ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს - „ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ მხარდაჭერის სერვისების არჩევისა და შეფასების კრიტერიუმები: ეფექტიანობა და საჭიროებებზე მორგებულობა“. კვლევის ამ ანგარიშში ასახულია ქალების დამოკიდებულება მხარდაჭერის სერვისების ეფექტიანობის მიმართ, თუ რამდენად მორგებულია ძალადობამგამოვლილი ქალებისთვის განკუთვნილი სერვისები მათ საჭიროებებზე, და ის, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ისინი მომსახურების არჩევისას და შეფასებისას.
კვლევის მიგნებებით, რესპონდენტთა უმრავლესობა, დაცულობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, უპირატესობას ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია შედარებით დაბალ, თუმცა არცთუ მცირე მაჩვენებელს ავლენს დაცულობის და გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კვლევაში შეფასებულია სერვისების მიმწოდებლები ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, მოქნილობა, კოორდინაციის უნარი და ა.შ.
დოკუმენტი ეფუძნება ფონდი "სოხუმის" მიერ 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მოკლე ანგარიშს - „ქალების ინფორმირებულობის ხარისხი ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ“ აღნიშნულ მოკლე მონიტორინგის ანგარიშში გაანალიზებულია ქალების ინფორმირებულობის დონე ქვეყანაში მოქმედი მხარდაჭერის სერვისების შესახებ, მათი ინფორმირების წყაროები და ის გამოწვევები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
დოკუმენტი ეფუძნება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2024 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომელიც მოიცავს 600-ზე მეტ რესპონდენტს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი.
ნოემბრის სატრენინგო კურსი ჩვეული აქტიურობით დაიწყო. ახალგაზრდობის გაძლიერების ხუთ ცენტრში (წყალტუბო, ვანი, ჩოხატაური, ზუგდიდი, სამტრედია) უკვე ჩატარდა ტრენინგები. 25 ნოემბერს იწყება საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და ახალგაზრდები თავიანთი საინტერესო ინიციატივებით ჩაერთვებიან. სატრენინგო კურსი კი გრძელდება კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში, გეგმიურად, ცვლილებების გარეშე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა საველე სამუშაო „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით - ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევისთვის.
კვლევის პროცესში ჩატარდა 12 ფოკუსური დისკუსია და 28 პირისპირ ინტერვიუ. შესწავლილ იქნა რამდენიმე დოკუმენტი და მოეწყო დამატებითი გამოკითხვები დარგის ექსპერტებთან.
გამოკითხვიდან მიღებული მასალების საფუძველზე შემუშავდება საბოლოო ანგარიში, მასში აისახება ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც გამოკვეთს აღნიშნული სტანდარტის მუშაობის ზეგავლენას აღსაზრდელებზე, მშობლებზე, თემზე, სკოლამდელ დაწესებულებებზე.
კვლევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების პროგრამებში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევას და გააუმჯობესებს თანამშრომლობის ხარისხს სკოლამდელ დაწესებულებებს, ოჯახსა და თემს შორის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, ზაქარიაძის № 21-ში ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ამ დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სასარგებლო სამოქალაქო ინიციატივა განახორციელეს.
შეიქმნა უსაფრთხო გარემო მცხოვრებთათვის - მოიხსნა საფრთხის შემცველი ძველი ჭიშკარი და დამონტაჟდა მეორადი მოხმარების, შედარებით ახალი ჭიშკარი. მოწესრიგდა შესასვლელი გზა, რომელზეც წვიმის დროს მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ასევე, შეკეთდა სადარბაზოში შესასვლელი კარი და შეძენილი საღებავებით შელამაზდა კედლები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
პროექტში ჩართულმა ქალებმა ინგირის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები დევნილებისთვის ერთი ტრენაჟორი, ორი ძელსკამი და ბენზინის სათიბი შეისყიდეს.
მოსახლეობის თქმით, დასახლებაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ძალიან დიდ მადლიერებას გამოთქვამენ მათი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამ ინვენტარით ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება სარგებლობა და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას თემში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სენაკში დევნილთა თემის პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობას ექვსი ცალი წყლის საქაჩი ტუმბო გადაეცა. ტუმბოები 12 კორპუსს მოემსახურება, გააადვილებს სარდაფებიდან წყლის ამოქაჩვის პროცესს და იმ რისკებს შეარბილებს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას არღვევს.
მეორე ინიციატივა მხარდაჭერილი იყო იმ აქტუალური პრობლემის საპასუხოდ, რომელიც სარეველა ბალახებისგან შექმნილ საფრთხეებს გულისხმობს. პროექტის ფარგლებში მოსახლეობას გადაეცა ხუთი ცალი ელექტროსათიბი, რომელიც 12 კორპუსზეა გათვლილი.
სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში ქალთა ჯგუფის ლიდერები, აქტივისტები და თემის მცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართული.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირავაშვილი გოგონების მიმართ ონლაინ ძალადობის და ციფრულ სივრცეში გენდერული დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრობენ.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ონლაინ ვორკშოპი გაიმართა თემაზე: „გენდერული დეზინფორმაციის ტაქტიკა, მახასიათებლები, ამოცნობის ტექნიკები“ ქუთაისის და წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. ვორკშოპს უძღვებოდა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი - ლინდა ჩიხლაძე.
ღონისძიება გახსნა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ანა ლომიძემ. მან მონაწილე ახალგაზრდებს პროექტის: „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ შედეგები გაუზიარა.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპში და ღონისძიების ბოლოს სახალისო ქუიზში წარმატებით გამოსცადეს თავიანთი ცოდნა გენდერული დეზინფორმაციის შესახებ.
წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ კლიპს - იმერეთში მოღვაწე ჟურნალისტები გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქების ეთიკური სტანდარტების დასაცავად.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!