ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს: რა გავლენას ახდენს დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები ქართულ მოსახლეობაზე, რამდენად მაღალია საზოგადოებაში კონფლიქტის განვითარების რისკები. შეკრებილებმა ისაუბრეს პრაქტიკაში კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის აუცილებლობაზე.
კონფლიქტების განვითარების რისკები და მისი გავლენა ქალებზე, გენდერზე ორიენტირებული ადრეული გაფრთხილების სისტემის გამოყენებით - ამ საკითხებზე იმსჯელეს ზუგდიდში, ასოციაცია „იმედში“ გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე.
ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან - სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრების მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომელიც ასახავს ქართველი მოსახლეობის დამოკიდებულებას დე ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე არჩევნების მიმართ.
ფონდი „სოხუმის“ საველე მონიტორმა სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებნი. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების სისტემაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ანალოგიური შეხვედრა ჩატარდა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). კონფლიქტის განვითარების რისკების მინიმალიზება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით - მონაწილეებმა ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი.
5 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ საველე მონიტორებმა ქუთაისსა და წყალტუბოში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს მოსახლეობასთან. მონაწილეებს მიეწოდათ კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციები: რა გავლენას ახდენს აფხაზეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები მოსახლეობაზე, რამდენად მაღალია კონფლიქტის განვითარების რისკები. შეკრებილებმა ისაუბრეს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
ბაღდათის, ზუგდიდისა და ვანის მუნიციპალიტეტებში ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით ინფორმაციები შეგროვდა შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში, გენდერული საბჭოს მუშაობის ეფექტურობა, რეფერირების სუბიექტებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია. მონიტორინგის მონაწილეებმა მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრები ჩატარდა კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში.
- გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა - როგორ ხდება ამ სისტემის დანერგვა პრაქტიკაში, რა მეთოდებით მუშაობს ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი, რა სირთულეებს აწყდებიან, რა შედეგები მიღწეული.
ამ საკითხების გასარკვევად ფონდ „სოხუმს“ ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა საერთაშორისო ექსპერტი ფელიპე დაზა. საკონსულტაციო შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა პირებმა ისაუბრეს, როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება, მედია-მონიტორინგი, მონაცემთა სისტემატიზაცია, ანალიზი. კონსულტანტი გაეცნო მონაცემთა დათვლის ელექტრონულ პროგრამას და შესაბამისი კონსულტაციები გასცა.
Kvinna till Kvinna-ს კოორდინატორი საქართველოში ეთუნა ნოღაიდელი, საერთაშორისო ექსპერტი ფელიპე დაზა და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები კონფლიქტისპირა სოფლებში - ხურჩასა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ჩავიდნენ.
- როგორ მუშაობენ საველე მონიტორები კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, რა სირთულეებია, როგორ ხდება ბენეფიციართა შერჩევა, მონაცემთა შეგროვების პროცესში რამდენად არის დაცული რესპონდენტთა კონფიდენციალობა, როგორ ხდება ინფორმაციის გაგზავნა - შეხვედრებზე, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსირება.
სტუმრებმა ფახულანში მოქმედი გამშვები პუნქტი და ხურჩაში უკვე გაუქმებული პუნქტის ახლომდებარე ტერიტორიებიც დაათვალიერეს. მიღებული ინფორმაციები ორგანიზაციის ანგარიშებში ჰპოვებს ასახვას.
- რამდენად მაღალია მოქალაქეების დაინტერესება აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესების მიმართ, რა გავლენას ახდენს ქართულ მოსახლეობაზე, რამდენად მაღალია კონფლიქტის განვითარების რისკები, ინფორმაციის რა წყაროებს იყენებს მოსახლეობა და რამდენად ენდობა მედიასაშუალებებს, როგორია დევნილი, ადგილობრივი და კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - ინფორმაციები ყოველკვირეულად გროვდება საველე მონიტორების მიერ და სისტემატიურად მიმდინარეობს ინფორმაციის შევსება და განახლება.
მიღებული მასალების სისტემატიზაციის შემდეგ მონაცემთა ანალიზი ხდება კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებული სისტემის გამოყენებით.
17 ივლისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმისა“ და 1325 ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, როგორ სრულდება გეგმა, რა შედეგები იქნა მიღწეული და როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. გამოიყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი - ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების, გენდერული ბიუჯეტის პროგრამით გაწერილი ღონისძიებების დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებთან ერთად განისაზღვრა საკითხები, რომლებშიც მნიშვნელოვანია ერთობლივი საქმიანობა. პირველ რიგში, ეს არის იგპ თემის ინტეგრაცია და მისი მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, გენდერული განათლების ხელშეწყობა.
დასრულდა პოლიმერული თიხის სწავლების გაკვეთილები ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში, რომელიც განხორციელდა პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.
პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო. მონაწილეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მთელი საპროექტო პერიოდის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, მოკლედ ისაუბრეს თავიანთ პერსონაზე, იმ დადებით შედეგებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებიც დაუგროვდათ მუშაობის პერიოდში, როგორც პროფესიული განვითარების, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით.