ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, რეფერირების მექანიზმები და სუბიექტები, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფლებამოსილება ამ პროცესში - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ საინფორმაციო შეხვედრებზე.
მთავარი ფოკუსი გაკეთდა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ბავშვთა განყოფილებების მუშაობაზე. დაფიქსირდა, რომ ახალი განყოფილების მუშაობაზე ინფორმაცია არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. აღინიშნა, რომ აუცილებელია საბავშვო ბაღების, სკოლების პედაგოგების თანამშრომლობა ამ განყოფილებასთან, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას და ეფექტიან რეაგირებას.
შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ქობულეთის, ბაღდათის, ზუგდიდის და ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის მერიის სხდომათა დარბაზში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, საკრებულოს, სკოლების და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები,.
კონკრეტული ქეისების განხილვის შემდეგ შეკრებილებმა იმსჯელეს ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლთა დაცვაზე, ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე.
უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ყოველწლიურ 16- დღიან საინფორმაციო კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მრგვალ მაგიდას სენაკის მერიაში ესწრებოდნენ მერიის ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების, სოციალური მომსახურების სააგენტოს და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ფემიციდის ფაქტების საგანგაშო მატების შესახებ. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება წარმოადგენს ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტს - აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება, ჩაერთოს ძალადობის პრევენციის, შემთხვევების იდენტიფიცირების, მსხვერპლთა დახმარების საკითხებში, რასაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი პროგრამებით პასუხობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ბავშვთა უფლებების დაცვა და ადგილობრივი თანამშრომლობა სოციალური სერვისების გაუმჯობესების კუთხით“ - ამ თემაზე ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დასებულებების პერსონალთან ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
მონაწილეებს გააცნეს მუნიციპალიტეტისთვის შედარებით ახალი სტრუქტურის - ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების საქმიანობის სპეციფიკა; ადგილობრივი პროგრამები. გაჟღერდა ინფორმაცია ფონდის მიერ ჩატარებულ მონიტორინგზე, რომელმაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული პოზიტიური პრაქტიკა და გამოწვევები გამოკვეთა.
აღინიშნა, რომ სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ზოგიერთ წარმომადგენელს ჯერ კიდევ არა აქვს ბოლომდე გააზრებული პასუხისმგებლობა, რასაც მას აკისრებს კანონი ბავშვთა ოჯახში ძალადობისგან დაცვის კუთხით. გამოიკვეთა საკითხები, როდისაა აუცილებელი კომუნიკაცია ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებასთან.
სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგები შეეხნენ სპეციფიკური საჭიროებების მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხს, რომელიც ეხება. მოხდა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის თემებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გამარჯობა, მე ვარ კუკავა ელეონორა, ფონდი ,, სოხუმის“ მოხალისე და მინდა მოგითხროთ ჩემი ,,წარმატების ფორმულის“ შესახებ.
მინდა გაგიზიაროთ ,ის ემოციები და შთაბეჭდილებები რაც უშუალოდ ამ პროექტთან, ფონდ ,, სოხუმთან“ მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერებს, რომ მომცეს საშუალება მიმეღო მეტად საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. ეს პროექტი იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით შევასრულე. მივიღე გამოცდილება პროექტების წერაში, რაც აქამდე არ ვიცოდი და მომეცა საშუალება განმეხორციელებინა ჩვენი ჯგუფის მიერ დაწერილი პროექტი სახელწოდებით: ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია.’’
ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობებში, ჯგუფურ სამუშაოებში, ვესწრებოდი ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე:,,როგორ აღმოვფხვრათ კომფლიქტი,’’ ,, სტერეოტიპები და ტოლერანტობა’’ და სხვა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგისმომცემი გამოდგა. ტრენინგების მსვლელობისას გვესტუმრა ფონდი სოხუმის ,, ფორუმ თეატრი“, გარდა ამისა, დავესწარით სამოქალაქო ფორუმს ქუთაისში თემაზე :,, ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა-მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად.’’ ამ ფორუმის ფარგლებში დავწერეთ თემა სახელწოდებით: ,, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი“, რაც დამეთანხმებით, რომ თითოეული ქართველისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. აქვე დავამატებდი იმას, რომ პროექტმა საშუალება მოგვცა ვწვეოდით ქალაქ სტამბულს ,სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგი ფორუმ თეატრის არსის შესახებ.
მარინამ ლამაზი და ტკბილი უკრაინული დესერტი მოამზადა - ლვოვის „სირნიკები“, ანიამ კი - კატლეტები კიევურად. მარინა და ანია უკრაინელი ფსიქოლოგები არიან, ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ და ორივე, სხვა ქალებთან ერთად, მონაწილეობდა ქალთა ფონდ „სოხუმში“ უკრაინული სამხარეულოს დღის მოწყობაში 15 სექტემბერს. მათ აღნიშნეს, რომ საინტერესო, სასიამოვნო და სარებილიტაციო ღონისძიება გამოვიდა.
მათ პროფესიული კუთხითაც აქტიურად იმუშავეს სექტემბერში.
ანია შალიმოვა ამბობს, რომ შეხვდა ოთხ ახალ ოჯახს და ერთ ოჯახს - განმეორებით, ჩაატარა 12 ინდივიდუალური კონსულტაცია. იყვნენ მუდმივი კლიენტებიც და ახლებიც. ამასთანავე კონსულტაცია გაუწია ბავშვებს და მათ მშობლებს.
„უკრაინელებს დადებითად განაწყობთ ის, რომ მეც უკრაინიდან ვარ“, - ამბობს ანია. - ისინი ინტერესდებიან, რომელი ქალაქიდან ვარ და როგორ გადავიტანე ომი. თუ ჩემი მშობლიური ქალაქიდან არიან, მაშინ ვარკვევთ, ვინ რომელ უბანში ცხოვრობდა“ (სწორედ ამიტომაც მოვიწვიეთ ორი უკრაინელი ფსიქოლოგი უკრაინელ ლტოლვილებთან სამუშაოდ).
მონაწილეთა შეფასებით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა (თემა - „ბავშვთა უფლებების დაცვა ტყიბულის მუნიციპალიტეტში და ადგილობრივი თანამშრომლობა სოციალური სერვისების გაუმჯობესების კუთხით“), რომელიც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით და ტყიბულის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის განახლებულ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
მონაწილეებს გააცნეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობა და არსებული გამოწვევები.
საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს მუნიციპალიტეტის მესვეურებმა, მუნიციპალური სერვისების მიმწოდებლებმა, მოქალაქეებმა. გამოიკვეთა მთავარი გამოწვევა - რესურსების სიმცირე სერვისების გასამართად; უფრო მოქნილი საკანონმდებლო რეგულაციების საჭიროება.
მაღალი შეფასება მიეცა მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან და რესურსების გამთლიანებას ბენეფიციარების დასახმარებლად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წყალტუბოს მერიაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დევნილთა ჩასახლება აფხაზეთის ქუჩაზე არსებული პრობლემის განხილვა გაიმართა.
საჭიროებათა კვლევის შედეგად ადვოკატირებისთვის VII-VIII კორპუსების დაზიანებული სახურავის პრობლემა შეირჩა.
აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას იღებდნენ: აფხაზეთიდან იგპ პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოს და ყველა იმ უწყების წარმომადგენლები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის პრობლემაზე შედეგიანი ზეგავლენის მოხდენა.
შეხვედრის მსვლელობისას გამოიკვეთა საკითხის გადაჭრის გზები. გამოვლინდა სხვა პრობლემებიც: არ არის საბავშვო ბაღი, სარდაფებში წყალი დგას, ეზო დაბინძურებულია - უახლოეს მომავალში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მათ მოგვარებაზეც იზრუნებენ.
დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ჩატარებული შეხვედრის ეფექტიანობა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მარინე 28 წლისაა. დეპრესიაში იყო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ: „ყველაფერი გაჩერდა. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. ჩემთან ერთად ტიროდა დედაჩემიც. ერთხელ ასე თვალცრემლიანებს დედის მეგობარი შემოგვესწრო და მირჩია, დახმარებისთვის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან მივსულიყავი. თითქმის რვა თვე ვსწავლობდი, ახლებურად შემეხედა ჩემი თავისთვის. ნელ-ნელა მიჩნდებოდა იმედი. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება არა მარტო ჩემი ღიმილისთვის, არამედ იმ სხივისთვის, ჩემი დედის თვალებში რომ არის ახლა“...
მარინე ერთ-ერთია ფსიქოლოგის მადლიერ ბენეფიციართაგან. ასეთი უამრავია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.
სექტემბერში ფსიქოლოგის შეხვედრები გაიმართა ვანის, ჩოხატაურის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, აგრეთვე ქობულეთში – ოღონდ ონლაინ. ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 23-მა ბენეფიციარმა.
ბაღდათის მერიაში გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას კომისიის წევრების გარდა ესწრებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, პოლიციის თანამშრომლები, პედაგოგები, საკრებულოს კომისიის და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წევრები.
შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული ქეისები, ამ ქეისებთან მუშაობა და შემდგომი რეაგირება. იმსჯელეს ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლთა დაცვაზე და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)