სულ რამდენიმე თვეა, ფონდ „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის რეპერტუარში გაჩნდა სპექტაკლი „თალგამი“. „თალგამი“, ისევე როგორც წინა წარმოდგენა „პირიმზე“ - არის სიკეთეზე, მეგობრობაზე, თანასწორობაზე, თანადგომაზე. პატარა მაყურებელს ორივე წარმოდგენა ძალიან მოსწონს.
სექტემბერში ფონდის ოფისში ორჯერ გაიმართა „თალგამის“ ჩვენება. მოწვეულმა ბავშვებმა ძალიან იხალისეს - მოეწონათ უჩვეულო და ახალი გარემო, მუსიკა, კეთილი ფინალი.
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მსახიობები ბავშვებს ესაუბრნენ ზღაპრის პერსონაჟებზე, მეგობრობაზე და იმაზე, რომ ერთად ყოფნით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა აგვისტოში. პირველ წარმოდგენას წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები დაესწრნენ. ნაჩვენები ხუთი სცენიდან ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ოჯახური (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) ძალადობის სცენები. საინტერესო იყო ჩართულობა მაყურებლებისა, რომელთაც შეძლეს კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება.
ოზურგეთის ქალაქის ცენტრში ფორუმ-თეატრი პირველად გამოვიდა, ამიტომ გაჩნდა ბევრი შეკითხვა. გათამაშდა 6 სცენა. პირველმა სცენამ ცოტათი დააფრთხო მაყურებელი, მეორე სცენის შემდეგ კი აქტიური დისკუსიები დაიწყო. იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ყველა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია.
ფორუმ-თეატრი და ჩრდილების თეატრი ფონდი „სოხუმის“ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ახალგაზრდა მსახიობებს რეპერტუარში აქვთ ფორუმ-თეატრის ათობით წარმოდგენა კონფლიქტების და ძალადობის აქცენტით და ჩრდილების თეატრის ორი სპექტაკლი თანასწორობის თემაზე. პირველი სპექტაკლი „პირიმზე“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში (რეჟისორი - ლევან გაბრიჭიძე). მისი პრეზენტაცია ქუთაისის თოჯინების თეატრში გაიმართა და მან წარმატებით მოიარა დასავლეთ საქართველოს სკოლები და საბავშვო ბაღები.
21 ივნისს კი ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ჩრდილების თეატრის „თალგამის“ საპრემიერო ჩვენება.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის რეჟისორის მაგდა ჩიხლაძის და ფორუმ-თეატრის სამსახიობო ჯგუფის ორთვიანი აქტიური მუშაობა, ჩაწერები, მუსიკალური გაფორმებები, რეპეტიციები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დასრულდა პრემიერით. „თალგამი“, ისევე როგორც წინა წარმოდგენა „პირიმზე“ პატარა მაყურებელს უჩვენებს საერთო ძალისხმევას კეთილი საქმისთვის, თანადგომას, თანასწორობას, სიკეთის გამარჯვებას.
ჩრდილების თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ხონში - საბავშვო ბაღში და დევნილთა კოლექტიურ ცენტრში.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ წარმოდგენა, სიმღერები, თოჯინები. პედაგოგებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებს. ბაღის აღმზრდელებმა გამოხატეს სურვილი, სექტემბერშიც აჩვენონ წარმოდგენა ბავშვების ახალ ჯგუფში.
მაისში ფორუმ-თეატრი ქუთაისელ და სენაკელ მაყურებლებს შეხვდა.
ქუთაისში, პარკში გამართულ ჩვენებას, ძირითადად, უფროსი თაობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ზოგი სცენა მოეწონათ, ზოგს არ დაეთანხმნენ... კადრში მოხვედრაც არ ისურვეს...
სენაკში კი ფორუმ-თეატრის წარმოდგენები სკოლაში ჩატარდა. მოსწავლეები და მასწავლებლები აღფრთოვანებულნი დარჩნენ, შვიდივე სცენაში ჩაერთნენ და ახალი შეხვედრების სურვილი გაუჩნდათ.
ჩრდილების თეატრის წარმოდგენა ჩატარდა ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში და მე-20 საბავშვო ბაღში.
ნაჩვენები იყო „პირიზმის თავგადასავალი“. ჩვენებამ ძალიან გაახალისა პატარები. მათ დაინახეს, რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს და სწორედ მაშინ იმარჯვებს სიკეთე...
ორი წარმოდგენა გამართა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. თერჯოლის ახალგაზრდულ ცენტრში ითამაშეს 4 სცენა და 5 სცენა - სოფელ ლესას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში. წარმოდგენებს საინტერესო დისკუსიები მოყვა. პედაგოგებიც ჩაერთნენ. მათ ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობაზე, ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ეჭვიანობა დაასახელეს. ზოგიერთ მაყურებელს პროტესტი გაუჩნდა, რომ ოჯახებში მსგავსი რამ არ ხდება. თუმცა უმეტესობა მიიჩნევს, რომ პრევენციისთვის მუშაობა აუცილებელია და ფორუმ-თეატრი ამ მხრივ ეფექტური ფორმაა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - #4 საბავშვო ბაგა-ბაღში და სოფელ ფარცხანაყანევის საბავშვო ბაგა-ბაღში. ნაჩვენები იყო „პირიზმის თავგადასავალი“. ჩვენებამ ძალიან გაახალისა პატარები. მათ დაინახე, რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს და მხოლოდ მეგობრობა იმარჯვებს ბოროტებაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
განსაკუთრებული სანახაობა შესთავაზა პატარებს ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრმა წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში. დაწყებითი კლასების 100-მდე მოსწავლე სიამოვნებით უყურებდა მუსიკალურ, ლამაზ ფერებში წამოდგენილ სპექტაკლს „პირიმზე“, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ექსკლუზივია - შეიქმნა ბავშვებისთვის თანასწორობის თემაზე.
წარმოდგენამ გაახალისა მაყურებელი. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ეს არის ორიგინალური, შემეცნებითი სპექტაკლი, რომელმაც ბავშვებს დაანახა მეგობრობის და თანასწორობის ძალა.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 5 წარმოდგენა ჩაატარა ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში. მაყურებელს მოეწონა სცენიდან ნათქვამი სიმართლე. შეკრებილებმა წარმოდგენებში ჩართვის სურვილი ნაკლებად გამოხატეს, მაგრამ დისკუსიის დროს გამოიკვეთა მათი შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ.