ისინი უკვე არიან ლიდერები, რადგან ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას წარმართავენ 11 მუნიციპალიტეტში. ტრენინგიც ბევრი გაუვლიათ, თუმცა სწავლება არასოდესაა ზედმეტი. ამიტომაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელზეც განხილული იყო აქტუალური თემები: ლიდერობის ფენომენი, სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირების სტრატეგია.

ონლაინ სივრცე მონაწილეებისთვის იქცა ადგილად, სადაც მათ შეძლეს თავიანთი ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის, ახლებური რაკურსით დაინახეს ლიდერობა, გუნდთან მუშაობის და ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირების საკითხი.

 

„სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“ - ეს პუბლიკაცია გასულ წელს მოამზადა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა. მასში აისახა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის  შედეგები. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა სკოლებში გატარდეს მიზანმიმართული პოლიტიკა გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ.

ამ საქმეში ჩვენი პარტნიორი გახდა გაზეთი „ახალი განათლება“, რომელიც გამოდის 1998 წლიდან კვირაში ერთხელ და ხელმოწერით ვრცელდება საქართველოს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, განათლების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. კიდევ უფრო ფართო აუდიტორია ჰყავს გაზეთის ინტერნეტვერსიას.

მე ვისწავლე, მივხვდი, გავიგე, უკვე შემიძლია - ამ სიტყვებს მოზარდები ამბობენ ჩვენი ვორკშოპების შემდეგ.

ეს სიტყვები ცვლილებებს გამოხატავს მათ ხასიათში, ქცევაში, დამოკიდებულებებში.

სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი: ამ გოგო-ბიჭებს ესწავლათ, გაეგოთ, გაეკეთებინათ...

„კონფლიქტის მართვის სწავლება სკოლებში“ - ასე ჰქვია მეთოდოლოგიას, რომლითაც ხელმძღვანელობს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული მიმართულების კონფლიქტოლოგი  ლარისა (ლელა) შენგელია.

წესი ასეთია: სკოლაში შეირჩევა ჯგუფი 10-15 მოსწავლისგან - ძირითადად, მეშვიდე-მეცხრეკლასელები. ჯგუფთან თვეში ერთხელ იმართება ვორკშოპი სხვადასხვა თემაზე: რა არის კონფლიქტი, კონფლიქტის სტადიები,  კონფლიქტის მოგვარება ადრეულ სტადიაზე და ა.შ.

ფონდ „სოხუმს“ ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრი აქვს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ახალი წლიდან ცენტრების მობილიზატორებმა მუშაობა განაახლეს - რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ჩატარდა ონლაინ თუ ოფლაინ შეხვედრები. ამ შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ ორგანიზაციის სპეციალისტები - იურისტი, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი.

მონაწილეებს  მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ ამჟამინდელ რთულ პერიოდში იმატა კონფლიქტებმა, ამიტომ მნიშვნელოვანია მსგავსი პროფილის შეხვედრების ჩატარება და სასარგებლო რჩევების მიცემა.

„მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში - თანამშრომლობა გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში“ - ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. მონაწილეთა შორის იყვნენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ პუბლიკაციას „სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“. ისაუბრეს გენდერულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობაზე ძალადობისაგან ახალგაზრდების დაცვის კუთხით. შეეხნენ კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს და მათ მოგვარებას. განხილული საკითხები ყველა მონაწილისთვის აქტუალური იყო და შეხვედრაც აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში ახალი წელი 16 იანვარს დაიწყო საინტერესო შეხვედრებით. გულახდილი საუბრისკენ განაწყო მონაწილეები შერჩეულმა თემამ „ნაადრევი ქორწინება“. მათ ისაუბრეს სტერეოტიპულ აზროვნებაზე, მშობლებისა და საზოგადოების როლზე. არაერთი მაგალითი მოიყვანეს, როგორ დაინგრა ადრე შექნილი ოჯახი, როგორ დარჩა მარტო 17-18 წლის გოგონა შვილთან ერთად. ჯანმრთელობის თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად დააფიქსირეს განათლების და დასაქმების პრობლემები.

აღინიშნა, რომ ქორწინებას ახალგაზრდები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ და  ასეთი საუბრები სწორედ ამის გააზრებას უწყობს ხელს.

იანვარში ფსიქოლოგმა და იურისტმა 6 ჯგუფური დისტანციური შეხვედრა გამართეს ხონის, სენაკის, წყალტუბოს, ქობულეთის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის - მონაწილეობა მიიღო 28-დან 67 წლამდე 35-მა ადამიანმა.

შეხვედრებზე საუბარი იყო იმის შესახებ, როგორ უნდა მართონ ნეგატიური ემოციები და რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი Covid-19 პანდემიის დროს და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში.

ფსიქოთერაპიულ და იურიდიულ კონსულტაციებს იღებენ ასევე ოჯახური წყვილები და ინდივიდუალური ბენეფიციარები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს უფასო სერვისი, თანაც - სახლიდან გაუსვლელად, მათთვის ძალიან დიდი დახმარებაა.

 

ფორუმ-თეატრის იანვრის ცხოვრება ონლაინ მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ  აქტიურად. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა ახალგაზრდა მსახიობების მომზადებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოკოლაჟები.

დაიწყო ახალი რუბრიკა - ფორუმ-თეატრის ყველა მსახიობი გადაიღებს პერსონალურ ვიდეოს.

აქტიურად გრძელდება სარეპეტიციო პერიოდიც. უკვე შეიმუშავეს თებერვლის  გეგმა. ფორუმ-თეატრის ჯგუფს იმედი აქვს, რომ მალე შეხვდება მაყურებელს...

https://www.facebook.com/hashtag/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მოზარდებისთვის გასაკვირი იყო, რომ მეტსახელი ხშირად კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. მათ თქვეს, რომ არ სწყინთ გვარიდან წარმოქმნილი მეტსახელი, მაგ., ანთია - ანთო, მებონია - მებო და ა.შ. მაგრამ თუ ნაკლზე მიუთითებს, გულსატკენია და შეიძლება კონფლიქტიც გამოიწვიოს.

კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან ჩატარდა მორიგი ონლაინ ვორკშოპები თემაზე „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“.

ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგმა მათ გააცნო ეს უნარ-ჩვევები. გაიგეს, რა წესები უნდა გამოიყენონ, რომ კონფლიქტი ძალადობაში არ გადაიზარდოს. მათ მესენჯერ-ჯგუფებშიც გაეგზავნათ უნარების ჩამონათვალი, რათა მომავალშიც ხშირად გაიხსენონ.

ვორკშოპებში ჩართულია 10 საჯარო სკოლა: ხაჯალიის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ლიის №2 (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი),  კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი), ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) №1, ქობულეთის №5, ფოთის №4 და ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“.

მონაწილეები ასე აფასებენ შეხვედრებს:

„ბევრი რამ ვისწავლე ძალადობასა და ბულინგზე, მეგობრობაზე და ერთმანეთის პატივისცემაზე, დიდი მადლობა ტრენერს და ორგანიზაციას.“

„მე აუცილებლად ვისწავლი ამ წესებს და გამოვიყენებ ცხოვრებაში.“

„კარგია, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ. უნდა ვიცოდეთ, კონფლიქტის დროს სად და როგორ გავჩერდეთ.“

ვაჟებთან მუშაობა იანვარში ონლაინ წარიმართა. თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებთან ჩართვები მოხდა ჯგუფურად და ინდივიდუალურად.

შეხვედრების უმეტესობა ზუმის პლატფორმაზე ჩატარდა, რამაც ვიდეორგოლების ჩვენების და დისკუსიის უკეთ წარმართვის შესაძლებლობა შექმნა.

-  შევარჩიე ვიდეორგოლები ძალადობის, ბულინგის თემაზე, რომ ბიჭებთან კიდევ უფრო ახლოს მიმეტანა სათქმელი, - აღნიშნავს ტრენერი ბექა ფოცხვერია. - ბიჭები აქტიურად მსჯელობდნენ ამ მწვავე პრობლემებზე, ვიდეორგოლებში ასახულ ფაქტებზე. მათი თქმით, ტოლერანტი საზოგადოება უკეთ შეძლებს ბულინგისა და ძალადობის დამარცხებას.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები