კანონპროექტების განხილვა ფონდ „სოხუმში“

  
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა მოამზადა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
28 ოქტომბერს ფონდ„სოხუმში“ ჩატარდა სამოქალაქო დებატები, სადაც აქტივისტი ქალბატონები გაეცნენ კანონპროექტებს. მათ აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა დეტალურად ფლობს ინფორმაციასადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ.
 
პროექტი ხორციელდება ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მხარდაჭერით 

შეხვედრები ფსიქოლოგთან

  
ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩატარდა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისის 5 კოლექტიურ ცენტრში 42 ქალბატონის მონაწილეობით (მათი ასაკი  23-დან 65 წლამდე). მათგან 4 პირველად ესწრებოდა მსგავს შეხვედრას. გაიმართა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაციები კონფლიქტური სიტუაციების საკითხებზე. შეხვედრების ძირითადი თემა იყო საუბარი ოჯახურ კრიზისებზე და მათი დაძლევის გზებზე.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ეს არის გულითადი საუბრების,  ფინჯანი ყავის ერთად დალევის და საჭირბოროტო პრობლემებისგან განტვირთვის შესაძლებლობა. ეს არის იმის შეხსენება, რომ ქალს აქვს უფლება, იფიქროს თავის სულიერ სიმშვიდეზე ოჯახის კეთილდღეობისათვის.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
BrotfürdieWelt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შემაჯამებელი მრგვალი მაგიდა

   
დასრულდა ფონდი „სოხუმის“ პროექტი  ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ (Nesehnuti) მხარდაჭერით.
აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა შემაჯამებელი მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ  ააიპ „ქალაქ ქუთისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ წარმომადგენლები, ბაღების ხელმძღვანელები, აღმზრდელები, საკრებულოს დეპუტატები, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ამომრჩეველ  ქალთა კლუბის წევრები.
შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტით შესრულებული აქტივობების შესახებ: ბაღებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები, შეხვედრები პარლამენტის დეპუტატთან - გუბაზ სანიკიძესთან და ქალაქის მერთან - შოთა მურღულიასთან, რადიო და ტელესიუჟეტები. მათ გაიგეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  მიერ შემუშავებული გენდერული პოლიტიკის შესახებ. გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები  ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით. 
შეკრებილების თქმით, ყოველი რეკომენდაცია, რომელსაც გაითვალისწინებენ  მომავალი წლის ბიუჯეტში, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

ოზურგეთი: საბჭოს შეხვედრა პედაგოგებთან

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო შეხვდა მუნიციპალიტეტის დეპუტატებს და იმ სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული პროექტი „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“.
პედაგოგებმა პროექტი დადებითად შეაფასეს. საუბარი შეეხო მის მნიშვნელობას. იმას, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, მიიღონ არაფორმალური განათლება გენდერისა და ძალადობის საკითხებში და გააქტიურდნენ.
სკოლების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანიის შესახებ, მათ  კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
ამავე დღეს გაიმართა შეხვედრა იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს 2016 წლის ბიუჯეტში საბჭოს მიერ შემუშავებული გენდერული საკითხების ინტეგრირებაზე. აღინიშნა, რომ წინა წელთან შედარებით ამ კუთხით მეტი მზაობაა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
 
    
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრები კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში

  
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა  ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე განხილული იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პრობლემები.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - ძირითადად, სოციალურ სამსახურში და ასევე გამგეობასა და მერიაში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები