„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები და მათი ინტეგრირების მნიშვნელობა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას. საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები წარედგინება ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ხელს შეუწყობს ქალებსა და ადგილობრივ პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულფასოვან წინასაარჩევნო კომუნიკაციას და გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკუთარ ამომრჩეველთა საჭიროებებზე შესაბამის უკუკავშირს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
მორიგ შეხვედრაზე ვანის სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა მუშაობის შედეგები და გამოყო ის აქტივობები, რომლებიც პროექტის დასრულებამდე უნდა შესრულდეს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, როგორ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მოდერნიზაცია, რა სიტუაციაა მისი განახლების კუთხით. დაიგეგმა შეხვედრა სხვადასხვა სამსახურის და განყოფილების ხელმძღვანელებთან, რათა მათ დროულად გადასცენ საჭირო ინფორმაცია საიტზე განსათავსებლად.
ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე, მის პუნქტებსა და ფორმაზე. გადაწყდა, რომ დოკუმენტის შექმნის პროცესში ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
თერჯოლის სამუშაო ჯგუფმა პროექტის მიმდინარეობისას არაერთი ინიციატივა გამოიჩინა და განახორციელა. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე კიდევ ერთი აქტუალური საკითხი განიხილეს - ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირება, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქტიურად ინერგება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩატარდება იდეების კონკურსი, მისი დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროექტის წერასთან დაკავშირებით.
პროექტების განხილვა დაიწყება სექტემბრის ბოლოს.
***
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ლანჩხუთის სამუშაო ჯგუფმა პროექტის ფარგლებში დიდი გამოცდილება მიიღო და ბევრი სასიკეთო საქმეც გააკეთა მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების გასაუმჯობესებლად.
ახლა სამუშაო ჯგუფი ანტიკორუფციულ გეგმაზე მუშაობს. ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა და ისაუბრეს, რა ეტაპებია საჭირო მისი განხორციელებისათვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ბაღდათის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაეთმო ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვარიანტის განხილვას. ეს დოკუმენტი პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობის“ მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა. დებულება საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივია, მასში ანტიკორუფციული ხედვა რვა სხვადასხვა მიმართულებით არის გადმოცემული. ანტიკორუფციული დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს დოკუმენტმა, რომ სექტემბერში დამტკიცდეს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
სამი შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
კოკი/ხურჩის ჯგუფთან შეხვედრაზე დაისვა საკითხი: კოკის თემში ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენებისა და გართობის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ჯგუფმა შეიმუშავა და დაამტკიცა ადვოკატირების გეგმა და სექტემბერში დაიწყებს აქტიურ კამპანიას ამ კუთხით.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირებიის კამპანიის შედეგად დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის დასუფთავება გადაწყვიტა სარეველა მცენარეებისა და ეკალ-ბარდებისგან. შეხვედრაც ამ საკითხს მიეძღვნა.
მესამე შეხვედრა გაიმართა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან. მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ ქვეგრანტის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტზე ისაუბრეს. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების მხარდაჭერით წყალტუბოში ორი პროექტი დაფინანსდა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იწყებენ ამ მიმართულებით მუშაობას. პროექტები, რომლის რეალიზებასაც ახალგაზრდები გეგმავენ, მიზნად ისახავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდული ჯგუფების გააქტიურებას, მათ ინფორმირებულობას ეკოლოგიურ საკითხებზე, თვითმმართველობის პროგრამებზე და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირებას იწყებს პრობლემაზე: მოსახლეობის არაინფორმირებულობა ადგილობრივ პროგრამებზე. საერთო განხილვის შემდეგ დამტკიცდა ადვოკატირების გეგმა. სექტემბრიდან ადვოკატირებით განსაზღვრული აქტივობები დაიწყება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
საინფორმაციო შეხვედრა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ჩატარდა. ფახულანის თემში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა იმის გამო, რომ არ არის მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საკითხი. შეხვედრაზე ჯგუფმა შეიმუშავა პრობლემის ადვოკატირების გეგმა და სექტემბერში დაიწყება დაგეგმილი აქტივობები.
ქვეგრანტების მხარდაჭერით ფონდმა „სოხუმმა“ დააფინანსა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების, მათი მშობლების და მთლიანად ლიის თემის მცხოვრებთა ინფორმირებულობას და ჩართულობას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. შეიქმნება ეკოკლუბი და ჯგუფი დაიწყებს მუშაობას საპროექტო აქტივობებზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის საქმიანობაში საინტერესო სიახლეებია, ჯგუფის წევრები ახალი პროექტით ახალგაზრდებთან ინტერაქციას შეეცდებიან. პროექტი სხვადასხვა აქტივობით არის დატვირთული. ახალგაზრდები საკუთარი გზავნილით საზოგადოებას თავიანთ ინტერესებზე მოუყვებიან.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი „სამხედრო დასახლებაში“ ყველაზე აქტუალური პრობლემის ადვოკატირებას შეეცდება - პრობლემა გზაჯვარედინზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებაა. მის ადვოკატირებას ჯგუფის წევრები თვითმმართველობასთან ერთად ცენტრალურ დონეზე შეეცდებიან.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქუთაისის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს პროექტის განხორციელების პერიოდი დაუდგა - ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის საბოლოო ვარიანტს, დაგეგმეს აქტივობები და შეიმუშავეს სამუშაო ეტაპები. თითოეული მონაწილე განსაკუთრებით აქტიურობდა, რადგან ჯგუფის წევრების სურვილია, წარმატებით შეასრულონ თავიანთი შემუშავებული პროექტი.
ონლაინ, მაგრამ აქტიურად წარიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაც. მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების გეგმები, განცხადება/წერილის მომზადების წესები, ადრესატები. ისინი ახლო მომავალში შეუდგებიან პრობლემების ადვოკატირების პროცესს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით