შეხვედრები ისევ დისტანციურად გაიმართა სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ფოთის შპს „გიმნაზიის“ და ქუთაისის მეცამეტე სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
„კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“ - ასეთი იყო ივნისის თემა. ონლაინ ჩართვებს აქტიური დისკუსია მოჰყვა. მოსწავლეებს მიეცათ რეკომენდაცია, მოუსმინონ ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ვიდეოგაკვეთილს და გამოხატონ კომენტარები. მათ საშინაო დავალებაც მიიღეს და უკვე დაიწყეს შესრულება. ზოგმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, ზოგმა საინტერესო ნახატი დახატა, ზოგმა ესე დაწერა და ზოგმა კიდევ - „წერილი სანდო ადამიანს“.
სამუშაო ციკლის ბოლოს კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრები თავიანთ ფიდბეკსაც გაუზიარებენ კონფლიქტოლოგს. მოზარდების აქტიურობა კარგად ჩანს ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/fsokhumi/
ოჯახი, ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა - ამ თემაზე გაიმართა ონლაინ ჩართვები ლანჩხუთის, ოზურგეთის და სოფელ ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბების წევრებთან.
თაობათა ურთიერთობა, ოჯახი როგორც მთავარი ღირებულება, ოჯახი სახელმწიფოს მინიმოდელი - ამ საკითხებზე გაიმართა გულახდილი საუბარი ახალგაზრდებთან. დაფიქსირდა მათი ხედვა ოჯახის ფენომენთან დაკავშირებით, საინტერესო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან. ახალგაზრდების თქმით, ოჯახში ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ჰარმონიის მისაღწევად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის თანაბარი განაწილება.
თერჯოლის, ზუგდიდის, ქუთაისის ახალგაზრდულ კლუბებთან ონლაინ ჩართვები გაიმართა საინტერესო საკითხზე - ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის ძალადობის პრევენციისთვის.
თემის განხილვამ გამოიწვია მონაწილეთა მაქსიმალური ჩართვა. ისინი საუბრობდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ოჯახური იდილია, მშობლების თანადგომა. ახალგაზრდები შეეხნენ ტრადიციებს, მშობლების ჩართულობას პროფესიის არჩევაში.
კლუბის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ ამ თემაზე საუბარმა შეცვალა მისი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, სიყვარულით აავსო და, როცა სიყვარულზე ფიქრობ, უფრო კეთილი ხდებიო.
2, 3 და 5 ივნისს ჩატარდა ონლაინ შეხვედრები ანაკლიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და კულაშის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
მოსწავლეები გაეცნენ ივნისის თემას „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“. მოგვიანებით ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე აიტვირთა ეს ვიდეოგაკვეთილი.
შეხვედრების შემდეგ მოსწავლეებმა დაიწყეს დავალებების მომზადება - ვიდეომიმართვები, ესეები, ნახატები და უკუკავშირი - თუ რა გავლენა იქონია საპროექტო მუშაობამ მათზე.
გრძელდება „საუბარი დედებთან“. ივნისის პირველი შეხვედრა უკვე შედგა და ამის შესახებ ინფორმაციაც დაიბეჭდა ფეისბუქგვერდზე.
მაისში ვაჟებთან ონლაინ შეხვედრების თემა იყო „ტოლერანტობა“. ფონდი „სოხუმის“ ტრენერი დაუკავშირდა თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. ჩართვა მოხდა ჯგუფურადაც და ინდივიდუალურადაც. ვაჟები აღნიშნავენ, რომ ეს სიტყვა მათთვის უცხო არ არის, ხშირად ესმით, თუმცა მის შინაარსზე არასდროს უმსჯელიათ. ამიტომაც პირველი, რაც შეხვედრების დროს კეთდებოდა - იყო „ტოლერანტობის“ განმარტება. დიდი დრო დაეთმო იმაზე საუბარს, შეიძლება თუ არა ისწავლო ტოლერანტობა და რა მნიშვნელოვანია, ცხოვრობდე ტოლერანტულ საზოგადოებაში.
მუშაობაში იყო სიახლეც - ტრენერი ესაუბრა რამდენიმე მასწავლებელს, მათი გამოცდილების გასაზიარებლად. მასწავლებლების თქმით, ისინი მოსწავლეებთან მუშაობის დროს იყენებენ ვიდეორგოლებს, მულტფილმებს, პრეზენტაციებს, თანდათან პოზიტიური ნაბიჯები იდგმება ონლაინ სწავლების მხრივაც.
მაისის დასაწყისში სამი ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. ამჯერად ლანჩხუთის, ქუთაისის და სოფელ ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ. შეხვედრებზე განხილული იყო ძალადობის პრობლემა მოზარდებში, სკოლისა და ოჯახის როლი, დაცვის მექანიზმები. შეხვედრების მონაწილეებმა გულრფელად ისაუბრეს ძალადობის მიზეზებზე, მშობლებთან და მასწავლებელებთან ურთიერთობების პრობლემებზე, მოიყვანეს მაგალითები. აქცენტი გაკეთდა პანდემიის პირობებში გაზრდილ შემთხვევებზე და გამოსავალზე.
კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან მაისშიც ონლაინ გაიმართა მუშაობა. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე კონფლიქტოლოგმა ატვირთა მორიგი გაკვეთილი „კონფლიქტის შესაძლო შედეგები, ქცევის სტილი კონფლიქტურ სიტუაციაში“.
ონლაინ შეხვედრები გაიმართა - ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მეორე საჯარო სკოლის, დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და კულაშის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მათ მოისმინეს ვიდეოგაკვეთილი, დაიწყეს ვიდეომიმართვების ჩაწერა კონფლიქტისა და COVID-19-ის თემაზე, ესეების და ნახატების მომზადება და მონაწილეობა საინტერესო რუბრიკაში „წერილი სანდო ადამიანს“.
უკვე მიღებულია პირველი წერილები და გამოქვეყნებულია ფეისბუქგვერდზე.
ფოთის კერძო სკოლის, ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებშიც, როგორც სხვა კლუბებში - ტოლერანტობა იყო მსჯელობის თემა.
შეხვედრა ისევ ონლაინ გაიმართა, რადგან ჯერაც იკრძალება გარეთ გასვლა.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში, საინტერესო იყო მათი ანალიზი ტოლერანტობის თემაზე. შეხვედრის შემდეგ მათ გაუჩნდათ ინიციატივები - დაწერონ ესეები, შექმნან ვიდეორგოლები. სკოლის დირექტორებმა და პედაგოგებმა კმაყოფილება გამოხატეს მოსწავლეების აქტიურობის გამო.
კიდევ სამი ონლაინ შეხვედრა გაიმართა კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან. 13, 15 და 16 აპრილს - ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), კულაშის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის №13 საჯარო სკოლებში. სულ თვეში, როგორც ყოველთვის, 9 შეხვედრა მოეწყო.
მოსწავლეებმა მოისმინეს ვიდეოგაკვეთილი და შემდეგ ტრენერთან ერთად ისაუბრეს კონფლიქტის ესკალაციაზე, განიხილეს სტადიები, მიიღეს დავალებები - ჩაეწერათ ვიდეომიმართვები კონფლიქტისა და COVID-19-ის შესახებ, დაეწერათ ესეები, გაეკეთებინათ ნახატები... მოზარდებმა დიდი ინტერესით დაიწყეს საშინაო დავალების შესრულება და ზოგიერთმა უკვე გამოაგზავნა კიდეც.
ონლაინ ჩართვები მოეწყო მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტის), განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებთან.
საუბრის თემა იყო ტოლერანტობა, რომელიც პანდემიის ვითარებაშიც საკმაოდ აქტუალურია -დღესაც არის შემწყნარებლობის, სიყვარულის დეფიციტი. მოსწავლეებმა პანდემიის თემაზე მოამზადეს და ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა სამი ვიდეორგოლი, რაც მათი ინიციატივის და აქტიური ჯგუფური მუშაობის შედეგია.
სამწუხაროდ, ზოგან არის ტექნიკური პრობლემები და ამის გამო ყველა მოსწავლე ვერ ჩაერთო, თუმცა მას პროექტის მოდერატორი ინდივიდუალურად შეეხმიანა.