იანვარში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა - ქუთაისში, სიყვარულის პარკში და წყალტუბოს მე-3 სკოლაში.
ფორუმ-თეატრის გამოსვლა ეფექტურია ღია ცის ქვეშ, გამვლელები ჩერდებიან და ინტერესით უყურებენ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმოდგენა და დისკუსია სკოლის მოსწავლეებთან.
წყალტუბოში ძალიან მოეწონათ ფორუმ-თეატრი და გამოითქვა მსგავსი თეატრის ჩამოყალიბების სურვილი.
ქუთაისი. სიყვარულის პარკი. ფორუმ-თეატრის ექვსი წარმოდგენა - საინტერესო გარემო, მაყურებელთა ჩართულობა, აქტიური დისკუსიები, მოწონება, ანალიზი, საკუთარი ისტორიების მოყოლა.
მაყურებლის აქტიურობა იგრძნობოდა ყველა წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებული გავლენა განაპირობა დედა-შვილის ურთიერთობის სცენამ.




ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა მორიგი გასვლა მოხდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ნაჩვენები იყო 5 წარმოდგენა ძალადობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. გაიმართა აქტიური დისკუსია, იყო ჩართულობა შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან, გამოჩნდნენ მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. ყველაფერმა ამან საინტერესო ატმოსფერო შექმნა.

ხონის კერძო სკოლას ფორუმ-თეატრი პირველად ესტუმრა. სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ფორუმ-თეატრის სპეციფიკის შესახებ. მსახიობებმა უჩვენეს 5 წარმოდგენა. პირველ შეხვედრაზე დისკუსია და ჩართულობა შედარებით პასიური იყო, მაგრამ ფორუმ-თეატრმა მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. მათ უფრო მასშტაბური ჩვენების მოწყობა ითხოვეს.
წყალტუბოს 1-ლ სკოლაში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა. ესწრებოდა 55 ადამიანი, ნაჩვენები იყო 5 წარმოდგენა. გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლები და დირექტორი. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს წარმოდგენებშიც და ძალიან საინტერესოდაც გამოუვიდათ.
დედა-შვილის სცენის შემდეგ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა დედა გაამართლა და აღნიშნა, რომ შვილი არასწორად იქცეოდა. ეს მეტყველებს მათ კარგ აღზრდაზე და უფროსის მიმართ პატივისცემაზე.
წყალტუბოს დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენა, მაყურებელთა რაოდენობა მცირე იყო. ზოგიერთი მათგანი აგრესიით განეწყო. განაცხადა, რომ ეს წარმოდგენები ახალგაზრდებზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა დისკუსიის შედეგად მათ შეეცვალათ შეხედულება. აღინიშნა, რომ ფორუმ-თეატრი ცვლის ადამიანის ცნობიერებას, ბევრ რამეზე დააფიქრებს და ეცდება, სხვანაირად მოიქცეს.


