ხონის საინიციატივო ჯგუფებთან ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები.
ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ისინი გმობენ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და იმსჯელეს, რა ღონისძიებებს ჩაატარებენ კამპანიის ფარგლებში.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი აქტიურად განიხილეს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუს და ონლაინ ანკეტირების ჩატარების ტექნიკური მხარეები. ორივე ჯგუფის წევრებს აქვთ მსგავსი კვლევის ჩატარების გამოცდილება. შეხვედრებზე მათ გააანალიზეს გამოწვევები, რომელთაც წააწყდნენ წინა კვლევის პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით ისინი დეკემბერში შეუდგებიან კვლევით მუშაობას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სოფელ ინგირში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებაში არის საბავშვო ბაღი „წითელქუდა“, სადაც დადიან დევნილი და ადგილობრივი ბავშვები.
ბაღი 1997 წლიდან ფუნქციონირებს, არის ნაქირავებ არასტანდარტულ ორსართულიან შენობაში და ვერ აკმაყოფილებს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების საჭიროებას სკოლამდელი სერვისის მიღების კუთხით.
ადვოკატირების ჯგუფმა შეაგროვა ხელმოწერები და მერიაში შეიტანა წერილი თხოვნით, მოხდეს 150 ოჯახის აღსაზრდელთა დაკმაყოფილება სათანადო ინფრასტრუქტურით. ჯგუფის წევრები დაესწრნენ ბიუჯეტის განხილვას და მერიისგან მიიღეს უკუკავშირი მათ მიერ დაყენებულ საკითხზე.
პარალელურად ადვოკატირების ჯგუფს შექმნილი აქვს არაფორმალური სივრცე, სადაც ბაღის პედაგოგები, ფსიქოლოგები ხვდებიან მშობლებს და იმართება საინტერესო დისკუსიები სააღმზრდელო პროცესთან მიმართებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მომდევნო კვლევის ჩასატარებლად ემზადებიან. შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ იმსჯელეს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუს ჩატარების ტექნიკურ მხარეზე. განსაზღვრეს ონლაინ გამოკითხვასთან დაკავშირებული რისკები.
ჯგუფის წევრებს აქვთ კვლევის ჩატარების პრაქტიკა. გარდა ამისა, გაიარეს თემატური ტრენინგი ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების უნარ-ჩვევებზე. ეს გამოცდილება დაეხმარება მათ პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.
წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბების წევრებმა მორიგ შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზე იმსჯელეს. მათი მოსაზრებით, 16-დღიანი კამპანია კარგი შესაძლებლობაა ძალადობის მიმართ პროტესტის გამოსახატად, ორივე ახალგაზრდული კლუბი საერთაშორისო კამპანიას რამდენიმე აქტივობით შეუერთდება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე მონაწილეებმა ფოკუს-ჯგუფების და ინტერვიუების პროცესის ძირითად დეტალებზე ისაუბრეს. ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება: რა არის მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაციის მისაღებად, რა უნდა გაითვალისწინონ რესპონდენტების შერჩევისას. ჯგუფის წევრები მომავალი თვიდან კვლევაში ჩაერთვებიან და მსგავსი კონსულტაციები კვლევის პროცესზე პოზიტიურად იმოქმედებს.
სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზე იმსჯელეს და საერთო მოსაზრებებზე შეჯერდნენ. ვიდეომიმართვები, აქციები, ქუჩის გამოკითხვები - ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო პროტესტს სენაკელი ახალგაზრდები რამდენიმე აქტივობით შეუერთდებიან.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის აქტივისტები ზუგდიდში, ბარამიას 7-ში განსახლებულ დევნილთა და ადგილობრივი თემის საჭიროების მოგვარებას ცდილობენ: მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე მოქალაქეები არ არიან უზრუნველყოფილი მგზავრების მოსაცდელით, რაც დისკომფორტს უქმნის, პირველ რიგში, ქალებს (რომელთა მხრებზეა ოჯახზე ზრუნვის პოლიტიკა - ოჯახისთვის საჭირო საყიდლებზე, აფთიაქში წასვლა, ბავშვების სკოლაში ტარება და ა.შ.), მოსწავლეებს, შშმ პირებს, ხანდაზმულებს.
გაიმართა შეხვედრა მერთან, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელთან, ინფრასტრუქტურულ სამსახურში. შეგროვდა ხელმოწერები და მერიაში შეტანილ იქნა შესაბამისი წერილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საქმიანობა, მიმართული დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების მხარდაჭერისკენ: აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის (ზუგდიდში) ადმინისტრაციასთან, პედკოლექტივთან, აღსაზრდელებთან თანამშრომლობით გაჩნდა მზაობა, სკოლის ბაზაზე მოეწყოს ახალგაზრდული სივრცე, რათა მოზარდებმა არაფორმალურ გარემოში ჩაატარონ საინტერესო შეხვედრები, დისკუსიები, იფიქრონ სამეწარმეო უნარების განვითარებაზე.
პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ აქტივისტის, მარიამ ნარმანიას ხელმძღვანელობით ჩატარდა შეხვედრები თემებზე: „ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები“, „ქალთა უფლებები“. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით საინტერესო დისკუსიებიც გაიმართა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. კიდევ ერთხელ მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების საჭიროებათა კვლევის მიგნებების განხილვა და შეირჩა კონკრეტული პრობლემები, რომელთა ადვოკატირების ერთთვიანი კამპანიებიც ჩატარდება.
ადვოკატირების კამპანიას 7 ჯგუფი ჩაატარებს:- კოალიციის წევრი ორგანიზაციები და ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელთა ადვოკატირებაც იწყება, არის ახალგაზრდული სივრცის შექმნა გამყოფი ხაზის თემში, სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილთა ახალი განსახლების ადგილას, წყალმომარაგების, ამბუალატორიაში ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მუნიციპალური ღონისძიებების საკითხები.
ადვოკატირების ჯგუფებმა უკვე დაიწყეს კამპანიის მოსამზადებელი სამუშაოები და საჭირო ინფორმაციის მოძიება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი - ასოციაცია „მერკური“ (ზუგდიდი). ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ოჯახში ძალადობით დაზარალებულებისთვის სერვისების მიწოდების საკითხის გაუმჯობესებას უწევს ადვოკატირებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამები. 2022 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში ამ საკითხზეც მოხდა კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან დიალოგი. ადვოკატირების ჯგუფის წევრები აგრძელებენ საფინანსო, იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციებს.
შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დანერგავს კიდევ ერთ ინოვაციას - აუთსორსინგის მეთოდის გამოყენება დაზარალებულებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. მოქალაქეთა ინფორმირების გარდა, ამ შეხვედრებზე ოჯახური ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და შემდეგ მათზე რეაგირება ხდება.
ნოემბერში ქობულეთის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის და სამტრედიის ცენტრების მობილიზატორებმა იდენტიფიცირებული პრობლემები ფსიქოლოგს და იურისტს გადასცეს რეაგირებისთვის.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები სხვადასხვა თემში არსებული პრობლემების ადვოკატირებასაც ახდენენ, პროცესში თემის აქტივისტებიც არიან ჩართულები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მონიტორინგის ჯგუფმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე დაიწყო მუშაობა - ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამების დანერგვის საკითხზე მოსახლეობის განწყობების და დამოკიდებულებების შესწავლა.
კვლევის შედეგად გამოვლინდება, საზოგადოებაში რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა, რაც გულისხმობს მოძალადის მიერ ძალადობრივი ქცევის შეცვლისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების პროგრამას, რომლის მიზანია, აღარ განმეორდეს ძალადობა და დაცული იყოს მსხვერპლის უსაფრთხოება. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდება ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები და რაოდენობრივი კვლევა.
ჯგუფის მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა, დაიწყო ანკეტირების პროცესი, ჩატარდა ოთხი ფოკუს-ჯგუფი და ორი ინტერვიუ. თვისებრივი კვლევის პირველი მონაცემებით იკვეთება, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვნად მიაჩნია ასეთი პროგრამა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)