ოჯახური ძალადობა, კანონმდებლობა, ძალადობის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება-ამ საკითებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ.ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, მისგან დამცავ მექანიზმებსა და სახელმწიფო სერვისებზე. მშვიდობისა და არაძალადობრივი კულტურის პოპულარიზაციის თემას მიეძღვნა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან გამართული შეხვედრა.ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ,,16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ,, შესახებ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სათემო ლიდერი ქალები იღებდნენ მონაწილეობას.

გამართული დისკუსიის ფარგლებში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ არაკონტროლირებად რეგიონებსა და კონფლიქტის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. ქალებმა ხაზი გაუსვეს გამყოფი ზოლის მოსახლეობაში ფიზიკური საფრთხის გაზრდილ განცდას, განსაკუთრებით რუსი მესაზღვრეეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ; ასევე აღინიშნა მოსახლეობაში მენტალური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საბაზისო საჭიროებებსა და მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელს - ეკატერინე გამახარიას ჰქონდა პატივი, წარმოედგინა ქალთა ფონდი „სოხუმი“ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც პანელისტს კანადის უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარისა და ირლანდიის ადამიანური განზომილების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ღონისძიება მიეძღვნა კრიტიკულად მნიშვნელოვან თემას - „ომის გავლენა მოქალაქეებისა და სამხედრო პირების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“.

პანელურ მომხსენებლებს შორის იყვნენ: ბატონი ალექსანდრე კლენი, უკრაინის შეიარაღებული ძალების კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორი ჯულიანა სტოიანოვა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ენდრიუ გარდნერი, ODIHR ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და გენერალ-მაიორი მარტ ბილოდო, ქირურგი კანადის შეიარაღებულ ძალებში.

4-6 ნოემბერს, ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი პოლიტიკური დოკუმენტების გენდერული ზემოქმედების შეფასების (GIA) და გენდერული ბიუჯეტის მნიშვნელობა ინკლუზიური, თანასწორი და სამართლიანი ადგილობრივი მმართველობისთვის.“ ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტიდან: სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა,  ქობულეთი, ჩოხატაური, ხობი. ასევე - იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის (GIA) შესახებ. გაეცნენ მასალებს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საერთაშორისო პრაქტიკაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. განისაზღვრა, როგორ ხდება გენდერული ანალიზი, სექტორული განაწილება ბიუჯეტირების პროცესში, ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტების გენდერული ზემოქმედების შეფასება.

ორგანიზაცია Equality Now-ს ორგანიზებით 2-3 ნოემბერს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს გაუპატიურების და სხვა სახის სექსუალური ძალადობის საკითხებზე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების მიღწევისათვის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში. სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყო ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე.

მარია სოსნიცკაია უკრაინიდანაა. ომმა  საქართველოში ჩამოიყვანა. ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიგო პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსების შესახებ და დაინტერესდა. ახლა ის სხვა მოსწავლეებთან ერთად სწავლობს ამ საინტერესო საქმეს. მარია კმაყოფილია სწავლების მეთოდებით. მასწავლებელ მაკა ჯიშკარიანის თქმით, ის ნიჭიერი, მონდომებული მოსწავლეა და შეუძლია ეს საქმე დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს.

მარია აპირებს განაცხადის გაკეთებას  გრანტზე, რომლის კონკურსსაც Care Caucasus აცხადებს. ჩვენი 10 უკრაინელი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგზე, რომლის შემდეგაც შეუძლიათ საგრანტო პროექტის დაწერა. წინა კონკურსში სამმა უკრაინელმა მიიღო გრანტი მცირე სამეწარმეო საქმიანობისთვის. გვჯერა, ახლანდელი შედეგებიც წარმატებული იქნება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პატარა უკრაინელი ბიჭუნა მეორე წელია, საქართველოშია დედასთან ერთად, მაგრამ ჯერაც ვერ შეეჩვია აქაურობას. ენატრება იქ დარჩენილი მამა, ახლობლები... სტრესი ქცევებშიც გამოიხატება. ამიტომ მოიყვანა ის დედიკომ ფსიქოლოგთან. ხატვა, შეხება კენჭებთან, ქვიშასთან - ამ მეთოდებით არკვევს ფსიქოლოგი მის ემოციურ მდგომარეობას.  ასე ტარდება პირველი სეანსები. თანდათან ბიჭუნას მეტი სითამამე უჩნდება, შიშები ქრება, სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობაც ეწყობა. რასაკვირველია, დედაც მადლიერია.

7 ოჯახის წარმომადგენელთან ჩაატარა შეხვედრები ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. 15 ადამიანს გაესაუბრა - უკრაინიდან ლტოლვილს, ომგამოვლილს - და მათი განცდები გაიზიარა. მათთან მუშაობისას მთავარია ტრავმების დაძლევა, კრიზისთან გამკლავება... ზოგიერთი მათგანი პირველად იყო და ფსიქოლოგმა მათი საჭიროებები გაიგო, ზოგიერთთან კი გაგრძელდა ფსიქორეაბილიტაციის პროცესი. ასეთ მხარდაჭერას უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ციფრებით გამოხატული მხარდაჭერა ასეთია:

ჩვენს ბაზაში 357 ადამიანია.

ოქტომბერში დაემატა 22 ახალი ადამიანი.

4 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური გადასახადები.

7 ოჯახს გადავუხადეთ საცხოვრებლის ქირა.

ერთ-ერთ ონკოპაციენტს გადაეცა თანხა წამლებისთვის 300 ლარის ოდენობით.

მეორე პაციენტს აუნაზღაურდა MRT თანხა - 326 ლარი.

ფსიქოლოგის კონსულტაცია გაიარა 15-მა ადამიანმა.

საკვები პროდუქტების ვაუჩერი გადაეცა 36 ოჯახს.

ამ ყველაფერს უკრაინიდან ლტოლვილებისთვის აკეთებს ქალთა ფონდი „სოხუმი“. და ყოველი მათგანი მადლობელია ამ მხარდაჭერისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გრძელდება ტრენინგები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. პირველი ხუთი შეხვედრის შემდეგ ტრენინგები გაიმართა ზუგდიდის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, ბაღდათის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

ახალი ჯგუფების წევრები მოტივირებული ახალგაზრდები არიან. მათ წინა სატრენინგო კურსის წევრებისგან იციან, რომ კურსი საინტერესოა და მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს. ამიტომაც არიან მონდომებულები, აქტიურობენ ტრენინგებზე და ავლენენ ინიციატივებს, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. სასიხარულოა, რომ ჯგუფების შექმნის და მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ახალგაზრდული დეპარტამენტების წარმომადგენლები, რადგან ისინიც მიესალმებიან თავიანთ მუნიციპალიტეტებში აქტიური ახალგაზრდული ბირთვის ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოქტომბერი განსაკუთრებით დატვირთული იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული ქეისები გაარჩიეს და ძალადობის კომბინირებულ მიზეზებზე ისაუბრეს. თითქმის ყველა ჯგუფში გამოკვეთეს ნაადრევი ქორწინების ნეგატიური შედეგები, რომელიც საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამოძახილია. მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს განათლების, ინფორმირების აუცილებლბაზე.

„გასაძლიერებელია ინფორმირება, სტერეოტიპებზე მეტია სამუშაო“,- თვლიან მონაწილეები და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაზე საუბრობენ.

ოქტომბერში მობილიზატორების მუშაობის შედეგად ხუთი ახალი ქეისი გამოვლინდა. ბენეფიციარებთან ფონდი „სოხუმის“ ყველა სერვისი იქნება გამოყენებული.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები