ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია, გენდერული თემატური ჯგუფის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.  შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსი თამარ ლობჯანიძე და Kvinna till Kvinna-ს სამხრეთ კავკასიის პროგრამების უფროსი ოფიცერი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ორივე მხარეს კონფლიქტით დაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების  პრობლემებზე, გამყოფ ზოლში მოსახლეობისთვის ტვირთის გადაზიდვისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, ნდობის აღდგენის მიმართულებით ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელთა კონფლიქტ-სენსიტიური პრინციპების მიმართულებით ინფორმირებულობის, უნარების და კომპეტენციების გაზრდის აუცილებლობაზე. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ორდღიან კონფერენციაში, რომელიც მოაწყო ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“. კონფერენცია თემაზე „ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის“ 24-25 აპრილს გაიმართა.

ღონისძიების პირველი დღე მიეძღვნა ქალთა და ახალგაზრდების პოზიტიურ როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ხოლო მეორე დღე დევნილთა მდგომარეობას და საჭიროებებს დაეთმო.

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე და დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის პანელურ დისკუსიაში, რომელიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ეძღვნებოდა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესასრულებლად მიღებულ საქართველოს რიგით მეოთხე სამოქმედო გეგმაში (2022-2024 წწ.) სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე სამშვიდობო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პროგრამებში დევნილ ქალთა მონაწილეობის მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკურ პროგრამებში დევნილ ქალთა ქმედითი მონაწილეობის პრობლემებზე, მათი მოწყვლადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ბარიერებზე და სხვ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მარი ბედნიერი წავიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრიდან. არასოდეს დაავიწყდება ფსიქოლოგის გაკვეთილები, ბავშვების გართობა პედაგოგთან ერთად, სოციალური მუშაკის და იურისტის რჩევები. და, რა თქმა უნდა, ურთიერთობა სხვა ქალებთან... ზღვა სიყვარული და სითბო მიმაქვსო, თქვა წასვლის წინ.  

ლიკაც კმაყოფილია ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობით. ყველა, ვინც აქ ხვდება, სხვანაირი მიდის აქედან - უფრო ძლიერი, უფრო იმედიანი და ხალისიანი. ჰყავს ახალი მეგობრები, მხარდამჭერები...

ყველაზე მეტ დროს ქალებთან ია იაშვილი ატარებს, სარეაბილიტაციო ცენტრის ასისტენტი, ამ მყუდრო სახლის მთავარი დიასახლისი. საინტერესოა მისი დაკვირვებები:

„ყველაზე მეტად არაჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებით შვილები ზარალდებიან. ზოგს მამა საერთოდ არ ჰყავს, ან ჰყავს და მასთან უჭირს ურთიერთობა, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთის არ ესმით. ზოგჯერ ვამჩნევ, რომ ბავშვი არ ჭამს, იმიტომ კი არა, რომ არ შია, არამედ არაფერი უნდა, სურვილები არ აქვს, სიხარული არ აქვს, არ ოცნებობს“.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი.

შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები (ეროვნული რეფერალური მექანიზმი)“.

საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სტატისტიკა შემაკავებელი ორდერების, პრობლემების იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვანის, ტყიბულის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მონიტორინგი ჩატარდა.

მშვიდობისმყოფელობა, გენდერული პოლიტიკა, ოჯახური ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა - ამ მიმართულებებით მიღწეული ძირითადი შედეგების მოსმენის შემდეგ მონაწილეებმა საკუთარი შეფასებები გააჟღერეს.

მათი მოსაზრებით, ქალთა მიგრაციამ, ონლაინ თამაშებმა ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა, ამიტომ სწორი ინფორმირება ამ საკითხებზე კვლავაც აქტუალურია.  მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის როლი ამ საქმეში მნიშვნელოვანია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას წარმატებულს უწოდებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აპრილში 10 ადამიანი დაემატა ჩვენს სიას. ახლა უკრაინელთა ბაზაში 480 ადამიანია.

ამ თვეში მერიამ ჩვენს ახალ ბენეფიციარებს პერსონალური სამგზავრო ბარათები გადასცა. მათთან დარეგისტრირებულმა ყველა ოჯახმა მიიღო 100-ლარიანი კვების ვაუჩერი მაღაზია Carrefour-ისთვის.

ჩვენ 6 ოჯახს გავუწიეთ დახმარება. საცხოვრებლის ქირა გადავუხადეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ერთ ოჯახს - ქუთაისში ცხოვრობს ქალი სამი შვილით, ქმარი ბახმუტთან იბრძვის და თვეზე მეტია, არ გამოსულა კავშირზე.

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობენ, აქტიური მონაწილეობა მიიღეს UNHCR-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც  უკრაინელი ლტოლვილების პრობლემები განიხილეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

7 გასვლითი შეხვედრა გამართა ფსიქოლოგმა თერჯოლის, ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკის, ქობულეთის, ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ჩატარდა 4 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური კონსულტაცია და 12 ონლაინ შეხვედრა. ქუთაისში 11 ფსიქოთერაპიული სესია გაიმართა.

ყველა კმაყოფილია მუშაობის შედეგებით, მაგრამ განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს, რომ ორმა ბენეფიციარმა ახალი უნარების გამომუშავებით შეძლო საკუთარი პრობლემების გადაჭრა და ისწავლა ემოციების კონტროლი, ხოლო სამი მოზარდი გაუმკლავდა ბულინგს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი ახალ ეტაპზე გადავიდა. განახლდა გუნდი. დაიდგა ახალი სცენები, სადაც ყველა მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.

ფორუმ-თეატრის ბოლო ორი გამოსვლა განსაკუთრებული იყო. ერთი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ეზოში  გაიმართა, დონორი ორგანიზაციის - USAID-ის წარმომადგენლების წინაშე. ჩატარდა ხუთი სცენა. ახალგაზრდა მსახიობების გამოსვლამ მაღალი შეფასება მიიღო. ფორუმ-თეატრის გუნდი USAID-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებს აცნობს ფორუმ-თეატრის სპეციფიკას და აყალიბებს ახალ გუნდებს.

მეორე გამოსვლა ფორუმ-თეატრს ჰქონდა გეგუთის #14 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს აქტუალური და მნიშვნელოვანი აქტივობა უწოდეს.

ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ აპრილში სამ ოჯახთან - უკრაინიდან ჩამოსულ 7 ადამიანთან - ჩაატარა მუშაობა. გაარკვია მათი მდგომარეობა და უფასო ფსიქოთერაპიის კურსი დაიწყო.

დახმარება ყველას სჭირდება, რადგან რთული დღეები გამოიარეს.

41 წლის ოლენა ოჯახთან ერთად მარიუპოლიდან შარშან აგვისტოში ჩამოვიდა. მთელი თვე იყვნენ ჯოჯოხეთში, ყოველდღიურად იღუპებოდნენ მეზობლები. შიში და უიმედობა ჰქონდათ. შემზარავი სანახავი იყო გადაბუგული სახლები, დამწვარი ცხოველები, დანგრეული ქუჩები... იქიდან უკრაინის სხვა ქალაქში გადაიყვანეს, მაგრამ არც იქ იყო სიმშვიდე, საკვები... წამოსვლა გადაწყვიტეს და საქართველო აირჩიეს: ნაცნობი, თბილი, ახლო. ოლენას თქმით, ძალიან კარგია ქალთა ფონდი „სოხუმის“ დახმარება პროდუქტებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის რჩევები, მხარდაჭერა. ასე უფრო მარტივდება პრობლემების მოგვარება... 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად არსებობს, აუცილებლად უნდა გაიგოს ადამიანმა, ვისაც მსგავსი ტიპის დახმარება სჭირდება, - ასეთი მოსაზრება ჰქონდათ ქობულეთის, სენაკის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის მიზანი სწორედ ის არის, რომ ადრესატამდე მივიდეს საჭირო ინფორმაცია. შესაბამისად, გაზრდილია მომართვიანობა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მისამართით. მობილიზატორების დახმარებით ბენეფიციართა ერთი ნაწილი ფსიქოლოგთან შეხვედრისთვის ემზადება. ორი ქალი ჩვენი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლის სრულ კურსს. ქეისების შინაარსიდან გამომდინარე, მუშაობა მულტიგუნდური პრინციპით მიმდინარეობს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები