„ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიებას 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოების, იურიდიული სამსახურების,   ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, რესურსცენტრების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა პროექტის ქალთა/ახალგაზრდული ჯგუფები და ჟურნალისტები.

დამოუკიდებელი ექსპერტის, გოგა ხატიაშვილის მოსაზრებით - „გამოსავალი ერთია, მოვუსმინოთ ყველას!“

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია/კონფერენცია კიდევ ერთი მცდელობაა, საერთო პრობლემის მოგვარების გზაზე, ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ერთ ენაზე ილაპარაკოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა - ლინდა ჩიხლაძემ და ნინო კორინთელმა მონაწილეობა მიიღეს WWP EN-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მამაკაცების ჩართულობის მნიშვნელობაზე ბავშვის მოვლისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საუბრებში.

ღონისძიებაზე ჩვენმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართულ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე  და იმაზე, თუ რა მნიშვნელობისაა ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის მამაკაცების მონაწილეობა ბავშვის ზრუნვა/აღზრდაში.

6-9 ოქტომბერს გაიმართა ფემინისტური ფორუმი „სხეული და გარემო: ზრუნვის ორგანიზების, წინააღმდეგობის და სოლიდარობის ფემინისტური იდეები და პრაქტიკა”.

ოთხი დღის განმავლობაში, ქვიარ და ფემინისტ აქტივისტებთან, მკვლევრებთან და ფორუმის მონაწილეებთან ერთად, ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები - ნინო კორინთელი და ლინდა ჩიხლაძე ჩართული იყვნენ უსაფრთხო სივრცის ინტერდისციპლინური, ადგილობრივი და რეგიონული ცოდნის და  გამოცდილების გაცვლისა და მსჯელობის პროცესში.

WISG-ის გუნდთან ერთად ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ ეს შთამაგონებელი დღეები აუცილებლად დაედება საფუძვლად ფიქრის, შრომისა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. მათ შორის, ფორუმის ტრადიციის გასაგრძელებლად, ქვიარ ფემინისტური წარმოსახვის, ცოდნისა და პრაქტიკის ახალი სივრცეების შექმნისა და ტრანსფორმაციისთვის.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ, თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის ბარიერების შესწავლა და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პარლამენტისთვის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავების ხელშეწყობა.

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი - ეკატერინე გამახარიაც იღებდა მონაწილეობას. მან თავის მოხსენებაში ფოკუსი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ფინანსურ რესურსებზე ქალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების, სიღარიბესთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, არამედ მას ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდგენის საქმეში უდიდესი დატვირთვა აქვს.

დღეს არა საუბრების, არამედ კონკრეტული მოქმედებების დროა! რადგან ვიდრე ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ვბჭობთ, ქალების დიდი ნაწილი უშუალოდ უპირისპირდება უთანასწორობას, ძალადობას, დრომოჭმულ სტერეოტიპებს და ეკონომიკური დამოკიდებულების მთელ სიმწარეს... ბევრ მათგანს უწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გადარჩენისთვის... მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ ქალებს შეუძლიათ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, ძალადობასთან ბრძოლა, და მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის შენება“... - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემების დაძლევის კონკრეტულ გზებზე და ერთმანეთს საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

13 და 27 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს უკავშირდება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სხდომების ძირითადი თემები იყო: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება და ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა სტამბოლის კონვენციასთან.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა - ეკა გამახარიამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირებისათვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დაპირებით, აღნიშნული საკითხის დეტალურ განხილვას ცალკე სამუშაო შეხვედრა მიეძღვნება.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, პროფილური სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ღონისძიებას ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძეც ეწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დასავლეთ საქართველოს 100-მდე სკოლასთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარა ძალადობის პრევენციის, გენდერული თანასწორობის და ტოლერატული გარემოს დამკვიდრების მიმართულებით. ასევე, პირადი სიმპათია გამოხატა სასკოლო მედიაციის პილოტირების მიმართ და საკუთარი გამოცდილებით, ყურადღება გაამახვილა Peer Mediation-ის საჭიროებასა და დროულობაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით ახალი მონიტორინგის ანგარიშის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ პრეზენტაცია ონლაინ - Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

შეხვედრას სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

„დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის თქვენ, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებს ჩვენ-ჩვენი გამოცდილებების, მიგნებების, სტატისტიკის, მიღწეული შედეგების, გამოწვევების გაზიარების შესაძლებლობა გვეძლევა ინფორმაციის შევსების თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის ახალი ინიციატივების, ცვლილებების და სერვისების წინაპირობებს ქმნის,“ - ინდირა რობაქიძე, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. სხდომაში მონაწილეობდა როგორც ცენტრალური ხელისუფლების რელევანტური უწყებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის ძირითადი ინდივიდუალური მიღწევები და გამოწვევები, რომლებიც თან ახლავს გენდერული  თანასწორობისთვის და ქალთა და ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ მუშაობის პროცესს.

სხდომას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე ესწრებოდა. მან დამსწრეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება გაუზიარა და, მოკლე დროის მიუხედავად, ყურადღება გადაუდებელ საჭიროებებზე გაამახვილა. კერძოდ: ბავშვთა მოვლის სერვისების არსებობის მნიშვნელობაზე ქალთა დასაქმების ხელშესაწყობად ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისთვის; სოფლებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით ქალთა/ოჯახში ძალადობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მნიშვნელობაზე. პარალელურად, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდასა და პროფესიული გადამზადებების საჭიროებაზეც ისაუბრა; მუნიციპალური სერვისის მისაღებად არსებულ იმ ბარიერებზე, რაც დაზარალებულ ქალს არ აძლევს უფლებას, კრიზისულ სიტუაციაში გამოიყენოს სხვა მუნიციპალიტეტში არსებული სერვისები, მსხვერპლის სტატუსისა და რეგისტრაციის უქონლობის გამო. ლინდა ჩიხლაძემ ასევე დასვა კითხვა, თუ რა მდგომარეობაა მოძალადის ქცევის კორექციის მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით და აქვთ თუ არა დაგეგმილი ამ პროგრამების ეფექტიანობის შეფასება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებულ სოციალურ ფილმს, რომელიც ეყრდნობა ჩვენი მონიტორინგის ანგარიშს „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“.

კვლევას გაეცნობით აქ - http://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/12137-2022-03-14-15-32-16

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის ახალ ანგარიშს:  „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“. დოკუმენტის მიზანია, ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამის დანერგვის საკითხზე დაინტერესებულ პირთა დამოკიდებულებების შესწავლა და აღნიშნული თემის ირგვლივ აქტიური დისკუსიების წამოწყება. ეს ხელს შეუწყობს შესაბამისი პროგრამის საკანონმდებლო დარეგულირებას და მის პრაქტიკაში ამოქმედებას.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახში ძალადობრივი გარემოს აღმოსაფხვრელად და ეფექტიანი პრევენციისთვის არასაკმარისია მხოლოდ ძალადობის მსხვერპლის მიმართ გატარებული ღონისძიებები. აუცილებელია, დაინერგოს მოძალადესთან ადრეულ ეტაპზე მუშაობის პრაქტიკა, გაძლიერდეს მოძალადეების გამოვლენის ხარისხი, შემუშავდეს მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა და უზრუნველყოფილ იქნას მოძალადეთა ჩართვა ამ პროგრამაში. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების მიმღებლობა ქცევის კორექციის პროგრამების მიმართ, საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები