თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ომის დროსა და ომის შემდგომ პერიოდში გენდერული ძალადობის (GBV) პრევენციასა და რეაგირებას. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქსელი WAVE და ეუთოს გენდერული საკითხების პროგრამა/WIN პროექტი.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ შეირჩა ეუთოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ერთ-ერთ პარტნიორად და ჩაერთო პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რომელშიც აღვწერეთ ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით განხორციელებული სტრატეგიები და გამოცდილება  გაჭიანურებული კონფლიქტების პირობებში. მოცემული სახელმძღვანელო ასევე მკითხველს წარმოუდგენს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ლარა სკარპიტამ (ეუთოს უფროსი მრჩეველი გენდერულ საკითხებში) და სტეფანი ფატერ-ორელმა (WAVE ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი).

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ღია კარის დღე გაიმართა.

შეხვედრა გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.

შეხვედრა გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერას და ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოიცავდა, სადაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მობილიზებული სამი სათემო ლიდერიც მონაწილეობდა.

ქალაქ გორში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხსენებით წარыდგნენ: მინისტრი - თეა ახვლედიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - კაორი იშიკავა; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - მარეკ შჩიგელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე -  ირაკლი ანთაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - ზვიად ზვიადაძე. 

მათ გაუზიარეს მონაწილეებს  IPRM შეხვედრებზე განხილული თემები და მოისმინეს, როგორც ქალთა ორგანიზაციების, ასევე სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადგილებზე არსებული ჰუმანიტარული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების, კონკრეტული საჭიროებების შესახებ. 

ურბანული კვლევების ცენტრმა ჩაატარა პანელური დისკუსია თემაზე „განსახლების საკითხები და ომი: უკრაინისა და საქართველოს გამოცდილება“. შეხვედრაზე მომხსენებელთა შორის იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელი  ეკატერინე გამახარია. დისკუსია მიეძღვნა ომის გავლენას უკრაინის საბინაო სექტორზე,  უკრაინასა და საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/დევნილების საბინაო მდგომარეობის და განსახლების პოლიტიკის განხილვას. მონაწილეები მსჯელობდნენ საბინაო უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესების გზებზეც.

ეკატერინე გამახარიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა განსახლების არსებული პოლიტიკის ხარვეზებზე და ხაზი გაუსვა მისი ეფექტიანობის შეფასების და განხორციელებული პოლიტიკით დევნილთა კმაყოფილების შესწავლის აუცილებლობას. დისკუსიის დროს გამოიკვეთა განსახლების პოლიტიკის დევნილთა მრავალფეროვანი და სპეციფიკური ჯგუფების საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგების მნიშვნელობა. ასევე, კერძო სექტორში მცხოვრები, უყურადღებოდ დარჩენილი დევნილების წინაშე არსებული გამოწვევების ძირეულად შესწავლის საჭიროება.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა განსახლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში როგორც თავად დევნილთა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობის უზრუნველყოფის საჭიროებას. მსჯელობა ასევე შეეხო თვითდინებაზე მიშვებული გაქირავების პოლიტიკის გაკონტროლებას და დარეგულირებას ფასების არაადეკვატური ავარდნის თავიდან აცილების მიზნით.

უკრაინიდან მომხსენებელთა შორის იყვნენ:

- ანასტასია ბობროვა, ორგანიზაცია Cedos-ის ანალიტიკოსი და მკვლევარი; ინიციატივა „Re.Housing for Ukraine“-ის კოორდინატორი

- ივან ვერბიცკი, ორგანიზაცია Cedod-ის დირექტორი.

შეხვედრას მოდერატორობას უწევდა ნანო ზაზანაშვილი, ურბანული კვლევების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელი და მკვლევარი.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში - ვენაში კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დაწყებისთვის. პროექტის მიზანია, შეიმუშაოს ის ინსტრუმენტები, რომლებიც ასახავს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს ომის დროს და ომის შემდეგ გენდერულ ძალადობაზე რეაგირების და პრევენციის საკითხებზე. პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სახელმძღვანელო ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე, განსაზღვრეს მიზანი და პოტენციური სამიზნე აუდიტორია, სტრუქტურა და პრაქტიკები, რომელთაც უნდა შეიცავდეს საბოლოო დოკუმენტი.

პროექტში ჩართულნი არიან WAVE წევრი ორგანიზაციები -  სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, საქართველო), გაერთიანებულ ქალთა ფონდი Banja Luka (ბანა ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა). დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://wave-network.org/new-project-supporting-women-survivors-of-violence-in-conflict-and-post-conflict-areas/

ეკატერინე  გამახარია დაესწრო WAVE-ის მრჩეველთა საბჭოს წევრების სხდომის ბოლო სესიას (11 მაისი), სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა თავისი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელონ WAVE-ის პროექტები და ქსელის წევრ ორგანიზაციებში დაგროვილი ფართო ექსპერტიზა გახადონ უფრო ხელმისაწვდომი და მომგებიანი ქალთა ორგანიზაციებისათვის.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ „პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის“ თემას მიძღვნილ მაღალი რანგის კონფერენციას უმასპინძლა.

ღონისძიება ჰიბრიდიულ რეჟიმში გაიმართა და მას ქალი პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე,  სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული 12 საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ ონლაინ ფორმატში ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული, დევნილი და რეგიონებში მცხოვრები ქალების პოლიტიკური გაძლიერების არაპრიორიტეტულობაზე და სწორედ ამ კატეგორიის ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის საჭიროებაზე.

ქსელი WAVE-ის  ორგანიზებით, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ქალთა  მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩატარდა უკრაინელი ქალების და ბავშვების მხარდაჭერისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო, უკრაინაში ომის შედეგად ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაში გადაუდებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება უკრაინელი კოლეგებისგან, ინფორმაციის გაცვლა პარტნიორების მხრიდან არსებული მხარდაჭერის ინიციატივებზე. ქსელის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიებზე, რაც უზრუნველყოფს დახმარების მეტ ეფექტიანობას.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკა გამახარიამ კოლეგებს გაუზიარა ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც უკრაინაში მყოფ მოსახლეობის და საქართველოში უკრაინელ ლტოლვილთა მხარდასაჭერად ხორციელდება ორგანიზაციის მხრიდან - ოკუპირებულ მელიტოპოლში მოსახლეობის ფულადი რესურსებით და ჰუმანიტარული ტვირთით დახმარება; ქუთაისში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო ნივთების და პროდუქტების შეძენა, დროებით ბინის ქირის გადახდა და დასაქმებაში დახმარება, ასევე -  ფსიქოლოგის კონსულტაცია. 

კოალიცია „მეტი ჩართულობის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრა მიეძღვნა უკრაინაში მიმდინარე კრიზისს, სადაც კოალიციის წევრებმა იმსჯელეს საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილთა ძირითად საჭიროებებზე და მათ დასახმარებლად განსახორციელებელ სტრატეგიებზე.

უკრაინაში არსებული მდგომარეობის და საქართველოში უკრაინელ ლტოლვილთა საჭიროებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული  ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ (ორგანიზაციას გააჩნია ფილიალი კიევში). მისი თქმით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში დაახლოებით 200 უკრაინელი ტურისტი და 250-მდე ლტოლვილია, რომელთა საჭიროებებზე ყველაზე ქმედით რეაგირებას ამ ეტაპზე უმეტესწილად კერძო სექტორი, მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებენ. საკმაოდ სუსტია სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის ხარისხი და ამ ეტაპამდე არ არსებობს უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების სტრატეგია. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ აღნიშნა საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების და ლტოლვილების რეგიონების მიხედვით აღრიცხვის მწყობრი მექანიზმის შექმნის აუცილებლობისა და დაინტერესებულ პირთათვის ლტოლვილთა არსებული სტატისტიკის ხელმისაწვდომობის საჭიროების შესახებ. ასევე მიუთითა, რომ სასურველია კოალიციის წევრთა ბაზის შექმნა, რომელშიც განისაზღვრება დახმარების თუ სერვისების ნუსხა, რომლის შეთავაზებაც შეუძლიათ კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ინტერსექტორული თანამშრომლობის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნის აუცილებლობა და ერთიანი ძალისხმევის საჭიროება უკრაინელი მოქალაქეებისთვის ეფექტიანი დახმარების აღმოსაჩენად. 

 

უკრაინის ქალები და ბავშვები! მათი გმირობა და გამძლეობა დღეს!

ქალების როლი პოლიტიკაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

რა სერვისების სრულყოფაა სახელმწიფოში საჭირო, რომ ქალი რეალიზებული გახდეს

და ბევრი სხვა რამ ქალთა თავდადებაზე და, რა თქმა უნდა, უკრაინის სოლიდარობაზე!

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკა გამახარია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის კოდი“ დედის დღეს, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება.

2021 წლის 3 დეკემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები