გამოვიდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მე-10 ნომერი. ის აჯამებს თვის განმავლობაში ჩატარებულ აქტივობებს პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
ნომერში მოთხრობილია ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობისა და წარმატებული შედეგების შესახებ.
ბიულეტენის მიხედვით, ოქტომბერში ჩატარდა 82 აქტივობა. მონაწილეობა მიიღო 995 ადამიანმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)








წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურები, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის წესები. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრობლემებს. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.
პიროვნული ღირებულებები, მენტალიტეტი და მისი გავლენა ოჯახურ კონფლიქტებზე - ამ საკითხის გარჩევამ ცხარე დისკუსიები გამოიწვია ახალგაზრდებთან გამართულ კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე. მოსაზრებები, ძირითადად, ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხშირად ქართული მენტალიტეტი ხელს უწყობს ოჯახებში ძალადობის განვითარებას. არგუმენტად დასახელდა ის, რომ ოჯახის უფროსობა მენტალიტეტით მამაკაცს აკისრია და ამ უფლების დაკნინებას ის ვერ ეგუება - ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ ძალადობის ყველა ფორმის გამოყენება ხდება.