ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მონაწილეობა მიიღო უკრაინის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ 2023 წლის ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 67-ე სესიის მოსამზადებელ კონსულტაციაში თემაზე: „ინოვაცია, ტექნოლოგიური ცვლილებები და განათლება ციფრულ ეპოქაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად“.

კონსულტაციებში მონაწილეობდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ომის გენდერულ შედეგებს ქალებსა და გოგონებზე, როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მათ წამყვან როლს ცვლილებების განხორციელების პროცესში.

პანელური დისკუსიების დროს განხილულ იქნა, თუ რა როლს ასრულებენ ტექნოლოგიები და ციფრული გადაწყვეტილებები ომით დაზარალებული ქალების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაში მთელს რეგიონში და რამდენად შეუძლია ტექნოლოგიებს და ციფრულ ეკონომიკას გენდერულად ორიენტირებული აღდგენის და განვითარების ხელშეწყობა და არსებული გენდერული ციფრული ხარვეზების შემცირება.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია.  ღონისძიებაზე  განხილულ იქნა GREVIO-ის (დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) იმპლემენტაციას) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად და GREVIO-ის წევრი და მეორე ვიცე პრეზიდენტის, მარია-ანდრიანი კოსტოპულოს მონაწილეობით, განიხილეს მხარეთა კომიტეტის მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცებული 16 რეკომენდაციის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები. რეკომენდაციები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს მითითებულია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ GREVIO-ის საბაზისო ანგარიშში. 

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №143 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების, ასევე, საერთაშორისო/დონორი ორგანაზაციებისა და 80-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლობაც ესწრებოდა.

შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაზე მათი უკუკავშირისათვის კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს. თუმცა დისკუსიისას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის იმ მთავარ გამოწვევაზე გაამახვილეს, რაც უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოებების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების სახელმწიფო პოლიტიკაში გაუთვალისწინებლობას გულისხმობს. ეს კი, ცხადია თანმშრომლობის მოტივაციას უკარგავს თითოეულ ჩვენგანს.

ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე მონაწილეობდა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს საინფორმაციო შეხვედრაში.

შეხვედრაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმებთან დაკავშირებით. მათ შორის - მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს საქმიანობის და სტრუქტურის, მასში შემავალი ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფის და მათში ჩართვის შესაძლებლობების და მნიშვნელობის შესახებ.  ლინდა ჩიხლაძემ შეხვედრის მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენმა თანამშრომელმა - ლინდა ჩიხლაძემაც მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების მანძილზე ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, არსებული გამოწვევები და იმსჯელეს  გადაჭრის გზებზე. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

25 ნოემბერს გაიმართა ქალთა მოძრაობის მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. მსვლელობას სხვა სოლიდარულ ჯგუფებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისიც შეუერთდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის ქმედება გაუპატიურება და ძალადობაა. მათივე განცხადებით, ეს საერთაშორისო კონვენციების, ასევე სასამართლოების მიერ არის აღიარებული, თუმცა არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა წარადგინა მამების ძალადობრივი ქცევის და კორექციის პროგრამა „მამაშვილობა“, რომლის მიზანია  მამის ქცევის კორექცია და მისი მხარდამჭერ მამად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე ჩვენმა წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ანგარიშის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ მიგნებებზე დაყრდნობით, დამსწრეებს რეკომენდაციები შესთავაზა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული პროგრამის ადრეულ ეტაპზე დანერგვას.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე მიწვეული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული სტრატეგიის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე, თბილისის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ინდირა რობაქიძე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი ანა მარგიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფიო ჩოხელი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე.

საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამოქმედო გეგმის პროექტის ხუთ ძირითად მიზანზე, მიზნების ამოცანებსა და განსახორციელებელი საქმიანობის ფორმებზე ისაუბრეს.

წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ ვიდეორგოლს ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ რუბრიკაში „გენდერი და საზოგადოება“.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების ნგრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურის დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მას უძღვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობაც იღებდა სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა. კომისიის სხდომის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა აღნიშნული სამთავრობო სამოქმედო გეგმების აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები