ეწერის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები და უფროსკლასელები.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ძალადობის პრობლემის სიმწვავესა და დროულ რეაგირებაზე. მონაწილეები გაეცნენ ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს. ისაუბრეს განყოფილების სერვისებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. გამოიკვეთა, რომ განყოფილების შესახებ ბევრმა არ იცის, ამიტომ საჭიროა ინფორმაციის გავრცელება. მნიშვნელოვნად დასახელდა, რომ განყოფილებებს ჰქონდეს რესურსი მოწყვლადი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე მიწვეული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული სტრატეგიის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე, თბილისის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ინდირა რობაქიძე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი ანა მარგიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფიო ჩოხელი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე.
საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამოქმედო გეგმის პროექტის ხუთ ძირითად მიზანზე, მიზნების ამოცანებსა და განსახორციელებელი საქმიანობის ფორმებზე ისაუბრეს.
25 ნოემბერს გაიმართა ქალთა მოძრაობის მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. მსვლელობას სხვა სოლიდარულ ჯგუფებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისიც შეუერთდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის ქმედება გაუპატიურება და ძალადობაა. მათივე განცხადებით, ეს საერთაშორისო კონვენციების, ასევე სასამართლოების მიერ არის აღიარებული, თუმცა არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა წარადგინა მამების ძალადობრივი ქცევის და კორექციის პროგრამა „მამაშვილობა“, რომლის მიზანია მამის ქცევის კორექცია და მისი მხარდამჭერ მამად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე ჩვენმა წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ანგარიშის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ მიგნებებზე დაყრდნობით, დამსწრეებს რეკომენდაციები შესთავაზა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული პროგრამის ადრეულ ეტაპზე დანერგვას.
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, მშვიდობისა და სამართლიანობის კაფეში გაიმართა დისკუსია, როგორც რეალურ, ასევე ონლაინ სივრცეში.
დისკუსიები ეხებოდა მრავალფეროვან თემას, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აკადემიური წრეები, ახალგაზრდა აქტივისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიების მთავარი იდეა იყო გენდერული სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე არსებული მიღწევების და გამოწვევების განხილვა. ასევე, თუ რა გავლენას ახდენს და აძლიერებს სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობა და სხვადასხვა სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისგან ინფორმაციის მიღება და აზრთა ურთიერთგაცვლა.
გაეროს ქალთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით და ჩართულობით, ერთ-ერთი თემატური მრგვალი მაგიდის დისკუსიის მოდერატორი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია. მრგვალი მაგიდის თემა - „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტულ შედეგებზე გარდაქმნა - ქალთა სოლიდარობა და ერთობლივი ქმედებები“.
მრგვალი მაგიდის დროს განიხილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ლიდერულ ასპარაზზე ქალთა არსებითი მონაწილეობისთვის არსებული მიღწევები და ბარიერები, საზოგადოებისა და თემის მობილიზაცია და საერთაშორისო სტანდარტები, ქალთა წვლილის წარმოსაჩენად და აღიარებისთვის თაობათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ახალგაზრდების ჩართულობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის შესაძლო გზები.
მშვიდობისა და სამართლიანობის კაფე წარმოადგენს ქსელური ღონისძიებების სერიას ინტერსექტორული თანამშრომლობის გასაძლიერებლად მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიოს შექმნისთვის. მშვიდობისა და სამართლიანობის კაფე იმართება ჰააგის Humanity Hub-ში, რომელიც ჰააგის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ამოქმედდა. მასში მონაწილეობას იღებენ მშვიდობის მშენებლები, მკვლევრები, ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები, მეწარმეები, პოლიტიკოსები და ცვლილებებზე ორიენტირებული დაინტერესებული პირები ჰააგიდან და მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენმა თანამშრომელმა - ლინდა ჩიხლაძემაც მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების მანძილზე ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, არსებული გამოწვევები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
და-ძმა, ექიმები უკრაინიდან. სასწაულებრივად გადაურჩნენ ომის საშინელებებს. ხარკოვიდან ქუთაისში სექტემბერში ჩამოვიდნენ. მათი მშობლები აქ მუშაობდნენ სამხედრო ექიმებად, სკოლა ქუთაისში დაამთავრეს, აქ ჰყავთ მეგობრები და ნაცნობები.
როგორც ფსიქოლოგ მანანა გოცირიძეს უთხრეს, ჯერ კიდევ სიკვდილის მომასწავებელი სირენის ხმებისგან იღვიძებენ.
„ძნელი წარმოსადგენია, დაიბრუნებს თუ არა ჩვენი ქალაქი თავის სილამაზეს. ხარკოვში თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ყველგან ქვების გროვაა, მინა, რკინა... მოსახლეობაში ფსიქოზის მეორე ტალღა მაშინ დაიწყო, როცა მიხვდნენ, რომ ომი მალე არ დასრულდებოდა. ომი ჩვენთვის არის შიში, რომ შეიძლება გაგაუპატიურონ, მოგკლან. ეს არის უიმედობის და სასოწარკვეთის მდგომარეობა. რომ დამთავრდება, მერეც დიდხანს იმოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე“.
ეს ჩვენი ბენეფიციარების სიტყვებია.
ბაღდათი, ვანი, ქობულეთი, სამტრედია - ამ ოთხი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ტრენინგები ჩატარდა ონლაინ ფორმატში, ჩოხატაურში კი პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და ტოლერანტობის თემა. ცოცხალი ტრენინგი ყოველთვის გამოირჩევა როლური თამაშებით, საინტერესო მუშაობით. ამიტომ ის ბევრად ეფექტური იყო.
„კონკრეტული თამაშით გავიგეთ, როგორ მახინჯდება და იკარგება ინფორმაცია. ძალიან მარტივად გაგვაგებინეთ, რა იწვევს კონფლიქტებს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
ნოემბერში, ისევე, როგორც სხვა თვეებში, ტრენინგები ჩატარდა ათი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
25 ნოემბერი - 16-დღიანი კამპანიის დასაწყისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ტრადიციული მდუმარე აქცია გამართა ქუთაისში. ამით შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომლის სლოგანია: „გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის“. აქციაში მონაწილეობდნენ ფონდის თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები. აქციაზე წარმოდგენილი იქნა ფორუმ-თეატრის სცენები და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
დღეიდან საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება კამპანიის ფარგლებში.
აქცია აქტიურად გააშუქა გააშუქა ცენტრალურმა და რეგიონულმა მედიამ.
https://www.facebook.com/WFSukhumi/videos/853330979131350
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი ჯგუფი, წინა თვეების მსგავსად, ნოემბერშიც აქტიურად მუშაობდა. ამ დროისთვის ჩვენს მონაცემთა ბაზაში გვყავს 383 ადამიანი, ნოემბერში დავამატეთ 53 ახალი ადამიანი. ამ თვეში 42 ოჯახს (95 ადამიანი) დავეხმარეთ, 3 ოჯახს ვუყიდეთ თბილი პლედი, 4 ოჯახს - გამათბობელი. ერთ მამაკაცს სამედიცინო პროცედურების (ონკოლოგიური) საფასურის გადახდაში გავუწიეთ დახმარება და სპეციალური საკვებიც შევიძინეთ მისთვის. ასევე დარიგდა ჩუსტები და თეთრეული.
- გრძელდება დახმარება ბინის ქირის გადახდაში, ამ თვეში კიდევ 4 ოჯახი დაემატა, ერთი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, რადგან ასაკოვანი წყვილია, გამონაკლისის სახით, ფონდმა თავის თავზე აიღო მათი ქირის გადახდა.
უკრაინელი ლტოლვილებისთვის გრძელდება უფასო ფსიქოლოგიური დახმარება და მხარდაჭერა.