წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა  ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.

25-27 მაისს პროექტის ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები სტამბოლში შეიკრიბნენ. მათთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება“.

სამუშაო პროცესში ქალები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან ჩაერთნენ.

ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებაში, ამიტომაცტრენინგი  მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო.

მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების ხე, გაიმყარეს ცოდნა მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების ფორმულირების, ადვოკატირების სახეების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.თავიანთ თემში არსებული პრობლემებიდან შეარჩიეს პრიორიტეტული საკითხები და ჯგუფებში იმუშავეს. დამოუკიდებლად შეადგინეს ადვოკატირების გეგმის ნიმუში და წარადგინეს პრეზენტაციები. საინიციატივო ჯგუფების ლიდერებმა ტრენინგზე შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

სასიამოვნო ამბავი გვაქვს - უკრაინელმა მარია დობროვოლსკაიამ ქუთაისში ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. ისინი უკვე გაწერეს, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

კიდევ ერთი სიახლე: მოგვმართა პროგრამა „სონიაშნიკის“ მოხალისემ. ამ პროგრამით, 15-დან 18 წლამდე 5 უკრაინელი მოზარდი საზაფხულო ბანაკში საინტერესოდ გაატარებს დროს. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკვე შეკრიბა ჯგუფი უფასო ბანაკისთვის.

ამჟამად ჩვენს მონაცემთა ბაზაში 523 ადამიანია. მაისში 43 ადამიანი დაემატა.

ამ თვეში ჩვენი მხარდაჭერა სხვადასხვანირად გამოიხატა:

- პროდუქტებით დახმარება გაეწია 30 ოჯახს (63 ადამიანი)

- 6-მა ოჯახმა მიიღო დახმარება ქირის გადახდაში

- კომუნალური გადასახადების გადახდაში 6 ოჯახს დავეხმარეთ

- ერთ-ერთ უკრაინელს ოპერაციის ღირებულების ნაწილი გადავუხადეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა

მარიას სიხარული

მარია დობროვოლსკაია 22 წლისაა. კიევის ოლქში ცხოვრობდა, ომის დაწყებიდან ორი თვე იყო იქ და იგემა ომის საშინელებები. ცოტა ხნით ბებიასთან გადავიდა ვინიცაში, მერე კი პოლონეთში გაემგზავრა. რამდენიმე თვე იმუშავა კატოვიცეში და ლოძში. კატოვიცეში გაიცნო ქართველი, იქორწინეს და საქართველოში ჩამოვიდნენ.

მეუღლის მშობლიურ სვანეთში იყვნენ პირველ ხანებში, ოჯახმა თბილად მიიღო უკრაინელი რძალი. მარია ორსულად იყო, ქუთაისში რომ გადმოვიდნენ. როგორც ყველა უკრაინიდან ლტოლვილს, ქალთა ფონდი „სოხუმი“ მარიას ოჯახსაც დაეხმარა.  ბავშვის შეძენის შემდეგ კი ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს დედა-შვილი, მიულოცეს დიდი სიხარული და მიუტანეს ბავშვისთვის საჭირო საჩუქრები: ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები, პამპერსი, სურსათი...

ახალგაზრდა დედამ დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია ასეთ რთულ დროს.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დევნილთა თემში არსებული საჭიროებების გამოვლენა და შესაბამის უწყებებთან ადვოკატირება - ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მთავარი საქქმიანობაა.

ამჟამად ჯგუფი ადვოკატირებას უწევს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომლებიც გამოიკვეთა დევნილთა სამ ჩასახლებაში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ პრობლემებს და, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღუთქვეს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების ადვოკატირება დაიწყო. ჯგუფის წევრებმა აქტიური სამუშაოები ჩაატარეს მოსახლეობასთან, რათა პრობლემების პრიორიტეტულობა გაერკვიათ. ინფორმაციის შეგროვების შედეგად სწორედ ის პრობლემები შეირჩა, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.

ადვოკატირებისთვის არჩევანი ორ საკითხზე შეჩერდა: ეზოს კეთილმოწყობა და ბავშვთა სტადიონის შემოღობვა. სამუშაო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმა უკვე შეადგინა, გეგმის მიხედვით ამ საკითხზე თვითმმართველობას უკვე მიეწოდა ინფორმაცია ხელმოწერებთან ერთად. ადვოკატირების პროცესი პასუხის შესაბამისად გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩის რამდენიმე კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია, საჭიროა მათი გადახურვა. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს პრობლემის ადვოკატირებას - ადგილობრივი თვითმმართველობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება.

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ასუფთავებენ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას სარეველა ბალახებისგან, დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე არხის გაჭრის პროცესიც.

ჯგუფის ინიციატივით დასახლების ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, სადაც მათ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს დევნილთა თემის პრობლემების გამოვლენას და ადვოკატირებას მათი მოგვარებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოსავლენად. 

ჯგუფის წევრები ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი პრობლემა გადაიჭრას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს დევნილთა დასახლების მინი სტადიონის განახლებაზე. ქალებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შვილებს ჰქონდეს სივრცე, სადაც გაატარებენ თავისუფალ დროს, ივარჯიშებენ, სხვადასხვა აქტივობას გამართავენ.

საკითხის  დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის ქალთა საინიციატივო ჯგუფი მჭიდრო კომუნიკაციაშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ეს პრობლემა უკვე დაისვა და მიიღეს მხარდაჭერის დაპირებაც.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე  ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ ადგილობრივ დონეზე მოსაგვარებელი საკითხებიც შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შემუშავების დეტალებიც განიხილეს

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან. ვუთხრათ "არა" ძალადობას! - ახალგაზრდები, 2 თვის განმავლობაში, ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე. მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს  შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს. მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები