როგორ მოვიცილოთ ნეგატიური გრძნობები და ემოციები ოჯახური ურთიერთობების მოგვარების და ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემაზე გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
შეხვედრაზე ბევრ რამეზე ითქვა და ერთგვარი დასკვნაც გაკეთდა: ჩვენ ჩვენითვე ვიშხამავთ სიცოცხლეს ბრაზით, შურით, წვრილმანებზე დარდით, პრობლემებზე ფიქრით და იმით, რომ განტვირთვა არ შეგვიძლია. არადა, განტვირთვის, მთავარზე კონცენტრაციის ცოდნა - ნამდვილი ხელოვნებაა და მაშინ ცხოვრებაც უფრო მსუბუქი და უკეთესი გახდება.
ოჯახური ცხოვრება - ეს ორი ადამიანის ყოველდღიური მუშაობაა ჰარმონიული ურთიერთობების მისაღწევად. როგორ ავაწყოთ ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში - ამ თემაზე გაიმართა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ფსიქოლოგის რჩევა:
ურთიერთობები უნდა აიგოს შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: უსმინეთ ერთმანეთს. ყოველთვის მოუყევით ერთმანეთს განვლილი დღის შესახებ. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვებსაც. არ იჩხუბოთ წვრილმანებზე. არ გამოიტანოთ განსახილველად ყველა პრობლემა. ხშირად მოეხვიეთ ერთმანეთს. ტრადიციად აქციეთ ოჯახური დასვენება უქმეებში და შვებულებებზე. ეს დაგაახლოებთ და დაგეხმარებათ ჰარმონიული ურთიერთობების აგებაში.
ამ ძირითადი თემის გარდა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა 13 ბენეფიციარის მონაწილეობით. ჯგუფი შერეული იყო - მონაწილეობდნენ ქალები და გოგონები. შეხვედრა მეტაფორული ასოციაციური ბარათებით წარიმართა, რაც დაეხმარა მონაწილეებს, მიეღოთ მზა დასკვნა ხასიათის, შესაძლებლობების და სულიერი მდგომარეობის შესახებ. ამასთანავე, ხელი შეუწყო ტაბუდადებული და განსახილველად რთული საკითხების წამოწევას.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქალებთან - ესწრებოდა 14 ბენეფიციარი 17-დან 68 წლამდე. საუბრის თემა - კონფლიქტები, მათი სახეები, მიზეზები, როგორ ხდება მათი გადაწყვეტა, როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტები ოჯახური ურთიერთობების დასარეგულირებლად და ძალადობის პრევენციისთვის. ფსიქოლოგმა იმუშავა შეხვედრის მონაწილეებთან ასოციაციური ბარათებით, რაც დაეხმარა ქალებს, დაენახათ და გაეცნობიერებინათ თავიანთი პრობლემები.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით ამჯერად გაიმართა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა სოფელ გოჩა-ჯიხაიშში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახთან.
ოჯახში 8 ადამიანია, არავინ არ მუშაობს. ოჯახის ზოგიერთი წევრი სოციალურად არაადაპტირებულია, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბავშვებს აღენიშნებათ სიძნელეები სწავლების პროცესში. ამ ოჯახს არაერთხელ დაეხმარნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, მაგრამ ერთჯერადი დახმარება ხელს ვერ უწყობს მათი პრობლემების სრულფასოვან მოგვარებას. საჭიროა მეტი მხარდაჭერა. დახმარების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ფონდ „სოხუმს“ ან ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას.
ქუთაისის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა გასვლითი ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქალებთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კრიზისული პერიოდები ოჯახის განვითარებაში ვირჯინია სატირის მიხედვით, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია. მეუღლეთა შორის კონფლიქტი, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ესმით ცოლ-ქმარს ერთმანეთის, რამდენად შეუძლიათ პატიება და დათმობა, ანუ კომპრომისზე წასვლა - ამ და სხვა საკითხებზე საუბრობდნენ შეხვედრებზე, რომლებსაც მონაწილეები მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ მიიჩნევენ.
ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაიმართა ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ესწრებოდა 24-დან 68 წლამდე ასაკის 38 ქალი, მათგან 13 დევნილი. ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღო ორმა ქალმა.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ დაამყარონ ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში და განავითარონ ისინი გენდერულ ასპექტში. ყველასთვის საინტერესო იყო ფსიქოლოგთან ერთად გაკეთებული დასკვნა: „დაიწყეთ ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის სურვილებისა და საჭიროებების პატივისცემით. თუ მშობლები პატივს სცემენ თავიანთ ბავშვებს, ბავშვებს ესმით, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. მოუსმინეთ ერთმანეთის გულისთქმას!“









