იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთში

ნოემბერში იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის დუმბაძის ქუჩის  მცხოვრებლებთან. მათ 3 პრობლემა გამოყვეს: არ არის საკანალიზაციო სისტემა; ქუჩის დასაწყისი და ბოლო ახალი ასფალტის საფარითაა დაფარული, ხოლო შუა ნაწილი, დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ამორტიზირებულია; ქუჩას არ აქვს შესაბამისი სიღრმისა და სიგანის სანიაღვრე არხები, ამის გამო საშუალო დონის წვიმის დროს წყალი ქუჩაზე გადმოდის. 
შემუშავდა განცხადება ქ. ოზურგეთის მერიის სახელზე, რაც შეხვედრაზე დასმული პრობლემატური საკითხების მოგვარებისკენაა მიმართული.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ხურჩა - ქალთა მხარდაჭერის ცენტრი

  
ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში  გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაცია. ესწრებოდა 13 ქალბატონი (5 ადგილობრივი და 8 დევნილი). თემა - აგრესია, მისი ფორმები, სახეები და მიზეზები. ითქვა, რომ აგრესიის შემცირება ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის პრევენციას. შეკრებილმა ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ დღემდე ომის საფრთხე აქვთ და „აგრესია“ მათთვის ყველაზე საშიში სიტყვაა
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურისტმა ქალებთან განქორწინებისა და ალიმენტის დანიშვნაზე ისაუბრა. მათ ჰქონდათ ინდივიდუალური შეკითხვები და იურისტისგან კომპეტენტური პასუხები მიიღეს. 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონსულტაციები წყალტუბოში

 
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის  ფსიქოლოგმა და იურისტმა 12 ნოემბერს კონსულტაციები ჩაატარეს სანატორიუმ „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან.
ფსიქოლოგის თემა საინტერესო იყო შეკრებილთათვის - ძალადობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები, ოჯახში ძალადობაზე რეაგირების აუცილებლობა - ინტერვენცია და პრევენცია.
ქალბატონები აქტიურად ჩაერთნენ თემის ირგვლივ მსჯელობაში და სასარგებლო რჩევებიც მიიღეს ფსიქოლოგისგან.
იურისტმა ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე. ქალები დაინტერესდნენ საკითხებით - როგორ ხდება მოქალაქეობის მოპოვება, დაკარგვა, ჩამორთმევა. აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

  
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები. პირველად მიიღო მონაწილეობა ოთხმა ქალბატონმა და ერთმა მამაკაცმა. ფსიქოლოგიური საუბრის თემა იყო აგრესია, მისი ფორმები, სახეები, მიზეზები და გამოვლინება. აღინიშნა, რომ აგრესია ხელს უწყობს ოჯახურ ძალადობას. ჩატარდა მუშაობა ბასა-დარკის აგრესიულობის კითხვარის მიხედვით. პასუხებმა გააკვირვა ქალები. ვერ იჯერებდნენ, რატომ არიან ასეთი აგრესიულები, საიდან ამდენი დაფარული აგრესია! ფსიქოლოგმა შესთავაზა საშუალებები საკუთარ თავზე მუშაობისათვის.
იურისტმა უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა ინდივიდუალურ შეკითხვებს, აგრეთვე მათთან ერთად განიხილა საკითხები ანდერძისა და მემკვიდრეობის შესახებ. შეკრებილებს აინტერესებდათ შინაურული და დახურული ანდერძის საკითხები, აგრეთვე მემკვიდრეობის განაწილება იმ შემთხვევაში, როცა მემკვიდრე გონებრივად შეზღუდულია. მათ ყველა შეკითხვაზე მიიღეს შესაბამისი პასუხი.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გოჩა ჯიხაიშში

 
5 ნოემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა მოაწყო სოფელ გოჩა ჯიხაიშში.
ფსიქოლოგის თემა ეხებოდა ძალადობას და მის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ოჯახში ძალადობაზე რეაგირების აუცილებლობას-ინტერვენციასა და პრევენციას.
შეხვედრის მონაწილე ქალბატონებს იურისტმა მიაწოდა ინფორმაცია კანონზე „ოჯახში  ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ასევე გაიცა იურიდიული კონსულტაცია, რომელიც ეხებოდა განქორწინების შემდეგ წარმოშობილ ქმრის ვალდებულებას თანასაკუთრებისა და ალიმენტის გადახდის თაობაზე.
ბოლოს ქალბატონებმა გულწრფელი კმაყოფილება გამოხატეს და ითხოვეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ გააგრძელოს მათთან სერიული შეხვედრები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები