალისება და ა.შ.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოხდა სამიზნე თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტებად დაყოფა.

შეხვედრაში მონაწილებდნენ ქუთაისის სხვადასხვა თემში მცხოვრები დევნილი ქალები და გოგონები. მათ დააფიქსირეს მწვავე პრობლემები: დაზიანებული სახურავები თუ ფასადები, აივნების არარსებობა, ნესტიანი კედლები, მოუწესრიგებელი შიდა გზები... გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ დასახლებაში არ არის მინისტადიონი, სანაგვე ურნები.

პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრები ქალთა ფონდი „სოხუმის“ დახმარებით პასუხისმგებელ პირებს შეხვდებიან იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირების მიზნით.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

„ქალთა ლიდერობა, კომუნიკაციის ფორმები, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები“ - ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი ქუთაისის სხვადასხვა თემში მცხოვრები დევნილი ქალებისა და გოგონებისთვის.

ინფორმაციის ნაკლებობა, მიგრაცია, პასიურობა, უპასუხისმგებლობა, დროის სიმცირე, გულგრილობა - მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს მოკლე ჩამონათვალია იმის, რაც უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე.

ტრენინგზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა ამაღლდეს ლიდერული უნარები, კომუნიკაციის ხარისხი და მოტივაცია, რათა გაიზარდოს მოქალქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში

მონაწილეთა უკუკავშირიდან:

„ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.“

„ლიდერი მარტო ვერაფერს იზამს გუნდის გარეშე და პირიქით, ამიტომ საჭიროა ყველამ  თავისი შესაძლებლობები გამოიყენოს საერთო საქმის კეთების დროს.“

 „საჭირო ინფორმაციები მივიღე. გავეცანი მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს“

„მიღებულ ცოდნას ხშირად გამოვიყენებ.“

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

შეხვედრის მონაწილეებმა - ქუთაისის სხვადასხვა დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა ქალებმა და გოგონებმა -  ისაუბრეს პრიორიტეტულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ თავიანთ თემებში. მთავარ ნუსხაში ინფრასტრუქტურული პრობლემები დაასახელეს: გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, სარდაფებში არსებული წყალი, ფასადების ავარიული მდგომარეობა,  გადახურვა, შიდა გზების გაუმართაობა და ა,შ. ასევე გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის  სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე (რეპროდუქციული, ონკოლოგიური და შშმპ საჭიროებებისთვის). ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ბევრგან არ არის სპორტული მოედანი და სკვერი.

შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა თემებში იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარებას. 

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მექანიზმებზე ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და გაძლიერების კუთხით და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების შესახებ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა შეკრებილებს გააცნო პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიის სამსახურების და პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები. შეკრებილებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე, სოციალურ პარტნიორობაზე. აქცენტი გაკეთდა ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან ეფექტიან თანამშრომლობაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები