ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის და კოკი/ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა ჯგუფის შეხვედრებზე განიხილეს პრობლემები, რომლებიც მუნიციპალიტეტში გენდერული საჭიროებების შეფასების კუთხით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა. ქალთა ჯგუფებმა ყველაზე აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელებენ.
სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მთავარი საკითხი საპროექტო განაცხადის დახვეწა იყო. ახალგაზრდებმა ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლეს, როგორ შეიძლება საინტერესო იდეა პროექტად გადააქციო. უკვე შედეგიც არის: მოამზადეს ორი პროექტი, რომელსაც მალე განიხილავს სპეციალური კომისია.
ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დათა კუკავა. მან ისაუბრა მუნიციპალურ პროგრამებზე. აღნიშნა, რომ თვითმმართველობა თემში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას აპირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, დეპუტატმა ყურადღებით მოისმინა ქალების მიერ დასმული პრობლემები და მზად არის, ჯგუფს დაეხმაროს პრობლემათა ადვკატირების პროცესში.
საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ლიაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში. ჯგუფის წევრებმა აქტიურად იმუშავეს საპროექტო განაცხადის მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე და მოამზადეს ორი პროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც წარსდგება კომისიის წინაშე. დაფინანსების შემდეგ ახალგაზრდები პროექტის განხორციელებას შეუდგებიან.
ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის სამმა წევრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ტრენინგზე, რომელიც პროექტების წერას ეძღვნებოდა. შემდეგ მათ ჯგუფის დანარჩენ წევრებს გაუზიარეს მიღებული ცოდნა და ინფორმაციები.
ჯგუფმა აქტიურად იმუშავა ორ პროექტზე, რომელიც საკონკურსო კომისიას უახლოეს მომავალში უნდა წარუდგინონ დასაფინანსებლად. ეს მათი პირველი გამოცდილებაა და ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ჩატარდა. მათ დაასახელეს ქალაქში არსებული აქტუალური პრობლემები, მათგან ყველაზე პრიორიტეტული შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმა შეიმუშავეს. ჯგუფი შეეცდება პრობლემის მოგვარებას და ეს ჯგუფის წევრებს მეტი მუშაობის მოტივაციას მისცემს.
როგორც წინა თვეებში, ხონში ივლისშიც სამი შეხვედრა ჩატარდა - ერთი ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში და ორიც - ქალთა ჯგუფებში.
ახალგაზრდებმა აქტიურად იმუშავეს პროექტებზე, იმსჯელეს გათვალისწინებულ აქტივობებზე, განიხილეს და დახვეწეს ყველა დეტალი, რათა საკონკურსო კომისიას წარუდგინონ დასაფინანსებლად.
ქალთა საინიციატივო ჯგუფებში ქალებმა ისაუბრეს უამრავ პრობლემაზე, რომელთა მოგვარება უნდათ, თუმცა ხელი არ მიუწვდებათ. ბოლოს მათთვის პრიორიტეტული საკითხები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმაც გაწერეს.
პრესკონფერენცია ჩატარდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა მოწვეულ ჟურნალისტებს წარუდგინა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მოქალაქეთა ადგილობრივი საჭიროებების მეორე კვლევის შედეგები და ანალიზი. კვლევა მიზნად ისახავდა საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის, ელექტრონული მომსახურების გამოყენების ხარისხის ანალიზსა და მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის რეფორმის კონკრეტული შედეგების და გამოწვევების განსაზღვრას.
პრესკონფერენციას ესწრებოდა 24 ჟურნალისტი და მედიაში გაშუქდა განხილული საკითხები.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მინიპროექტების შედეგები შეაჯამეს ვანის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. ასევე განიხილეს რეკომენდაციები, რომლებიც შეიმუშავეს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საჯარო მმართველობის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციის მიზნით - ეს, ძირითადად, ეხება მოქალაქეთა და მერიის წარმომადგენელთა უნარების ამაღლებას ელექტრონული სერვისების გამოყენების კუთხით.
შეხვედრაზე გამოიყო ის აქტივობები, რომლებიც ჯგუფმა პროექტის დასრულებამდე უნდა შეასრულოს და მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.
დებატები ცაგერში, COVID-19 ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ Zoom-ფორმატში ჩატარდა მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით. შეხვედრაზე მონაწილეებს - საკრებულოსა და მერიის, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს - შესაძლებლობა ჰქონდათ, მუნიციპალიტეტში ჩატარებული საჭიროებების კვლევა და მცირე პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები მოესმინათ. საინტერესო იყო ხონისა და წყალტუბოს წარმატებული მაგალითების გაზიარება პეტიციასა და სამოქალაქო ბიუჯეტირების თემაზე.
დამსწრეთა მხრიდან იყო დიდი ინტერესი, რაც აქტიური ჩართვით და რეკომენდაციებით გამოიხატა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
თერჯოლის დებატებმა გაამართლა ფორუმის მთავარი მისია: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრები სწავლობენ ერთმანეთისგან და საუკეთესო პრაქტიკებს გადასცემენ ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში.
ჯერ იყო თერჯოლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დაიგეგმა და განისაზღვრა დებატების ჩატარება.
22 ივლისს კი ონლაინ დებატები ჩატარდა: საინტერესო, აქტიური, შინაარსიანი, კონკრეტული მაგალითებით და შედეგებით...
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე სტუმრები წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტებიდან.
ოზურგეთში გამართულ დებატებზე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, პედაგოგებმა, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო სფეროსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა. განხილულ იქნა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მესამე მონიტორინგის და მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის შედეგები. ეს მუშაობა ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ -
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ ერთად.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჭიროებების კვლევის შედეგებს, გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებს.
დაჩი გონიერი და საქმიანი კაცია. წელს, აპრილის დასაწყისში დაიბადა. დედასთან ერთად ხშირად „მუშაობს“. დაბადებამდეც ეხმარებოდა. ასე რომ - ბაღდათელები დაჩი ფურცელაძეს უნდა უმადლოდნენ სერიოზული დოკუმენტების მომზადებას.
ვისაც ხუმრობა გგონიათ, ვერ დაგეთანხმებით. იმიტომ რომ დაჩი მართლა მუშაობს დედასთან ერთად. დაჩის დედიკო ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი ქალია. სკოლა დიმში დაასრულა, მერე კი წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სამაგისტრო პროგრამა.
ბაღდათში ჩვენი პროექტის განხორციელება რომ დაიწყო, სამუშაო ჯგუფში საკრებულოს წევრები მოიწვიეს. ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს გურამ კიკნაველიძე - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მეორე წევრი გვანცა გრძელიძეა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოკლედ, ორივე საჭირო ადამიანია - ჯგუფს საკუთარი ლობისტები ჰყავს ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებში. ამიტომაც ბაღდათის სამუშაო ჯგუფი აქტიურობით გამოირჩევა და საჯარო მმართველობის რეფორმასაც წარმატებით ახორციელებს.