ვანის სამუშაო ჯგუფს ბევრი საქმე აქვს და ეს კარგად გამოჩნდა საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე. მოისმინეს IT სპეციალისტის ინფორმაცია ოფიციალური ვებგვერდის განახლების შესახებ - ვებგვერდს ემატება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და ონლაინ პეტიციის ფუნქციები, მექანიზმი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის „დაგეგმე ბიუჯეტი“, განზრახულია საკრებულოს სხდომების ონლაინ ტრანსლაცია და სხვა ტექნიკური ცვლილებები. შეხვედრაზე განიხილეს საკრებულოს წევრებისათვის შემუშავებული ეთიკის კოდექსი და პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მესამე მონიტორინგის შედეგები.

ორი მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილი რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულდა. ჯგუფის სამოქმედო გეგმაში აისახება მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც. მათი განხორციელება კიდევ მეტ გამჭვირვალობას და ეფექტიანობას შესძენს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას.

„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. დაიწყო ცვლილებებით, ახალი შტრიხებით.

პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა წარიმართება 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.

ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად იქმნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.

ფონდ „სოხუმს“ ჰყავს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილებზე იმუშავებენ ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვისთვის, შეეცდებიან პრობლემების ადვოკატირებას გენდერზე ორიენტირებული სისტემით. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციას ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით და კოორდინაციით.  

დასაწყისი, როგორც ხდება ხოლმე, რთული იყო.

ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმა... მაგრამ რაც უფრო მეტად ეცნობოდნენ ინფორმაციას, მით უფრო კარგად ჩანდა, რა  იყო გასაკეთებელი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვანის მუნიციპალიტეტში:

შეიმუშავეს და დაამტკიცეს თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსი!

ამ მხრივ ვანის მუნიციპალიტეტი პირველია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის. 

დოკუმენტი მოამზადა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში. 

სამუშაო გეგმის რა პუნქტები შესრულდა? ამ საკითხს მიეძღვნა ვანის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ჯგუფის ხელმძღვანელმა განიხილა შესრულებული პუნქტები. ეს არის ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი მუნიციპალიტეტისთვის:

- შემუშავდა და დამტკიცდა ეთიკის კოდექსი, რომელიც პირველია დასავლეთ საქართველოში.

- ამუშავდა ცხელი ხაზის სერვისი, რომელსაც აქტიურად იყენებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.

ჯგუფის წევრებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და აქტივობებზე.

ეთიკის კოდექსი დამტკიცდა - ეს საპროექტო მუშაობის ერთ-ერთი გამორჩეული შედეგია! ვანის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ პირველია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის.

ვანის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობდა თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსზე. შემუშავებული დოკუმენტი განიხილეს მერიისა და საკრებულოს სამსახურებში, საკრებულოს სხდომაზე, განთავსდა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, რათა ყველა გაცნობოდა და გაეკეთებინა კომენტარები. 10 თებერვალს კი საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, ეთიკის კოდექსი დაამტკიცეს.

ახალი წლიდან აქტიური მუშაობის გეგმა - ეს იყო ძირითადი თემა ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა: „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისათვის“. შეხვედრაზე შეირჩა პრეზენტატორი, რომელიც თვის ბოლოს ფორუმზე წარადგენს ორგანიზაციების მუშაობის შედეგებს და გავლენას მუნიციპალიტეტზე.

ასევე საუბარი შეეხო მესამე მონიტორინგს და საგრანტო კონკურსს, რომელშიც ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები