შეხვედრები (638)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
- რამდენად მაღალია მოქალაქეების დაინტერესება აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესების მიმართ, რა გავლენას ახდენს ქართულ მოსახლეობაზე, რამდენად მაღალია კონფლიქტის განვითარების რისკები, ინფორმაციის რა წყაროებს იყენებს მოსახლეობა და რამდენად ენდობა მედიასაშუალებებს, როგორია დევნილი, ადგილობრივი და კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - ინფორმაციები ყოველკვირეულად გროვდება საველე მონიტორების მიერ და სისტემატიურად მიმდინარეობს ინფორმაციის შევსება და განახლება.
მიღებული მასალების სისტემატიზაციის შემდეგ მონაცემთა ანალიზი ხდება კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებული სისტემის გამოყენებით.
17 ივლისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმისა“ და 1325 ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, როგორ სრულდება გეგმა, რა შედეგები იქნა მიღწეული და როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. გამოიყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი - ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების, გენდერული ბიუჯეტის პროგრამით გაწერილი ღონისძიებების დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებთან ერთად განისაზღვრა საკითხები, რომლებშიც მნიშვნელოვანია ერთობლივი საქმიანობა. პირველ რიგში, ეს არის იგპ თემის ინტეგრაცია და მისი მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, გენდერული განათლების ხელშეწყობა.
დასრულდა პოლიმერული თიხის სწავლების გაკვეთილები ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში, რომელიც განხორციელდა პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.
პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო. მონაწილეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მთელი საპროექტო პერიოდის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, მოკლედ ისაუბრეს თავიანთ პერსონაზე, იმ დადებით შედეგებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებიც დაუგროვდათ მუშაობის პერიოდში, როგორც პროფესიული განვითარების, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით.
- როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული პოლიტიკა, მუნიციპალური პროგრამები რამდენად უწყობს ხელს ძალადობის პრევენციას, რა პროგრამები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მხარდასაჭერად. რა ფორმით ხდება კოორდინაცია რეფერირების სხვა სუბიექტებთან - ამ და სხვა საკითხებზე ჩატარდა გამოკითხვა ხონის, სამტრედიის, ლანჩხუთის, სენაკის მუნიციპალიტეტებში.
ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით სულ 16 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა ჩატარდა კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში.
20-21 ივნისს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში - ფახულანსა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებში მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები.
შეხვედრების ორგანიზება მოხდა ფონდი „სოხუმის“ მონაწილეობით.
რა გამოწვევების წინაშე დგას ადგილობრივი მოსახლეობა, როგორ შეიძლება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გამოყენება, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი ადგილობრივ სამოქალაქო აქტორებსა და ხელისუფლებას შორის - შეხვედრებზე არაერთი აქტუალური საკითხი იქნა განხილული.
ფონდ „სოხუმში“ ხორციელდება პარტნიორული პროექტი „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ - პოლონეთის ორგანიზაციის HumanDoc foundation-ის მხარდაჭერით.
მაისში დაიწყო პროფესიული კურსები სამი მიმართულებით: პოლიმერული თიხის ნაკეთობების დამზადება, ჭრა-კერვის და საბუღალტრო აღრიცხვის სწავლება. ქალები და გოგონები ეუფლებიან ახალ პროფესიებს, რაც მომავალში დაეხმარება მათ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
- როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციაში, რა პროგრამები მუშაობს მსხვერპლთა მხარდასაჭერად - ამ საკითხებზე გაიმართა ფოკუს-ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები ქუთაისის, თერჯოლის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მიზანია კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერ კიდევ ვერ უწევს ქმედით დახმარებას ძალადობის მსხვერპლს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა მონაწილეობის გაძლიერება“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს, ზუგდიდისა და წალენჯიხის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფების წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, არსებული მიღწევები და გამოწვევები, იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიებზე.





მაისში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა პედაგოგებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტზე„ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“.
პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირების და რეფერირების საკითხებზე მოამზადებს 50 პედაგოგს, 40 სამედიცინო მუშაკს და 50 პოლიციელს.
პედაგოგებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა შეავსეს ტრენინგის მონაწილის შესარჩევი ანკეტები და გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.