ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი სოციალური კლიპი ასახავს იმ მნიშვნელოვან სტრატეგიებს და მოქმედებებს, რაც განმსაზღვრელია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის ეფექტიანობისთვის და ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის უმთავრეს მიმართულებებს წარმოადგენს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გამართა ეროვნული კონფერენცია - „გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“. მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია, რომელმაც სადისკუსიო ნაწილში ყურადღება გაამახვილა სოფლებში მერის წარმომადგენლების და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების როლის გაზრდის აუცილებლობასა და აღნიშნული რგოლის გაძლიერებაზე ქალთა უკეთ ინფორმირების, მათ საჭიროებებებზე მორგებული ადგილობრივი პოლიტიკის დანერგვის და ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის დასასრულს, ათეას ადვოკატირებით, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას, რომელსაც დღემდე 26 თვითმმართველი ერთეული შეუერთდა, კიდევ 5-მა ქართულმა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი. ამჯერად დოკუმენტს მიუერთდნენ ზუგდიდის, ზესტაფონის, ჩოხატაურის, სამტრედიისა და ბაღდათის თვითმმართველი ერთეულები, რითაც დაადასტურეს გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა საკუთარ მუნიციპალიტეტებში.

ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე მიწვეული იყო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე. შეხვედრაზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და ასევე, უწყების პრიორიტეტებსა და სააგენტოს განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, რაც ითვალისწინებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. კონფერენცია სრულად მოიცვა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებმა. ღონისძიებას სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ ესწრებოდა ლინდა ჩიხლაძე.

მანდატურის სამსახურის ინიციატივით მორიგი ახალი ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მანდატურის სამსახურმა გაწეული ნახევარი წლის შედეგები შეაჯამა და სიახლეები გააზიარა. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი წარმომადგენელი - ნინო კორინთელი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა მონიტორინგის ახალი ანგარიშის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის  შეფასება“ მიგნებები და გამოწვევები, სადაც მანდატურის სამსახურის როლი იკვეთება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლითაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები - ლინდა ჩიხლაძე და ნინო კორინთელი ესწრებოდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების შესახებ მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

მონიტორინგის ინსტრუმენტი დაფუძნებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციაზე და მისი მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს პრევენციის მექანიზმის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, გამოავლინოს კონკრეტული მიღწევები და გამოწვევები. დოკუმენტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ჩვენი წარმომადგენლები - ლინდა ჩიხლაძე და ნინო კორინთელი.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული თემატური მოკვლევის - „ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ანა ნაცვლიშვილმა ექსპერტთან ერთად მოკვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები წარადგინა. მან ხაზი გაუსვა მოკვლევაზე მუშაობის მულტისექტორულ ფორმატს და აღნიშნა, რომ ქალთა გაძლიერებას სჭირდება სისტემური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, ასევე - ერთიანი მკაფიო ხედვა და პოლიტიკა.

მოკვლევის ფარგლებში შეხვედრები სახელმწიფო ინსტიტუტების, საბანკო-საფინანსო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. მოკვლევის ჯგუფმა ჩაატარა თემატური შეხვედრები საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელშიც ასევე თბილისის ოფისის ხელმძღვანელიც მონაწილეობდა და მოკვლევის ჯგუფს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოწვევებზე გაუზიარა ინფორმაცია. 

მოკვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ:

https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematuri-mokvleva/genderuli/qalebis-cvdoma/mokvleva-ge.pdf

რუსული კანონპროექტის ინიცირების დღიდან წამოვიწყეთ სოციალური კამპანია „არა რუსულ კანონს“. კამპანიაში მოხალისებრივად აქტიურად ჩაგვერთნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჩვენი ლიდერი ქალები.

აღნიშნულ წინააღმდეგობრივ პროცესში გაერთიანდა სრულიად ქართველი ხალხი, რამაც განაპირობა კანონპროექტის გაწვევა.

ჩვენმა მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალ კვლევაზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება მუნიციპალურ დონეზე“.

ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ტყიბული, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები