1 ივნისს ქუთაისის, ვანის, თერჯოლის, ბაღდათის, ტყიბულის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის, წალენჯიხის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთთვიანი მუშაობა შეაჯამეს: ერთმანეთს ინფორმაციები გაუცვალეს და  ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელთაც ადგილზე აწყდებიან ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაციის კუთხით. 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმა განიხილეს. მათი წინადადებები აისახა სამუშაო მოდულში, რაც მუშაობის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პოლიციის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ დოკუმენტს „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.

აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგი სიტუაციაა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების თანამშრომლობის კუთხით. სახეზეა საბიუჯეტო პროგრამებიც, რაც მსხვერპლს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს მისი პრობლემების დანახვა, რეაგირება, დასაქმება.

ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა თავად საზოგადოების არასაკმარისი რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის უდიდესი საჭიროება. ითქვა, რომ ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ამ კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება მუნიციპალიტეტისთვის.

ქობულეთის, ტყიბულის, სამტრედიის, ვანის და თერჯოლის ახალგაზრდულ ჯგუფებთან ჩატარდა ონლაინ ტრენინგები თემაზე „ტოლერანტობის პრობლემები ახალგაზრდებში. კონფლიქტის მართვა. ბულინგი“.

ყველა ჯგუფი ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ ძალიან მოსწონთ არაფორმალური განათლება, საკითხები, რომლებზეც ხდება მსჯელობა. ყველა მონაწილე მოტივირებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს ახალ უნარ-ჩვევას დაეუფლოს.

გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც წარმატებით ასრულებენ „საშინაო დავალებებს“. მაისში მათ ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან ტოლერანტობის, კონფლიქტის და ბულინგის თემებზე. ასეთი შეხვედრები კიდევ გრძელდება...

მაისში დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენის „გვრიტის“ აწყობა: შეიქმნა თოჯინები, დაიწერა ტექსტი და მუსიკა.

ახალგაზრდა მსახიობებმა სტუდიაში ჩაწერეს თავიანთი როლები, იყო აქტიური რეპეტიციები ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.

სულ მალე ჩატარდება გენერალური რეპეტიცია და პრემიერა - „გვრიტი“ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს ყოველთვის უამრავი  მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელი აწი ინტერესით დაელოდება თოჯინების თეატრის წარმოდგენებსაც.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

სხვადასხვა თემში გამართული შეხვედრების მონაწილე ქალები ისმენენ ინფორმაციებს, რა სახის სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რეაგირების კუთხით რა სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს  და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე.  შეხვედრებზე ხშირად ისეთი ისტორიის ჩანიშვნაც ხდება, რომელიც ითხოვს რეაგირებას, ჩაძიებას. კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, რეაგირების პროცესში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტიც ერთვებიან.

ძალადობის მსხვერპლი უამრავი პრობლემის წინაშე დგას.

დასამალი არ არის, რომ სახელმწიფო დროებითი თავშესაფრისა და მოძალადის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა ბევრს ვერაფერს სთავაზობს. თავშესაფრიდან გამოსული მსხვერპლი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, უმძიმეს მდგომარეობაშია და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამეგობრო ქსელი, რომელიც მას მეტნაკლები სტაბილურობის, დაცულობის განცდას აძლევს.

ფონდი „სოხუმი“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემაზე რეაგირებისთვის ყოველთვის გამოდიოდა მულტიდისციპლინარული თანამშრომლობის და კოორდინაციის იდეით. არაერთი მრგვალი მაგიდა, საინფორმაციო შეხვედრა თუ სამოქალაქო ფორუმი ჩატარდა, სადაც ყოველთვის ხაზგასმული იყო ძალადობის პრევენციის, განსაკუთრებით კი დაზარალებულთა დახმარების საკითხში სათანადო კოორდინაცია და რესურსების გაერთიანება.

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა ქობულეთის, ზუგდიდის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის პრობლემაზე, მსხვერპლთა დახმარების და მხარდაჭერის კუთხით არსებულ პროგრამებზე. მათ ასევე აქცენტი გააკეთეს თემში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. მობილიზატორებმა ჩაინიშნეს საკითხები,  რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ჩვენს ასაკში საჭიროა ამ თემებზე საუბარი,“ „არაფორმალური განათლება გვაძლევს იმას, რასაც სკოლაში ვერ ვიღებთ,“ „მე აუცილებლად გავუზიარებ ამ ცოდნას ყველას“ - ეს ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირია.

მაისის პირველ ნახევარში ჩატარდა 5 ონლაინ ტრენინგი წალენჯიხის, ჩოხატაურის, ბაღდათის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებზე, ტოლერანტობის და ბულინგის თემებზე.

ჯგუფებს მოსწონთ ეს ფორმატი, მოტივირებული და აქტიურები არიან,  ერთვებიან დისკუსიებში. აღსანიშნავია მათი გულწრფელობა.უკვე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც მზად არიან, თანატოლებთან ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები და გაუზიარონ მიღებული ცოდნა. ტრენინგზე წარმოდგენილი სამი მიმართულებიდან სასურველ თემას თვითონ ირჩევენ და, რაც მთავარია, სერიოზულად, პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.

ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.

„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.

სტატია გაზეთ „ახალ განათლებაში“ ასე იწყება:

„ფონდმა „სოხუმმა“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს 10 ქალაქში (ქობულეთი, ჩოხატაური, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, სამტრედია, ვანი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი) ახალგაზრდული ცენტრების დაარსება დაიწყო“.

სტატია მკითხველს აცნობს ჩვენს აქტიურ მუშაობას ახალგაზრდებთან, რასაც ჩვენს პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ახალი განათლება“ პერიოდულად ათავსებს ინფორმაციას ფონდი „სოხუმის“ აქტივობების შესახებ - ასე იზრდება ჩვენი თანამოზრეების ქსელი.

იხილეთ ბმული: https://bit.ly/3ew5m3x

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image