24-28 სექტემბერს სტამბულში გაიმართა ტრენინგი პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებისთვის თემაზე ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოცდილება.
სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდული კლუბები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ფორუმ-თეატრის დამფუძნებლების, როლისა და მნიშვნელობის შესახებ მიმდინარე ცხოვრებისეული პრობლემების გააზრებასა და მათი გადაჭრის პოვნაში. ტრენერების მიერ შემოთავაზებულმა სხვადასხვა სავარჯიშოებმა და დავალებებმა ტრენინგი უფრო კრეატიული, საინტერესო და სახალისო გახადეს, ასევე მონაწილეებმა დამოუკიდებლად შეძლეს სცენარების მომზადება და მცირე სცენების დადგმა. ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, შეადგინეს სამომავლო გეგმები, რათა დანერგონ ფორუმ-თეატრი თავიანთ კლუბებში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეებმა ფემიციდის საკითხები განიხილეს. ძალადობის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმების ჩვენებამ დისკუსიისთვის კარგი სივრცე შექმნა.
- როგორ გავარღვიოთ ძალადობის წრე, სად რომელ რგოლშია გასაძლიერებელი რეაგირების მექანიზმები - დისკუსიები ამ საკითხებზე გაგრძელდა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალი არ არის დაცული, ქალი დღემდე მავნე სტერეოტიპების მსხვერპლია. განსაკუთრებული აქცენტით ისაუბრეს ბაღების, სკოლის როლის გაძლიერებაზე.
სტერეოტიპების მსხვრევას თუ ხელი არ შევუწყვეთ, თუ ცნობიერება არ შეიცვალა, სურათი არ შეიცვლება, - ითქვა შეხვედრებზე.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები გააგრძელებენ საინფორმაციო კამპანიას, რათა მოქალაქეები, ქალები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი და საჭიროების დროს შეძლონ სწორი რეაგირება.
შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ქობულეთის, ბაღდათის, ტყიბულის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ინიცირებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განიხილეს იგპ-თა პრობლემა: ყოფილ სამხედრო დასახლებაში (სადაც, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ) საკანალიზაციო სისტემის არარსებობა.
ადვოკატირებამდე შეგროვდა საჭირო დოკუმენტები, ფოტოები და ვიდეომასალები, ხელმოწერები, მომზადდა ვიდეორგოლები.
შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილები, სამოქალაქო აქტივისტები, მერის მოადგილე ლევან ელიავა, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.
დოკუმენტური მასალების გამოყენებით, პრობლემის მოგვარების გზებზე და საშუალებებზე გაიმართა მსჯელობა. ცალკეულმა სუბიექტებმა პრობლემასთან მიმართებაში საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
19 სექტემბრიდან თვის ბოლომდე კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაო ტარდებოდა ძალადობის მსხვერპლ სამ ქალთან. ისინი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ - სულ 6 ბენეფიციარი. ყოველდღიურ აქტიურ მუშაობაში ჩართულები იყვნენ პედაგოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.
სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბენეფიციარმა (ის 26 წლისაა) აღნიშნა, რომ იგრძნო დიდი მხარდაჭერა. უკვე იცის, რომ მარტო არ არის. აქ გატარებულმა დღეებმა გააძლიერა სამივე ქალი და ისიც გააცნობიერეს, რომ მეტი უნდა იმუშაონ საკუთარ სისუსტეებზე. მიიღეს ბევრი საჭირო ინფორმაცია, პოზიტივი, სასარგებლო რჩევები და გადაწყვიტეს, ახალი ძალებით გადაფურცლონ თავიანთი ცხოვრების ახალი გვერდი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მერიის ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი და ამავე განყოფილების სოციალური მუშაკი.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ განყოფილების სტრუქტურას, მიიღეს ინფორმაცია არსებულ პროგრამებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე. მათი აზრით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოების ინფორმირებულობას, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, კრიზისული ოჯახების მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ - ასე ეწოდება ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის კონსოლიდირებულ მონაცემთა ანგარიშს.
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დამოკიდებულებების შესწავლა ქალის მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე ქალის როლის შესახებ, შემაფერხებელ ბარიერებსა და ხელისშემწყობ ფაქტორებზე.
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ჩაატარა.
ადვოკატირებისთვის შეირჩა შემდეგი საკითხი: ინგირის თემში საბავშვო ბაღი „წითელქუდასთვის“ ახალი, ტიპიური, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობის აშენება.
შეხვედრა ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდა და მას როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები - სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, ა(ა)იპ სსლმ ცენტრის წარმომადგენელი, მერის წარმომადგენელი ინგირის თემში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი ქალები.
საქმიანი შეხვედრის შედეგი ის არის, რომ ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება და ის ცენტრალურ დონეზე გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქუთაისის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გამართა შეხვედრა აპრობირებული და წარმატებული „ერთი ფანჯრის" მეთოდის გამოყენებით.
დღის წესრიგის მიხედვით განხილულ იქნა პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა საჭიროებების კვლევის შედეგად. მათ შორისაა დევნილთა დასახლება „კოტეჯებში“ შემოსასვლელი მოკლე გზის (260 მ) რეაბილიტაცია. გზის ეს მონაკვეთი არ ეკუთვნის ქუთაისის მუნიციპალიტეტს და საჭიროა მისი გადაცემა ქალაქისთვის. უკვე გამოინახა პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა და მოკლე დროში მოგვარდება კიდეც.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ხონის ქალთა ქსელის მიერ დევნილთა დასახლებაში შერჩეული პრობლემის გადასაჭრელად სათემო განათლების ცენტრში ჩატარდა შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.
ადვოკატირებისთვის გამოიკვეთა შემდეგი საკითხი: ყოფილ სამხედრო დასახლებაში არსებული ამორტიზირებული შენობების დემონტაჟი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, საკრებულოს წევრი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების და არქიტექტურის სამსახურების წარმომადგენლები.
ადვოკატირების პროცესი ცენტრალურ დონეზე გაგრძელდება, პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
თერჯოლასა და ახალსოფელში (სენაკის მუნიციპალიტეტი) გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ფემიციდის ფაქტების გახშირების ფონზე ასეთ შეხვედრებს და სწორი ინფორმაციის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს https://sosfsokhumi.ge/.
მათი თქმით, აღნიშნული საიტი უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში, რაც დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)