ასეთი ფერადი, ლამაზი და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში. გაკვეთილი მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
პატარებმა ხალისით შეასრულეს უჩვეულო „დავალება“ - ფერად ბუშტებზე დაწერეს მოწოდებები, თავიანთი ფიქრები.
აქციის ორგანიზატორია წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით ამ დღეს სენაკის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა მშვიდობის გაკვეთილი.
მოსწავლეებმა ფერად ბუშტებს წააწერეს სამშვიდობო მოწოდებები, მესიჯებით მიმართეს აფხაზ და ოს თანატოლებს.
აქ ყველაზე მეტად იციან მშვიდობის ფასი. ეს სოფელი აფხაზეთთან ახლოს მდებარეობს...
ამიტომაც მშვიდობის საერთაშორისო დღეს ჩატარებული აქცია- გაკვეთილიც განსხვავებული იყო...
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) კოკის საჯარო სკოლაში ჩაატარა მშვიდობის გაკვეთილი.
აქციის მონაწილე უფროსკლასელებმა სამშვიდობო განწყობა გამოხატეს.
ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეჯამდა „ქალთა სოლიდარობის კვირეულის“ ფარგლებში გამართული კონკურსის შედეგები.
კონკურსში აქტიურად ჩაერთო 5 სკოლა - მათ ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, ფორუმ-თეატრის ჩვენებები, ესეების კონკურსი, გამოფენები.
ყოველივე ამის შესახებ ისაუბრეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემაჯამებელ შეხვედრაზე.
ჟიურის გადაწყვეტილებით, 1-ლ ადგილზე გავიდა ოტია იოსელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლა (წყალტუბო), მეორე ადგილი მოიპოვა ჟიული შარტავას სახელობის №6 საჯარო სკოლამ (ქუთაისი), ხოლო მესამე - კოკის საჯარო სკოლამ (ზუგდიდი).
გამარჯვებულებმა და მონაწილეებმა მიიღეს დიპლომები და საჩუქრები.
დაიწყო 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. კამპანიის პირველ დღეს ხონში გაიმართა აქცია. აქციაზე გამოვიდნენ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის და ახალგაზრდული კლუბის აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.
აქციას შეუერთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს ორგანიზაციასთან.
შეაჩერე ძალადობა! ქალს აქვს ბედნიერების უფლება! - მსგავსი შინაარსის სლოგანებით მდუმარედ გამოხატეს შეკრებილებმა პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.


დაიწყო ყოველწლიური საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგით „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას“. ბოლო წლებში კამპანია ხორციელდება სლოგანით „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.
წელს ფონდი „სოხუმისთვის“ კამპანიის სახეა - 2015-2016 წლების სუპერლიგის გამარჯვებული - საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი - 2010“. დაიბეჭდა ასობით საინფორმაციო ფურცელი, კალენდრები.
ფონდი „სოხუმი“ - ორგანიზაციის ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრი, ამომრჩეველ ქალთა 8 კლუბი, 3 გენდერული საკონსულტაციო საბჭო, 6 ახალგაზრდული კლუბი, ფორუმ-თეატრი - 16 აქტიური დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს ათობით ღონისძიებას...
21 აპრილს, ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ქუთაისში ანდრია სინაურის ლიტერატურული სახლი-ბიბლიოთეკის ეზოს გამწვანება-დასუფთავების აქცია მოაწყო. აქციას მხარი დაუჭირა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, რომელმაც დეკორატიული ნარგავები გამოყო ეზოს გასამწვანებლად.
აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მოხალისე სტუდენტები, სხვა ბიბლიოთეკების და ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები.
ლიტერატურულ სახლში სასიამოვნო გარემოა კულტურული თავშეყრისა და სხვა საინტერესო ღონისძიებებისათვის. ფონდმა „სოხუმმაც“ დაგეგმა სხვადასხვა ფორმატის აქტივობები.
აქცია დედამიწის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა.
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბი და ფორუმ-თეატრი შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. 25 ნოემბერს ახალგაზრდებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოსახლეობას გადასცეს საინფორმაციო ფურცლები, ლენტები. გადაიღეს ფოტოები, რომლითაც ადამიანებმა გამოხატეს სოლიდარობა, დაგმეს ძალადობა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერენ სლოგანს „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.



