ახალგაზრდებთან მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 10 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაიდო შეთანხმებები და ახალგაზრდულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით შეიქმნა ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები.

სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება 6-თვიანი სატრენინგო კურსი ლიდერობის, კონფლიქტების მართვის და ძალადობის საკითხებზე.

უკვე ჩატარდა პირველი ტრენინგები: ზუგდიდსა და თერჯოლაში ტრენერებსა და მოსწავლეებს ცოცხალი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩოხატაურისა და ქობულეთის ჯგუფებთან მუშაობა კი ონლაინ წარიმართა.

ყველა მონაწილე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მაგრამ მათი საერთო მახასიათებლებია: დიდი ინტერესი ტრენინგის საკითხების მიმართ, ლიდერული უნარ-ჩვევები, მეტის გაგების მოტივაცია.

  • ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

ტყიბულში პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ამ კუთხით აქტიურ მუშაობას  ფონდი „სოხუმი“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში პირველად იწყებს. პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები, მშობლები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება და გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი. 

 

  • სამშაბათი, 20 აპრილი 2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ფონდმა „სოხუმმა“ პირველად დაიწყო ინტენსიური მუშაობა. პირველ შეხვედრას - პროექტის პრეზენტაციას - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. საუბარი გაიმართა იმ საკითხებზე, რომლებზე მუშაობაც პროექტითაა გათვალისწინებული: ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამწლიანი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გაძლიერებას და პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.

სამი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მოეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქალთა ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდა ზუგდიდში, მეორეში კი გაერთიანდნენ ორ სოფელში - კოკსა და ხურჩაში მცხოვრები ქალები.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემის არსი, მისი კომპონენტები და განხორციელების ეტაპები. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კვლევების ჩატარების შესახებ. კვლევის მიზანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ქალთა ინტერესების შესწავლა.

მესამე ჯგუფში ახალგაზრდები არიან და ის კოკის საჯარო სკოლაში შეიქმნა. მოსწავლეთა აქტიურობა განსაკუთრებულია. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელთაც გაიარეს  ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თანატოლებს გაუზიარეს მიღებული ცოდნა კონფლიქტების პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის შესახებ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როლური თამაშებისა და თემატური სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: კონფლიქტების ადრეული მართვა, ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები გენდერულ ჭრილში. თემისადმი ინტერესი როლური თამაშების ანალიზის პროცესში გამოხატეს.

მეორე შეხვედრა ჩატარდა ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მათ მოისმინეს ინფორმაცია კვლევის ჩატარების ტექნიკასა და უნარ-ჩვევებზე და ჩაერთვებიან კვლევაში, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებს  ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით.

- რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული პრევენცია, როგორ უნდა მოხდეს რეაგირება ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით, რა სახის საფრთხეებს გრძნობენ  ახალგაზრდები - ამ და სხვა საკითხებზე თემატური სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდულ ჯგუფთან.

გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები საფრთხედ მიიჩნევენ განათლების დაბალ ხარისხს, დასაქმების პრობლემას, ქალთა მიგრაციას, სოციალურ ფონს. მათი მოსაზრებით, ნებისმიერი ადამიანი საფრთხეს განსახვავებულად აღიქვამს და შესაბამისი უნდა იყოს რეაგირების მექანიზმიც. 

ამ თემას მიეძღვნა მეორე შეხვედრაც - ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან: რას მოიაზრებს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება გენდერულ პრიზმაში. ჯგუფის წევრები კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას - გაეცნენ ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას და უნარ-ჩვევებს.

დასრულდა ჩვენი პროექტით გათვალისწინებული მესამე მონიტორინგი, რომელიც ასახავს საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტებში. ლანჩხუთში მონიტორინგი ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ და „საქართველოს სასოფლო დარბაზი“. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მონიტორინგის შედეგები. მათ ასევე ისაუბრეს უკვე განხორციელებული მცირე პროექტის შედეგებზე და ახალდაფინასებული მცირე პროექტების მიზნებსა და ამოცანებზე.

მუშაობა მიმდინარეობს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

  • ორშაბათი, 19 აპრილი 2021

ქობულეთში ერთი წელია, აქტიურად მუშაობს ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ახალ პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. ქობულეთში 19 აპრილს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრევენციას, ოჯახების გაძლიერებას, საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე.

ლანჩხუთში ორი პარტნიორი ორგანიზაცია მუშაობს ჩვენთან ერთად პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

„საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ -  სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. მარტის ბოლოს სწორედ მათ მიიღეს პირველი გრანტები მუნიციპალიტეტში მცირე პროექტების  განხორციელებისთვის. 

20 აპრილს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს ამ ორგანიზაციების წევრებთან. განხილულ იქნა ახალდაფინანსებული პროექტების შესრულების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ონლაინ ვორკშოპი გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში ელექტრონული პეტიციის დანერგვის თემაზე. ვორკშოპს ესწრებოდნენ ვებგვერდის ადმინისტრატორი, აიტი სპეციალისტი, ფასილიტატორები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებაში.  

ვორკშოპის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ელექტრონული პეტიციის სისტემის შესახებ: პეტიციის ელექტრონულად დარეგისტრირება, ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურები და ა.შ. ვორკშოპის მეორე ნაწილი დაეთმო სისტემის შიდა ადმინისტრირების საკითხებს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები