„ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების განვითარება მოქალაქეთათვის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით“ – ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
პროექტის კურატორი ორგანიზაციის „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ასისტენტმა თამარ მოსეშვილმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ „ელექტრონულ მენეჯერზე“. მეორე პარტნიორი ორგანიზაციის - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მონაწილე სტეიქჰოლდერებმა კი ისაუბრეს მოქალაქეთათვის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი განვითარების მნიშვნელობაზე.
სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების მონაწილეობით ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდა ჩაატარა აქტუალურ თემაზე „გენდერული თანასწორობის საბჭოს როლის და ფუნქციების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვის საკითხში“.
შეხვედრაზე განხილული იყო სტრატეგია და სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც მეტ ეფექტს შესძენს გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2022 წლის გეგმის განხორციელებისათვის არსებული რესურსების დაგეგმვაზე, პასუხისმგებელი რგოლების მაქსიმალურ ჩართვასა და შესრულებაზე.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს როლის და ფუნქციების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვის პროცესში“ - ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა ხონის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების, ადგილობრივი ა(ა)იპების წარმომადგენლების, თვითმმართველობის პერსონალის და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით.
მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საბჭოს რეორგანიზაციის, თემატური ჯგუფების შექმნის და მათი სტრატეგიის შერჩევის, მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული ადგილობრივი პროგრამების ინიცირების კუთხით. მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საკითხი - როგორ უნდა მოხდეს გეგმაში გათვალისწინებული საკითხების საბიუჯეტო მხარდაჭერა და გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი რგოლების მაქსიმალური ჩართვა.