2021 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალი მაგიდის ფორმატში — „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები — ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მიზანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობაზე სამოქალაქო საზოგადოებასთნ დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქალთა ორგანიზაციებთან საკონსულტაციო პლატფორმების შექმნის და ამოქმედების მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილა, ყველა დარგობრივი სახელმწიფო სამინისტროს მიერ „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების“ საკითხების ირგვლივ ქალთა ორგანიზაციებთან უფრო აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის“ დაგეგმვის და შემუშავების პროცესში ქალთა ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ შორის, კონფლიქტით დაყოფილი საზოგადოებიდან (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) და მასში გენდერული განზომილების გათვალისწინებას, რაც უფრო სიცოცხლისუნარიანს და ქმედითს გახდიდა მას.
ფოტო ეკუთვნის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
2021 წლის 5 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების” საკითხებზე ღია კარის დღე გამართა. ღია კარის დღე ემსახურება გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელს და ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ზოლის სოფლებში მოქმედი, ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფების ლიდერებს - მარიკა მეგრელიძეს (ფახულანი-წყოუში) და ნონა ბუკიას (ხურჩა), და ახალგაზრდა აქტოვისტს - მარი ნარმანიას (ზუგდიდი).
2021 წლის 3 ნოემბერს, ქალთა ფონდის „სოხუმი”, თბილისის ოფისის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ საკითხებზე მომუშავე გენდერის თემატური ჯგუფის შეხვედრაში. გენდერული თემატური ჯგუფი აერთიანებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. მისი მიზანია საქართველოში „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის ხელშეწყობა და ჯგუფის ცალკეული წევრების მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება, შესაბამისი მოქმედებების და ინტერვენციების შემუშავება და დაგეგმვა.
შეხვედრაზე ფონდის „სოხუმი“ წარმომადგენელმა, თავის კოლეგებთან ერთად, ისაუბრა რეზოლუცია 1325, სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგებზე და ძირითად მიგნებებზე, სადაც ხაზი გაუსვა ისეთ გამოწვევებს და მათზე რეაგირების აუცილებლობას, როგორიცაა - გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავება და ამოქმედება;
2021 წლის 27 სექტემბერს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ინფორმაციის გაცვლის შეხვედრაზე. შეხვედრის განხილვის თემას წარმოადგენდა: გალის რაიონში მიმდინარე "რუსიფიკაციისპროცესი", გალის რაიონის ქვედა ზონაში მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლის შესაძლო აკრძალვის საკითხი და საქართველოს ხელისუფლების მიერ, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ხელშემწყობის მიზნით ინიცირებული ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების ეფექტიანობა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაცის საბჭოს“ და „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ გაერთიანებული შეხვედრა.
შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიის და მისი პირველი შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპის განხილვა წარმოადგენდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც თვალნათლივ იკვეთება შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში 2011 წლიდან დღემდე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, კოლეგებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ შესაბამისი მოქმედებების განსაზღვრის და ახალ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში მათი ასახვის აუცილებლობაზე. ასევე - შერიგების და ნდობის აღდგენის არსებული მექანიზმების უფრო მეტი ეფექტიანობისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსების გაზრდის საჭიროებაზე.
საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თემატურ ჯგუფებში ჩართვის სურვილი.
გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ 3-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების სემინარი.
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გეგმის ლოკალიზაცია და მასში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სემინარზე მონაწილეობა მიიღო ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.
2020-2021 წლებში წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაზე გაუფრთხილებლემა და დაუსაბუთებელმა უარმა მათ და მათ ოჯახებს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა - ასე იწყება ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევა. მოკვლევაში ნაჩვენებია ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“ სახელმწიფო მინისტრის აპარატთან საკონსულტაციო პლატფორმა შეიქმნა. ამ წარმატებაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მნიშვნელოვანია ფონდი „სოხუმის“ წვლილი.
2021 წლის, 24 მაისს, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო, ერგნეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ადგილობრივი არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები.
შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, ყურადღება გაამახვილა შერიგების სახელმწიფო მინისტრის მიერ დაანონსებული შერიგების მიმართულებით ექსპერტთა ჯგუფში გენდერული საკითხებში ექსპერტიზის მქონე ქალთა ორგანიზაციების ჩართვის, არჩეული ექსპერტების ვინაობის საზოგადოებისთვის გაცნობის და ჯგუფის მუშაობის მეტი გამჭვირვალობის, კონკრეტულ პროფილში პროფესიონალების (ეკონომიკა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ქალთა მიმართ ძალადობა, გენდრული თანასწორობა და ა.შ) საექსპერტო ჯგუფში ჩართვის აუცილებლობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის მორიგ სესიაზე.
შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, თუ როგორ მუშაობს ეუთო კონფლიქტის სრული ციკლის განმავლობაში ინკლუზიური და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.
ღონისძიება გახსნა პეტრა ტატერმან ადორფმა, ფონდი Kvinna till Kvinna-ს გენერალურმა მდივანმა (შვედეთი).
პანელური დისკუსიისას სიტყვით გამოვიდნენ: ლილიანა პალიხოვიჩი (ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში), ნინა პოტარსკაია (ეროვნული კოორდინატორი უკრაინიდან, ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის), იგო როგოვა (კოსოვოს ქალთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი) და ეკატერინე გამახარია (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი).