
მონაწილეთა რაოდენობა: 10 ქალი 22-დან 60 წლამდე.
პირველად მონაწილეობდა: 7 ადამიანი.
ფსიქოლოგის საუბრის თემა: აგრესია, მისი ფორმები, სახეები და მიზეზები.
იურისტის საუბრის თემა: შესწორებები კანონში ძალადობის წინააღმდეგ.
თემები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. აგრესია არის გზა ძალადობისკენ. და -კანონი, რომელიც 2006 წელს მიიღეს, ჯერაც განიცდის ცვლილებებს და კიდევ ვერ გახდა მძლავრი მექანიზმი ძალადობის წინააღმდეგ.
მონაწილეები ერთხმად ამბობდნენ, რომ ჩვენი საზოგადოება აგრესიულია. რომ სისასტიკე, ღვარძლი, თავხედობა, შური, ბოროტება, ყვირილი - ჩვენი ურთიერთობის სიმპტომებია. რისი შეცვლაა შესაძლებელი? როგორ? რისი გაკეთება შეუძლიათ ქალებს? - სწორედ ამაზე საუბრობდნენ ფსიქოლოგისა და იურისტის შეხვედრაზე სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
ქალებმა არა მარტო ახალი ინფორმაცია მიიღეს, არამედ პრაქტიკული რჩევებიც და პასუხებიც მათთვის საინტერესო კითხვებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

3 ნოემბერს ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, სასტუმრო „ხვამლის“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან. მათ მიიღეს კონსულტაცია საცხოვრებელი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის პრობლემის, მისი აღკვეთის მექანიზმებისა და პრევენციის შესახებ.
წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურები, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის წესები. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრობლემებს. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.

