მორიგი შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან: ფოთის (1 ივნისი), წყალტუბოსა (4 ივნისი) და ზუგდიდის (5ივნისი) მუნიციპალიტეტის სკოლებში.
შეხვედრების მიზანია მონაწილეებისთვის ძალადობის პრევენციის გზების გაცნობა და მათი ჩამოყალიბება არამოძალადე პიროვნებებად.
შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სამუშაოებს და როლურ თამაშებს. როლური თამაშები ყოველთვის მონაწილეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თამაშების დროს ისინი საკუთარ თავს აიგივებენ რეალურ ფაქტებთან. ეს საკმაოდ ეფექტურია, რათა ვაჟებმა უფრო კარგად გაიგონ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები. კოკის სკოლაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) შეხვედრა ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ამან გაახალისა ბავშვები, რაც მათ აქტიურობაზე აისახა.
- ბულინგის თემა საკმაოდ აქტუალურია, მოზარდებს შორის გახშირებული კონფლიქტები გვარწმუნებს, რომ ამ საკითხის განხილვა აუცილებელია.
- ჩვენს სკოლაში ერთი პუტკუნა ბავშვია და ამის გამო ეზოში კალათბურთი არ ათამაშეს კლასელებმა. მაშინვე ჩავერიე და ავუხსენი, რომ ეს არასწორი საქციელია. ბევრმა არ იცის, რომ ეს ბულინგია და მისი ქცევა ძალადობაა.
ასეთი იყო იმ ახალგაზრდების პოზიციები, რომლებიც დისკუსიებში მონაწილეობდნენ. მათ გამოსავალზეც იმსჯელეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ბულინგი სერიოზული პრობლემაა და აქტიურად უნდა განიხილებოდეს.
ახალგაზრდების აზრით, პრევენციაში მშობლები და პედაგოგებიც უნდა ჩაერთონ, რადგან ბულინგი ხშირად ოჯახში მიმდინარე კონფლიქტებს უკავშირდება.
ვორკშოპები გაიმართა ფოთში, წყალტუბოში, ზუგდიდში.
თვის განმავლობაში ახალგაზრდული კლუბების 9 საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. ბოლო სამი შეხვედრა გაიმართა დვაბზუში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სენაკში და განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრების თემა: ნაადრევი ქორწინება, პრობლემები და მიზეზები ძალადობის პრევენციისთვის.
იყო გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა, საუბარი ტრადიციებზე, სოფლის ცხოვრებაზე, სტერეოტიპულ აზროვნებაზე, გოგონებზე, რომლებიც გათხოვებას ირჩევენ ნაადრევ ასაკში. განსაკუთრებული იყო შეხვედრა დვაბზუში, სადაც ფონდი „სოხუმი“ პირველად ჩავიდა.
ცხოვრებისეული მაგალითების განხილვამ და დისკუსიებმა შეხვედრები საინტერესო და აქტიური გახადა.
ოზურგეთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ძალადობის პრევენციის გზების გაცნობა. შეხვედრების ნაწილი დაეთმო როლურ თამაშებს. მონაწილეების მსახიობურმა ნიჭმა შეხვედრები საინტერესო გახადა. გარდა როლური თამაშებისა, ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები, რომლებიც განსაკუთრებით მოეწონათ ბიჭებს. ამ მეთოდებით მათ გაუადვილდათ იმის გაგება, რომ აუცილებელია ძალადობის პრევენცია და ჰარმონიული საზოგადოების შექმნა და ამაში დიდი როლი ეკისრებათ მამაკაცებს.
ოზურგეთში, ზუგდიდსა და სენაკში ახალგაზრდებთან ჩატარებულ ვორკშოპებზე გენდერული ძალადობის თემა განიხილებოდა.
მონაწილეები გენდერულ ძალადობას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ და ქართულ ტრადიციებს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს უკავშირებენ.
- ამოსავალი ახალგაზრდების ინფორმირებაშია. მსგავსი დისკუსიები საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდებს სწორი პოზიციები ჩამოუყალიბდეთ, - მიიჩნევენ ვორკშოპების მონაწილეები.
ვაჟებთან გამართული შეხვედრების გარკვეული ნაწილი დაეთმო ვიდეორგოლების ჩვენებას, სადაც ძალადობის თემატიკა ანიმაციის სახითაა წარმოდგენილი. მონაწილეებს ეს ფორმატი განსაკუთრებით მოსწონთ. შემდეგ იმართება მსჯელობა, რომლის დროსაც ვაჟები აფიქსირებენ თავიანთ აზრს. დისკუსიის დროს ყალიბდება პოზიცია - რომ მამაკაცები მემკვიდრეობით არ არიან აგრესიულები, რომ მამაკაცი არ უნდა იყოს მოძალადე. სწორედ ეს არის შეხვედრების მიზანი, რომლიბიც ჩატარდა ხონის, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სკოლებში.
ნაადრევი ქორწინება ჯერ კიდევ აქტუალურ პრობლემად რჩება, ამიტომაც დაისვა ეს საკითხი ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების დღის წესრიგში. მაისში კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თერჯოლაში, ხონის მე-7 საჯარო სკოლაში და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში. მონაწილეებმა ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, ტრადიციებზე, კანონზე. ხაზი გაუსვეს ოჯახის და განსაკუთრებით დედის როლს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს გოგონების აღზრდაში. მონაწილეების თქმით, ამ თემის განხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს კანონის გაცნობისა და პრევენციისთვის.




ქუთაისის, ფოთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების მონაწილე ვაჟები გაეცნენ ძალადობის პრევენციის გზებს. დიდი ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სამუშაოებს და როლურ თამაშებს. ამ თამაშების საშუალებით ვაჟებმა დაინახეს ძალადობის ნეგატიური შედეგები. მუშაობის მიზანია ახალგაზრდების ჩამოყალიბება ჰარმონიულ პიროვნებებად, რომლებიც უარს იტყვიან ძალადობაზე.
„ამ შეხვედრამ ახალი კუთხით დაგვანახა ნაადრევი ქორწინების პრობლემა. აუცილებელია მსგავსი თემების განხილვა უფრო ფართო ახალგაზრდულ აუდიტორიებში,“ - ეს ერთ-ერთი მონაწილის აზრია, რომელიც ბევრის მოსაზრებას ემთხვევა.
ნაადრევი ქორწინება, პრობლემები, ნეგატიური შედეგები - ამ საკითხებზე გაიმართა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები ფოთში, სოფელ ქვიანში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ხონში.
მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, მოიყვანეს მაგალითები, რაც აქტიური მსჯელობის საგანი გახდა.
თანასწორობა და ძალადობა. კავშირი მათ შორის. რა ასაზრდოებს ძალადობას? რა მნიშვნელობა აქვს პრევენციულ მექანიზმებს? ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი), ღვანკითში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), ცხუნკურში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლესაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). დიდი იყო ინტერესი მოსწავლეების მხრიდან. აღმოჩნდა, რომ ღვანკითის სკოლის სამოქალაქო კლუბი „ნერგები“ საკმაოდ აქტიურია ამ კუთხით - მისმა წევრებმა ვიდეორგოლი მოამზადეს ბულინგზე და კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს.