ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ქალთა ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში - ამ თემებზე ჩაატარეს ვორკშოპი კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ტატა ნარმანიამ და ნინო მორგოშიამ, რომლებმაც ტრენინგი გაიარეს ფონდ „სოხუმში“. 16 ახალგაზრდამ (მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები) მიიღო საინტერესო ინფორმაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზების შესახებ. იყო ისტორიული მიმოხილვა, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები. მონაწილეებმა დააფიქსირეს სამშვიდობო ინიციატივები. მათგან წამოსულმა პოზიტივმა და აქტიურობამ ვორკშოპი ნაყოფიერი გახადა.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური
დეპარტამენტის მხარდაჭერით
სექტემბერში გაიმართა ახალგაზრდული კლუბების ექვსი საინფორმაციო შეხვედრა.
3 სექტემბერს წყალტუბოში, კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“ შეხვედრას ესწრებოდნენ იქ მცხოვრები გოგონები. 5 სექტემბერს ახალგაზრდები ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეიკრიბნენ. მესამე შეხვედრა ფოთის მე-7 სკოლაში ჩატარდა 11 სექტემბერს. 12 სექტემბერს შეხვედრა შედგა ხონის მხარდაჭერის ცენტრში, 13-ში - კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში და ბოლოს, 14-ში - სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
შეხვედრებისთვის შეირჩა დღეისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებში საკმაოდ აქტუალური თემა: აზარტული თამაშები, მიზეზები, შედეგები და გადაჭრის გზები ძალადობის პრევენციისთვის.
იყო გულახდილი, გულშემატკივრული საუბრები, აზრთა სხვადასხვაობა და კამათი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს სერიოზული პრობლემა ხშირად ძალადობას იწვევს. მათი აზრით, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობის დიდი წილი - დაცვის მექანიზმების შემუშავება, დასაქმების პროგრამები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
WAVE #StepUp - საერთაშორისო კამპანია „ძალადობის მსხვერპლ ქალთა და მათი შვილების მხარდაჭერა და დაცვა“
21 სექტემბერს ფონდი „სოხუმი“ და ახალგაზრდული ჯგუფები შეუერთდნენ WAVE #StepUp-ის საერთაშორისო კამპანიას „ძალადობის მსხვერპლ ქალთა და მათი შვილების მხარდაჭერა და დაცვა“.
21-24 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „კონფლიქტოლოგიის საფუძვლების კურსი“. მუშაობაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: კონფლიქტის ფორმები, სახეები, ანალიზი და მოგვარების მეთოდები, ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში, ქალის როლი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში, მასკულინურობის და ფემინურობის კონცეფციები, მასკულინურობა და ნაციონალიზმი კონფლიქტის გაღვივებაში.
ტრენინგის ერთ-ერთი ბლოკის შემდეგ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფორემ-თეატრის წარმოდგენები და დისკუსია - მონაწილეებმა პრაქტიკულად დაინახეს, როგორ ვითარდება კონფლიქტი, რა როლი აქვს ინფორმაციას და შესაძლებელია თუ არა კონფლიქტის პრევენცია.
ოქტომბერში ამ ჯგუფისთვის ჩატარდება მეორე ტრენინგი და შემდეგ ისინი თვითონ დაიწყებენ ვორკშოპების ჩატარებას თავიანთ თანატოლებთან.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
ტოლერანტობის აღქმა ახალგაზრდებში ძალადობის პრევენციისთვის - ამ აქტუალურ საკითხზე გაიმართა დისკუსიები ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე - გეგუთის 1-ლ საჯარო სკოლაში, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ფოთის 21 საჯარო სკოლაში, ხონის ბიბლიოთეკაში, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში.
მონაწილეებმა შეაფასეს ტოლერანტობის პრობლემა საზოგადოებაში, ისაუბრეს დამოკიდებულებაზე ტრადიციების, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების, უცხოელი სტუდენტების მიმართ...
მათი მოსაზრებები ასეთია:
„ახალგაზრდებში არსებობს აგრესია და მის წინააღმდეგ მეტი ინფორმირებაა საჭირო“.
„თავისუფალ სივრცეში მსგავსი თემების განხილვა ბევრად შედეგიანია, ვიდრე სამოქალაქო გაკვეთილებზე.“
„ამ თემებზე საუბარი მნიშვნელოვანია პიროვნული ჩამოყალიბებისთვის. თავისუფალი გარემო, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება და საკუთარ თავზე მუშაობა - ეს არის კლუბის დამსახურება.“
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მეორე ეტაპი ტრენინგისა „კონფლიქტოლოგიის საფუძვლების კურსი“. 18 მონაწილე - ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) - ამჯერად ტრენინგის ჩატარების ტექნიკას დაეუფლა - ყველა მათგანმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც მიიღო და მოდელირებული ვორკშოპიც ჩაატარა.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
გენდერული ძალადობა, მიზეზები, დაცვის მექანიზმები - ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემაზე საუბრობდნენ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე. ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში ტარდება კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შეკრებილმა ახალგაზრდებმა დაგეგმეს აქტივობები კამპანიის ფარგლებში, რათა მხარი დაუჭირონ საყოველთაო პროტესტს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდულმა კლუბებმა საინფორმაციო შეხვედრებზე განიხილეს აქტუალური თემა „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. საკითხზე ინტერესით იმსჯელეს მონაწილეებმა. კლუბების ახალ წევრებს მოეწონათ უშუალო გარემო და აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიჭებმა პროტესტი გამოთქვეს, თუმცა მათმა უმეტესობამ გაიგო საკითხის აუცილებლობა.
მონაწილეებმა მიიღეს აგრეთვე ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ. ფონდ „სოხუმში“ მზადება უკვე დაწყებულია და ახალგაზრდული კლუბებიც ჩაერთვებიან კამპანიის აქტივობებში.
შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა საჯარო სკოლებში - ქუთაისის მე-13, ფოთის 21-ე, წყალტუბოს პირველ, სენაკის პირველ და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. ერთი შეხვედრა კი გაიმართა ხონის ბავშვთა ბიბლიოთეკაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდებმა, რომლებმაც გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიაში, ვორკშოპების ჩატარება დაიწყეს დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ნოემბერში გაიმართა 14 ვორკშოპი. ახალგაზრდა ტრენერებმა ყველა ის თემა აირჩიეს, რომლებზეც მუშაობდნენ ორი ტრენინგის განმავლობაში, გამოიყენეს ყველა მეთოდი. ამიტომაც ვორკშოპების დროს იყო: აქტიური დისკუსიები და საინტერესო პრეზენტაციები, როლური თამაშები, ჯგუფური სამუშაოები, ინდივიდუალური მუშაობა. რაც მთავარია, კმაყოფილები დარჩნენ მონაწილეებიც და ახალგაზრდა ტრენერებიც. ტრენერებს გაუჩნდა მოტივაცია, მეტი გააკეთონ ამ მიმართულებით, მონაწილეებმა კი გაიგეს, როგორ შეიძლება კონფლიქტების მოგვარება.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი საინფორმაციო აქციით შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებმა და სლოგანებმა მიიპყრო გამვლელების ყურადღება. ცენტრის აქტივისტებმა დაარიგეს სპეციალურად კამპანიისთვის დაბეჭდილი საინფორმაციო ფურცლები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)