ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, აწარმოებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ ,რომლის ფარგლებშიც ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.უკვე განსაზღრულია კონკრეტული რესპონდენტები. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი და ერთი ინტერვიუ.
დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება ,როგორც თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევა- ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის. მედიაწიგნიერების არსისა და მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებს
გამოცდილი ტრენერი რუსუდან კარკაძე ესაუბრა.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დეზინფორმაციის საკითხები და დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს.
წყალტუბოს, თერჯოლის, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ქუთაისის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - ექიმების როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით“.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკების და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი.
საუბარი შეეხო კანონს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე - რეფერირებას და კონკრეტულად სამედიცინო პერსონალის როლს ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციასა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცემის „გენდერული ძალადობის რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისათვის“ პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ომის შედეგად საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ ხელშეწყობას, რაიმე საქმის დაწყებას, რაც ოჯახს სტაბილურობს მისცემს... ამიტომაც მონაწილეობენ ისინი სხვადასხვა საგრანტო კონკურსში, რომ მიიღონ მცირე ბიზნესის დასაწყებად საჭირო დაფინანსება.
ასე წამოიწყო რამდენიმე ჩვენმა ბენეფიციარმა საკუთარი საქმე. ახლაც სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგები უკრაინელი ლტოლვილებისთვის. მონაწილეებმა ისწავლეს ბიზნეს იდეების ფორმულირება და პროექტების წერა. ამჯერად ბიზნესს დაუფინანსებენ ორ ქალს: ირინა ხალუპკას და ნატალია კრივიცკაიას. ირინა წამწამების დაგრძელებაზე იმუშავებს, ნატალია ფოტოგადაღებებს აპირებს.
გვჯერა, ახალბედა მეწარმე ქალები წარმატებით გაუძღვებიან საქმეს - უკრაინაში დაბრუნებამდე...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები ქალები და გოგონები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოხდა დევნილთა სხვადასხვა თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია.
მონაწილეებმა საერთო დისკუსიის ფორმატით იმსჯელეს მწვავე პრობლემებზე. შედეგად - შეირჩა ორი ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა, რომელთა ადვოკატირება მოხდება მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქუთაისის სხვადასხვა თემში მცხოვრები სამიზნე სამუშაო ჯგუფის წევრი დევნილი ქალებისა და გოგონების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ქალთა ლიდერობა, კომუნიკაციის ფორმები, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები.“
სატრენინგო პროგრამა მოიცავდა ლექციურ ნაწილს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფებში ემუშავათ საკითხებზე: რა უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე, როგორ უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა მოტივაცია, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში.
მონაწილეებმა ინტერაქტიულ რეჟიმში ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, პოზიციები და შეხედულებები განსახილველ თემებზე. როგორც აღინიშნა, სატრენინგო თემები მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იყო: „ლიდერობის მახასიათებლებზე დავფიქრდი, საკუთარ შესაძლებლობებს გადავხედე, ახალი რესურსები აღმოვაჩინე.“
„ძალიან საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ. გავეცანით მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს. აუცილებელია, რომ ასეთი ინფორმაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს. “
„რაც ვისწავლე, აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. პასუხისმგებლობა ვიგრძენი და უფრო მეტად ჩავერთვები მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.“
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორის კომისიის“ წევრებთან ჩატარდა მორიგი შეხვედრა. მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც განხორციელდება თემაზე „დაარღვიე დუმილი - შეაჩერე ძალადობა!“
ინიციატივის ფარგლებში მოხდება მერის წარმომადგენლების და სოფლის ამბულატორიების პერსონალის ინფორმირება ძალადობის საკითხებზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებულ სერვისებზე. განსაკუთრებით ხაზგასმული იქნება უწყებათაშორისი კომისიის, როგორც რეაგირების მექანიზმის, მნიშვნელობა.
ეს შეხვედრები დაეხმარება კომისიას, რომ მისი მუშაობა გადავიდეს უფრო აქტიურ ფაზაში - კონკრეტული ქეისების განხილვის და მათზე რეაგირების კუთხით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ბაღდათში გაიმართა მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა. კომისიის წევრებმა დაგეგმეს აქტივობები, რომლებიც ჩატარდება სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში. ეს აქტივობები გაზრდის კომისიის ცნობადობას, რაც აუცილებელია მისი მიზნობრივი მუშაობისთვის - ქეისების განხილვის და მათზე დროული რეაგირების მხრივ.
დაგეგმილი ღონისძიებები მოიაზრებს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერების და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ოჯახში ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენისა და პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ მექანიზმებზე, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და გაძლიერების კუთხით. მათთვის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების, განსაკუთრებით კი ოჯახების გაძლიერების პროგრამის შესახებ, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისა და დახმარების განყოფილებას აქვს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩოხატაურის მერიის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაზე მოხდა სამოქალაქო ინიციატივებისთვის იდეების დეტალების შეჯერება და მათზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა.
გადაწყდა, რომ ჩატარდება „პოზიტიური მშობლობის ტრენინგი“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქალთა საჭიროებების კვლევა. ინიციატივების განხორციელებაში ჩაერთვებიან მერიის სტრუქტურები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
„ქსელის შექმნა, ქსელური მუშაობის პრინციპების განსაზღვრა და სამომავლო პერსპექტივები“ - ამ თემაზე ონლაინ გაიმართა ქსელური შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ აქტიური ლიდერი ქალები და გოგონები ქუთაისის, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების დევნილთა თემებიდან.
პროექტის ასისტენტებმა შესრულებული აქტივობები შეაფასეს და გამოწვევებზე ისაუბრეს. გამოსვლებში გაჟღერდა ინფორმაციები ქალების მხარდაჭერის და ამხანაგობების გაძლიერების აუცილებლობაზე.
მომდევნო პანელში შეხვედრის მონაწილე ქალებმა ტრენინგებზე მიღებული უნარების მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი. მიაჩნიათ, რომ პროექტში ჩართულობა მათთვის ახალი შესაძლებლობაა თავიანთ თემში იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირებისთვის.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.