26-27 ივნისს ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ორგანიზებითა და ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე.
საქართველოდან კონფერენციაზე მონაწილეობდნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია და დევნილ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“-ის ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი.
კონფერენციამ გააერთიანა სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქალი მედიატორები და მშვიდობის მშენებლები. რეგიონული კონფერენციის მთავარ მიზანს მშვიდობის მშენებლობის დარგში სამოქალაქო საზოგადოების ქსელის და ადვოკატირების საგზაო რუკის შემუშავება წარმოადგენდა.
მონაწილეები აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს მათ ქვეყნებში „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წესრიგის შესრულების მიმდინარეობას, მშვიდობის მშენებლობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის არსებულ გამოცდილებებს, გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.
ოჯახური კონფლიქტები, დისკრიმინაცია, ბულინგი, გენდერული თანასწორობა, ფემიციდი- ეს აქტუალური საკითხები ახალგაზრდებმა მათ მიერ შემუშავებული მინი-პროექტებისთვის აარჩიეს.
პროექტის ფარგლებში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების ბაზაზე ფორუმ-თეატრები შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში ორ-ორი სცენარი მომზადდა.
ორი თვის განმავლობაში ახალგაზრდებმა ფორუმ-თეატრის ფორმატის გამოყენებით სულ 42 შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრები სხვადასხვა ლოკაციას მოიცავდა: ქალაქებისა და სოფლების სკოლები, დასახლებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
გენდერული თანასწორობის, ბულინგის, ოჯახური ძალადობის, ფემიციდის საკითხებზე არა ერთი დისკუსია გაიმართა. შეხვედრებზე იმსჯელეს პრობლემების აქტუალობაზე და ისაუბრეს გადაჭრის გზებზეც.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს პრობლემები, რომელთა ადვოკატირება უკვე მოხდა. მათ ასევე განიხილეს პრიორიტეტული პრობლემები და მათგან განსაკუთრებით აქტუალურები ამოარჩიეს.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს პრობლემების მოგვარების გზებზე და კონკრეტული აქტივობების შესრულებაზეც დაიწყებენ მუშაობას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ერთ-ერთი, ვისაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე შეხვდა ივნისში, 76 წლის ლიუბოვ მაქსიმენკო იყო, ნიკოლაევის ოლქიდან. ის წარმოშობით წყალტუბოდანაა, მაგრამ 30 წლის წინათ გაყიდა აქ სახლი და უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. ბედნიერადაც ცხოვრობდა, მაგრამ ომის დროს მდგომარეობა რომ დაიძაბა, აქეთ ჩამოვიდა, ცოტა ხანს აპირებდა დარჩენას. აქ არავინ დახვდა ნაცნობი, არც მისი ბინის ახალი მეპატრონეები, არც ყოფილი მეზობლები, არც მეგობრები... ცოტა ხანს მეგობრის ქალიშვილთან ცხოვრობდა, მერე მერიამ სასტუმროში მოათავსა... ისევ შინ დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა საამისო თანხა არ ჰქონდა. ფონდმა „სოხუმმა“ შეუძინა ავტობუსის ბილეთი, საგზალიც გაატანა და უკრაინაში გაამგზავრა...
ივნისში ფსიქოლოგი კიდევ 12 ადამიანს შეხვდა - 5 ოჯახის წარმომადგენელს. დაიწყო მათი პირველადი კონსულტირება, ანამნეზის შეგროვება, ტრავმებზე და სტრესზე მუშაობა თითოეულთან. ორმა ბენეფიციარმა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია გაიარა და ერთთან გრძელდება ფსიქოთერაპია ოთხშაბათობით. ყველა ოჯახმა ჰუმანიტარული დახმარების ნაკრებიც მიიღო ჩვენი ორგანიზაციისგან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ სათაო ოფისში შედგა შეხვედრა შედგა კემლინ ფურლისთან - საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი.
ქალბატონ კემლინს მიეწოდა ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და წითელი ჯვრის მიერ უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო უკრაინელების მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათ ადვოკატირებაზე ნაციონალურ დონეზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მოსახლეობის ჩართულობით აფხაზეთის ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოაწესრიგა. დევნილთა ჩასახლებაში ახალგაზრდების ინიციატივით, ქალთა საინიციატივო ჯგუფის და მოსახლეობის მხარდაჭერით დასახლებაში ჯვარი დაიდგა და პატარა სამლოცველო სივრცე გამოიყო. თვითმმართველობის მხარდაჭერით დასახლებაში ორი გადამწვარი ტუმბო შეიცვალა, რაც საკანალიზაციო სისტემის გადავსებას იწვევდა.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი მიყვება ძველი პრობლემების ადვოკატირებას და პარალელურად, სწავლობს ახალ საჭიროებებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
დევნილთა, ლტოლვილთა და იგპ საერთაშორისო დღეს, 20 ივნისს, ქალთა ფონდი „სოხუმი“ ტრადიციულად აღნიშნავს სხვადასხვა აქტივობით. მესამე წელია, იმართება ღონისძიება „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისის ბულვარში“. უკრაინელი ლტოლვილები შარშანაც ესწრებოდნენ და წელსაც მოვიდნენ. ქალებმა მოამზადეს ორცხობილები უკრაინული თემატიკით. ერთმა უკრაინელმა გოგონამ უკრაინული ცეკვა იცეკვა. ამ დღემ შთამბეჭდავად ჩაიარა და ყველამ დაინახა ფონდის მრავალმხრივი აქტიური მუშაობა.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკვე უკრაინიდან ჩამოსულ 539 ადამიანს გაუწია მხარდაჭერა. ივნისში 16 ახალი ადამიანი დაემატა ჩვენს საინფორმაციო ბაზას და მხარდაჭერა გამოიხატა ასე:
- 28 ოჯახმა (44 ადამიანმა) მიიღო პროდუქტები
- 6 ოჯახს გადავუხადეთ ბინის ქირა
- 6 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური ხარჯები
- ანაზღაურდა ერთი უკრაინელის სამედიცინო ხარჯები
- ლიუბოვ მაქსიმენკოს ვუყიდეთ უკრაინაში გასამგზავრებელი ბილეთი 220 დოლარად და ის დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრობლემების აქტიურ ადვოკატირებას ეწევა და ამასთან ერთად, ახალი საჭიროებების გამოვლენაზე მუშაობს. საინიციატივო ჯგუფის ლიდერი დევნილთა ჩასახლებების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს, სწავლობს პრობლემებს და ახდენს მათ პრიორიტეტიზაციას, რათა შესაბამისი სამსახურების ჩართულობით დროულად მოაგვაროს პრობლემები და გააუმჯობესოს დევნილთა მდგომარეობა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
პრობლემა, რომლის ადვოკატირებას იწყებს ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი, უკავშირდება ბინათამესაკუთრეობის ამხანაგობას. ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, არის დევნილთა დასახლებაში, უკვე რეგისტრირებულია 16 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. თუმცა არ არსებობს პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში, რომელიც საშუალებას მისცემს ამხანაგობებს, თანამონაწილეობით განახორციელონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.
საკითხის აქტუალიზაციის კუთხით ამ ეტაპზე შეხვედრები გაიმართა მოსახლეობასთან. დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის ქალთა საინიციატივო ჯგუფი მჭიდრო კომუნიკაციაშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით