„ვანი - XII საუკუნე“ - სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაცია ვანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა ფონდი „სოხუმის“ ხელშეწყობით და ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე განახორციელა მცირე საგრანტო პროექტი „ინფორმირებული სოფლის მოსახლეობა“.

შედეგი თვალსაჩინოა: ვანის, ზედა ვანის, ჭყვიშის და ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებთა გარკვეულ ჯგუფებს ინფორმაცია მიეწოდა საჯარო მმართველობის რეფორმაზე, ელექტრონული სერვისების გამოყენების მნიშვნელობაზე.

პროექტის მონაწილეები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ძირითად მიმართულებებს. მათ საშუალება აქვთ, საჭირო შემთხვევაში ითანამშრომლონ თვითმმართველობასთან, მიიღონ და მიაწოდონ ინფორმაციები, ჩაერთონ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო, კრეატიული, დროული...

მონაწილეთა შეფასებით, ასეთი იყო ტრენინგი, რომელზეც კომუნიკაციისა და პიარის მეთოდებსა და ცნობადობის გაზრდაზე ისაუბრეს ტრენერებმა 8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ონლაინ ფორმატის მიუხედავად, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში. მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პრაქტიკული მაგალითების ფონზე გადმოცემული ინფორმაციები აქტუალურ საკითხებზე: სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ეფექტიანი საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა, ვებგვერდის და სოციალური მედიის მართვა.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონის სამუშაო ჯგუფი აქტიურად მოქმედებს თავისი გეგმის მიხედვით. მორიგ  ონლაინ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი საკითხები. ითქვა, რომ შესრულდა კიდევ ერთი რეკომენდაცია: საკრებულომ დაადგინა მოქალაქეთა მიღების კონკრეტული დღეები - კვირაში 2 დღე, რაც აქამდე არ არსებობდა. ეს ბრძანება მოცემულია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ეთიკის კოდექსზე. აღინიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტი ეთიკის კოდექსს მიიღებს მუდმივმოქმედი დადგენილების და არა ერთჯერადი განკარგულების საფუძველზე. მორიგ შეხვედრამდე ჯგუფის წევრები აქტიურ საკონსულტაციო რეჟიმში მუშაობენ.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

რიგით მეთორმეტე, ბოლო ფორუმი ონლაინ ფორმატში ჩატარდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებმა შეაჯამეს განხორციელებული პროექტები, გამოიკვეთა შედეგები, ცვლილებები და გავლენა საზოგადოებაზე. 

ანტიკორუფციული გეგმის შექმნა, ქალთა საჭიროებების შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, შშმ პირების საჭიროებების შესწავლა, გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საჯარო მოხელეების და გენდერული საბჭოს წევრების გადამზადება, საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსის შემუშავება და დამტკიცება, გენდერული ბიუჯეტისა და სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვა, ვებგვერდის განახლება, ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის შექმნა და ამოქმედება - ეს არის საგრანტო პროექტების შედეგების ნაწილი 8 მუნიციპალიტეტში.

სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივმა ორგანიზაციებმა უკვე თქვეს თავიანთი სათქმელი საჯარო რეფორმის განხორციელების კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ყველაფერი ასე დაიწყო:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩვენა პარტნიორმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მცირე პროექტების განხორციელების დროს შექმნეს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი. ფონდი „სოხუმის“ ხელშეწყობით ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და ეწოდა „სოლიდარობა-XXI“.

შემდეგ ახალმა ორგანიზაციამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა საგრანტო კონკურსში და კომისიამ მოიწონა მისი მცირე პროექტი „იცოდე შენი უფლებები უკეთესი მომავლისთვის“.

ახალგაზრდებმა დაიწყეს პროექტის აქტივობები: მრავალშვილიანი დედების, მარტოხელა მშობლების და ახალგაზრდების ინფორმირება საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე.

სამთვიანი (10 მაისი - 10 აგვისტო) პროექტის შედეგი ასეთია: საინფორმაციო შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას თავიანთ თემში. გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის დონე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ოზურგეთი, ლანჩხუთი, ცაგერი, ამბროლაური, თერჯოლა, ვანი, ბაღდათი, ხონი - გადაცემა ამ რვა მუნიციპალიტეტზე მოგვითხრობს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურობაზე.

როგორ მიმდინარეობს საჯარო მმართველობის რეფორმა 8 მუნიციპალიტეტში? რა სიახლეებია ადგილობრივ თვითმმართველობაში ელექტრონული მომსახურების დანერგვის კუთხით? როგორია მიღწეული შედეგები და რა გამოწვევებია კიდევ?

ამ შეკითხვებზეა გაცემული პასუხი ტელეგადაცემაში, რომელიც მეწარმე ქალთა ფონდმა მოამზადა. გადაცემაში მონაწილეობენ ფონდი „სოხუმის“, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, მეწარმე ქალთა ფონდის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციას“. გამოყენებულ იქნა ვიდეორგოლი-ინსტრუქცია, რომელიც ონლაინ აპლიკაციით სარგებლობის დეტალებს აცნობს.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ თვალყურს მიადევნებენ აპლიკაციის განახლებას და აუცილებლად გამოიყენებენ მას.  ამასთანავე - მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებენ მეგობრებს, ახლობლებს და დაეხმარებიან ოჯახის უფროს წევრებს აპლიკაციის გამოყენებაში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

  • ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

ბაღდათის, სენაკის, ვანის, ზუგდიდის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა თემში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებიც მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებობს მუნიციპალიტეტებში. ისინი აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, გახსნილად ისაუბროს ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა ყველა მონაწილემ დაადასტურა, რომ ძალადობის ფაქტები გახშირდა, კრიზისულ ოჯახებთან უფრო მეტი სამუშაოა საჭირო და ამ საქმეში დიდია არასამთავრობო სექტორის წვლილი.

შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს. ისინი განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ ადამიანებთან, რომელთაც მეტი დახმარება სჭირდებათ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთათვის ონლაინ ფორმატში ჩატარდა დებატები, სადაც მიღწეული შედეგები შეაჯამეს. შეხვედრას ეწრებოდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრა განსაკუთრებული იყო იმით, რომ პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს წარმატებული პრაქტიკა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის პრაქტიკაზე ისაუბრა, ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა კი ონლაინ პეტიციის სისტემის დანერგვაზე მიაწოდა ინფორმაცია მონაწილეებს. აღინიშნა, რომ წარმატებული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია იმ მუნიციპალიტეტებისათვის, რომლებიც ახლა მუშაობენ ამ მიმართულებით.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი) ჩატარდა კვლევა „ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასება ადრეული გაფრთხილების  გენდერზე ორიენტირებული სისტემის (GREWS) მიხედვით“.

ეს სისტემა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ადრეული რეაგირების, ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

1024 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა რაოდენობრივ კვლევაში, ამას გარდა ჩატარდა 24 ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა და 24 ჩაღრმავებული ინტერვიუ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ივლისში ადვოკატირების გეგმები შეიმუშავეს, აგვისტო-სექტემბერში კი დაგეგმილია გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირების კამპანიები.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები