ეკოგაკვეთილები ბათუმის საბავშვო ბაღებში

   
ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის  - „სკოლამდელი განათლების სერვისის მხარდაჭერა“ - ფარგლებში ბათუმის   სამიზნე საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებთან  შემეცნებითი და საინტერესო ეკოგაკვეთილები  ტარდება.  წყლის მნიშვნელობა, წელიწადის დროები, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი კატაკლიზმები - მარტივად და სახალისოდ მიწოდებული მასალა  ბუნებასთან ბავშვების ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. აღსაზრდელები  და მათი მშობლები ინტერესით ერთვებიან ამ საქმიანობაში. ბაღები მალე საკუთარ ეკოკუთხესაც მოაწყობენ.

მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში

  
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც გაიმართა თბილისში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მუშაობის შეჯამების მიზნით.
ორგანიზაციამ მოამზადა პროექტები კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რათა უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება.
კანონპროექტები წარდგენილია და იხილება საქართველოს პარლამენტში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ქუთაისსა და წყალტუბოში

    
 
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მიუძღვნეს ღონისძიებები ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა.
ერთი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის ბენეფიციართა დღის ცენტრ „ვალენტინში“, მეორე - წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში. შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ. მათ მიიღეს პასუხები სხვადასხვა კითხვაზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა სენაკში

 
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სენაკში, სასტუმრო „ეგრისის“ კოლექტიურ ცენტრში. დევნილები მადლიერები არიან, რომ ეს შენობა დაუკანონდათ, მაგრამ უკმაყოფილობას გამოხატავენ იმის გამო, რომ არ არის შემოყვანილი გაზი... ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლის დახმარებით მათ მოამზადეს წერილი, რომელსაც შესაბამის უწყებას გაუგზავნიან.
შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის“ ფარგლებში. ამიტომაც შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის და მისი მნიშვნელობის შესახებ.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საბჭო კამპანიაში ჩაერთო

   
ქუთაისის გენდერული სკონსულტაციო საბჭო აქტიურად ჩაერთო 16-დღიან კამპანიაში. 25 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ირმა პეტრიაშვილმა საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კამპანიის შესახებ. საკრებულოს წევრებმა  ძალადობის მიმართ პროტესტი გამოხატეს.
27 ნოემბერს გენდერული საბჭოს გეგმიური სხდომა კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი ინფორმაციებით დაიწყო. საბჭოს წევრების ინიციატივით ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ლექტორებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან.  
- როგორ აისახა გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ ბიუჯეტში -  გენდერული საბჭოს წევრებმა ამ საკითხზე დისკუსია გამართეს. იმავე დღეს შეხვედრა მოეწყო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ზვიად ჯავახიასთან. მისი განმარტებით, 2016 წლის ქუთაისის ბიუჯეტი ნამდვილად იქნება გენდერულად სენსიტიური და მასში გენდერული საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჰპოვებს ასახვას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები