ეს დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ოთახია. აქ პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები ტარდება.
ამჯერად მუშაობა ფსიქოლოგის საუბარმა გაწყვიტა. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე ქალებს ცალკეც ხვდება და ესაუბრება. მათ ბევრი კითხვა აქვთ და ყოველთვის იღებენ კომპეტენტურ პასუხს.
დღეს კი ჯგუფთან საუბრის თემაა სტრესი და ფსიქოლოგის რჩევები ასეთია:
ჩვენს შფოთიან დროში ყველა ჩვენგანს განუცდია სტრესი. სტრესს ვერ დაემალები. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ემოციების მართვა, რომ ემოციებმა არ გმართონ შენ. სტრესის ასაცილებლად ორი ოქროს წესი არსებობს:
წესი №1. დამშვიდდით, მიეცით ტვინს შესაძლებლობა, დაიბრუნოს კონტროლი სხეულზე და მეტყველების ორგანოებზე.
წესი №2. მოახდინეთ ფოკუსირება და ენერგიის კონცენტრირება იმაზე, რაც გასაკეთებელი გაქვთ.
საჭირო ადამიანებს ეძახიან ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგსა და იურისტს. მათი რჩევები და დახმარება ბევრისთვის აუცილებელია პრობლემების მოგვარებაში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საკონსულტაციო სამსახურმა თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა ჩაატარა - იყო უშუალო შეხვედრებიც და დისტანციური კონსულტაციებიც. ასეთი სახით 43-მა ადამიანმა მიიღო მათი დახმარება.
ამას გარდა, მიმდინარეობდა მუშაობა ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებთან. 17 ბენეფიციარს გაუწია ინდივიდუალური თერაპია ფსიქოლოგმა, იურისტმა კი 7 ადამიანს ჩაუტარა კონსულტაცია.
შედეგები თვალსაჩინოა: მოგვარებული პრობლემები, დაძლეული სტრესი, სიმშვიდე ოჯახში... აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგი და იურისტი მართლაც საჭირო ადამიანები არიან მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.
ონლაინ ფორმატში კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა - ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ესწრებოდნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ბაგა-ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით და განიხილეს შემუშავებული რეკომენდაციები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაზე, ძალადობის იდენტიფიკაციაზე და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე.
ბაღდათში მრგვალი მაგიდა ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია ბაღდათის სამუშაო ჯგუფზე, მის აქტივობებსა და შედეგებზე. დიდი ინტერესი გამოიწვია მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების ანგარიშმა და რეკომენდაციებმა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ბაღდათში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.
მრგვალ მაგიდაზე დაისვა საინტერესო აქცენტები, განსაკუთრებით იმ ბარიერებზე, რომლებიც ელექტრონული სერვისების გამოყენებას უშლის ხელს. მონაწილეთა აზრით, ეს ინფორმირებულობის დაბალ დონეს და ინტერნეტიზაციის პრობლემას უკავშირდება, რაზეც ყველაზე მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება.
პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: შამგონას და ინგირის და ქალაქის სხვადასხვა ჩასახლების დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეებთან. შეხვედრის მიზანი - ონლაინ პლატფორმის - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის გაცნობა, რაც თვალსაჩინოს ხდის წინასაარჩევნო პროგრამებს და მოქალაქეს უჩვენებს მის პოზიციასთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ სუბიექტს. შეხვედრის მონაწილეებმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დააფიქსირეს არჩევნების თემის მიმართ, თუმცა აპლიკაციის იდეით დაინტერესდნენ.
ფონდი „სოხუმი“ 10 პარტნიორი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით ქალების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით საჭირო სერვისების კვლევას აწარმოებს. ფოკუსი კეთდება მათ ყველაზე მოწყვლად კატეგორიაზე: ძალადობის მსხვერპლი და რისკ-ჯგუფის ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვების დედები.
რომელი სერვისებია აუცილებელი იმისთვის, რომ ქალებმა შეუფერხებლად შეძლონ ეკონომიკური საქმიანობა, რა არის საჭირო მათი ხელშეწყობისთვის - ამ საკითხებზე ქალებთან ფოკუს-ჯგუფების დისკუსიები ჩატარდა. გამოიკვეთა ყველა ის გამოწვევა, რაც მათ ხელს უშლით ეკონომიკურად აქტიური საქმიანობის წარმართვაში. პირველ რიგში - ეს ბავშვთა მოვლის სერვისებია, რომლებიც ქალებს ვერ უქმნის სათანადო პირობებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის.
ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფი აქტიურად მუშაობს თვისებრივი კვლევის მიმართულებით. საკვლევი თემა - ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის შეთავაზებულ სერვისებთან დაკავშირებული გამოწვევები (ბავშვთა მოვლის სერვისების მიმართულებით); დასაქმების და ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობის კუთხით არსებული გამოცდილება; ძალადობის მსხვერპლი ქალების წინაშე არსებული ბარიერები თავშესაფრიდან/კრიზისული ცენტრიდან გასვლის შემდგომ.
კვლევის პროცესში შეგროვდა საინტერესო ინფორმაცია სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების მიერ მიწოდებული მომსახურების თაობაზე.
ძალადობა ოჯახში - რამდენად გახსნილია საზოგადოება ამ თემაზე სასაუბროდ, რა უშლის ხელს პრობლემათა იდენტიფიკაციას, რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული რეაგირების მექანიზმებზე, ვის მიმართავენ საჭიროების დროს - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები ბაღდათის, წალენჯიხის, ვანის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. პრობლემებზე საუბრისას გამოიკვეთა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობასთან რისკჯგუფის ოჯახების გამოვლენისა და ადრეული რეაგირების კუთხით.
მონაწილეთა აზრით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფორმირების ხარისხს და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ყოველთვიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან და მსჯელობენ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით.
ივლისში შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა ჩოხატაურის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მონაწილეებმა ამ კუთხით არსებული პრობლემები გამოკვეთეს. მუშაობაში ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი.
ძალადობის შემთხვევების პარალელურად შეხვედრებზე სოციალური პრობლემებიც დაისვა და აქტივისტმა ქალებმა მათი ადვოკატირება გადაწყვიტეს.
ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრმა - ორგანიზაცია „იმედმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით 4 შეხვედრა ჩაატარა -ძირითადად, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. შეხვედრებმა მოიცვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: კახათი, ანაკლია, ინგირი. მოდერატორებმა ისაუბრეს, რა დადებითი შედეგები მოჰყვება ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას, როგორია გამოყენების ინსტრუქცია და რას მოიცავს ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული კითხვარი.
მოქალაქეები ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას ხმის ელექტრონულ მრიცხველზე. თავადაც წარმოაჩინეს საკითხები, რომელთა მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტისგან მეტ მონაწილეობას ელოდებიან. გამოიყო საკონტაქტო პირები, რომლებიც პლატფორმის ამოქმედების შემდეგ კიდევ შეხვდებიან მოქალაქეებს.