შეხვედრა ჟურნალისტებთან ფონდ „სოხუმში“

  
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების დიდი ნაწილი აისახება ქუთაისის ახალ ბიუჯეტში, ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე დაინიშნა მრჩეველი გენდერულ საკითხებში - ამ და სხვა სიახლეებს გაეცნენ ფონდ „სოხუმში“ შეკრებილი ჟურნალისტები.
ქუთაისის მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფონდთან თანამშრომლობის შედეგად მათ სიუჟეტებსა და პუბლიკაციებში უფრო მეტად შუქდება გენდერული თემები, აქტუალური პრობლემები, წარმატებულ ქალთა ისტორიები. მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება  ამ კუთხით.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ისრაელში ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“ ფარგლებში

შეხვედრის თარიღი: 2015 წლის 10-13 ნოემბერი
შეხვედრის ადგილი: თელ-ავივი, სასტუმრო „სინეთი“
შეხვედრის მონაწილეები: 7-7 ქალი ორივე მხრიდან
შეხვედრის მიზანი: ისრაელის ქალთა ორგანიზაციების გამოცდილების გაცნობა - როგორ შევცვალოთ კონფლიქტის თანამდევი რეალობა: სიძულვილი და მტრობა და შევქმნათ ალტერნატივა, რომელიც რეგიონში მშვიდობის დამყარების იმედს იძლევა.
გაიმართა შეხვედრა ისრაელის ქალ-აქტივისტებთან, რომლებიც გაერთიანდნენ ქალთა მოძრაობაში მშვიდობისა და კონფლიქტის პრევენციისათვის: ასია ისტოშინა, ესტერ რაპოპორტი და ლანა ზიბერმანი.
შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ შემდეგ საკითხებს: ძალადობა, დაუცველობის შეგრძნება, საომარი მოქმედებების განახლების და ტერაქტების შიში, მაგრამ ამავე დროს, მზადყოფნა - მთელი ძალისხმევა გააერთიანონ ოკუპაციის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობისათვის.
ჰაიფაში ქართულ-აფხაზური ჯგუფის წევრები შეხვდნენ აფხაზეთის ყოფილ მცხოვრებლებს. ეს იყო შესაძლებლობა, პრობლემისთვის მათი თვალით შეეხედათ.
შეხვედრა სასარგებლო იყო გამოცდილების მიღების კუთხით - ისრაელელ ქალთა მიდგომა, მეთოდები და მოტივაცია, გააერთიანონ სამოქალაქო საზოგადოება ყვეყნის მშვიდობიანი მომავლისათვის. 
 
პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

პროექტის პრეზენტაცია ბათუმში

  
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ გამართა პროექტის „სკოლამდელი განათლების სერვისის ხელშეწყობის“  პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის მერიის მიერ და ემსახურება აღსაზრდელების მშობლებთან საბავშვო ბაღების თანამშრომელთა მუშაობის გაძლიერებას, ფსიქოლოგიური, სანიტარული და სხვა საკითხების გადაწყვეტას, აღსაზრდელთა შემოქმედებითი უნარების და გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, სემინარები, საკონსულტაციო შეხვედრები. მოეწყობა „ეკო კუთხე“ და ფუნქციონირებას დაიწყებს მშობელთა კლუბი, რომელიც ხელს შეუწყობს მშობელთა მაქსიმალურ ჩართულობას სკოლამდელი განათლების პროცესში.
პრეზენტაციის ფარგლებში გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი საზოგადოებრივი განვითარების აკადემიას,  ბათუმის ბაღების გაერთიანებასა და ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს შორის, რომლის მიზანიცაა თანამშრომლობა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, განსაკუთრებით, სკოლამდელი და არაფორმალური განათლების სფეროში.
პროექტს დადებითი შეფასება მისცეს ბათუმის სკოლამდელი დაწესებულებების ხელძღვანელებმა.   

ჩეხი პარტნიორების ვიზიტი ფონდ „სოხუმში“

   
ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა“ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. მისი დახმარებით ფონდმა არაერთი პროექტი განახორციელა. მოეწყო თანამშრომლების ვიზიტი ჩეხეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, სტაჟირების პროგრამები არასამთავრობო სექტორში.
ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ახლახან დასრულდა პროექტი „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან  მიმართებაში“.
10  ნოემბერს ფონდ „სოხუმში“ ჩამობრძანდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელები იარომირ ნემეცი, ირენა მარკოვა და მილან შტეფანეცი.
შეხვედრაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები. იყო საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ ხარდაჭერით 

დაიწყო სამზადისი 16-დღიანი კამპანიისთვის

  
ფონდ „სოხუმში“ დაიწყო სამზადისი 16-დღიანი კამპანიისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
4 ნოემბერს გაიმართა გაფართოებული კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ხელმძღვანელები, ასისტენტები, იურისტები, ფსიქოლოგები და ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები.
შეკრებილებმა განიხილეს კამპანიის ჩატარების გეგმა, აქტივობები, შეიტანეს შესწორებები, გამოთქვეს იდეები და ინიციატივები.
გეგმის მიხედვით, გაწერილია 100-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობს ფონდი „სოხუმის“ ყველა რგოლი.
ერთიანი ძალისხმევით, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კიდევ ერთხელ ჩატარდება მძლავრი საინფორმაციო კამპანია ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დაცვის მიზნით.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები