ივნისში დაიწყო კოალიციური პროექტის „დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზებისათვის“ მეორე ეტაპი. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური რესურსით.
წინა საპროექტო პერიოდში შეიქმნა დევნილ ქალთა ქსელი. ახალი პროექტი მოიაზრებს „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ შესაძლებლობების გაძლიერებას და გაფართოებას. ასევე - ქსელის წევრების ინიციატივების მხარდაჭერას, რაც მიზნად დაისახავს დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათი საჭიროებების ადვოკატირებას და შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტებში ჩართვას.
პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების გაცნობისათვის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ წევრები. შეხვედრებზე ასევე მოხდა ამ თემებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მრგვალი მაგიდა გაიმართა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების და ჩვენი ორგანიზაციის სერვისების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და პოზიტიურ გავლენაზე.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „არასამთავრობოების სერვისები მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფისთვის. მე, როგორც ძალადობის მსხვერპლს, ძალიან დამეხმარა თქვენი სარეაბილიტაციო სერვისი, დღეს უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი ვარ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კიდევ ერთი ჯგუფის სასწავლო კურსი დასრულდა ქუთაისის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.
ნიჭიერმა ქალებმა პოლიმერული თიხის დამორჩილების საიდუმლო ისწავლეს და სერთიფიკატებიც მიიღეს.
მათი უკუკავშირი ასეთია:
„მსგავს თერაპიაზე ვერც ვიოცნებებდი. თან ახალი პროფესია ავითვისე“.
„თქვენ სასწაული მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაში - ძალა დამიბრუნეთ“.
„აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილზე საჭირო ადამიანებთან ერთად. მადლობა ფონდის ყველა წევრს“.
„თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება, ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებ. ბედნიერად ვგრძნობ თავს. მადლობა ამისთვის“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია: „გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის - ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ პასუხისმგებლიანი გაშუქების სტანდარტები“ შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს ძალადობაგამოვლილი ქალების და ქალი უფლებადამცველების შესახებ ისტორიების პასუხისმგებლიან და ეთიკურ გაშუქებასთან დაკავშირებით. მასში განხილულია ძალადობაგამოვლილი ქალების დადანაშაულების თავიდან აცილების კონკრეტული სტრატეგიები, მათ გამბედაობასა და გაძლიერებაზე ფოკუსირებული თხრობის მნიშვნელობა და საზოგადოებაში გენდერული ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის კლიმატის ხელშეწყობის აუცილებლობა.
გზამკვლევში მოცემული რჩევების დაცვა ხელს შეუწყობს ჟურნალისტების მხრიდან ეთიკურ, მგრძნობიარე და პასუხისმგებლიან გაშუქებას, საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის გააზრებას და მხარდაჭერის კულტურის ხელშეწყობას.
„გენდერული დეზინფორმაცია - მითები და რეალობა“ ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი ეს ციფრული ინფორმაციული ბანერი სახელწოდებით „გენდერული დეზინფორმაცია - მითები და რეალობა“ ეხება გენდერული ძალადობის შესახებ გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს და მითებს მიღმა არსებულ რეალობას. მასში მოცემულია შეხედულებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ცირკულირებს საზოგადოებაში და ქმნის მავნე და მცდარ წარმოდგენებს, რომ ძალადობაგამოვლილი ქალები ხშირად თავად პროვოცირებენ ძალადობას; რომ ოჯახში ძალადობა არის მხოლოდ ოჯახის პირადი საქმე; რომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა ოჯახების დანგრევაზეა ორიენტრებული; და ფემინიზმი ძირს უთხრის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს.
ბანერზე მოცემული ინფორმაციით მკითხველი აღმოაჩენს სიმართლეს საერთო მითებს მიღმა და გაიაზრებს გენდერული ძალადობის რეალურ განზომილებებს!
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ კლიპში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირაშვილი ხსნიან, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ გენდერული დეზინფორმაცია.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სოციალური კამპანია დაიწყო სახელწოდებით „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია“. კამპანიაში მონაწილეობას იღებენ მოქმედი ჟურნალისტები, ბლოგერები, მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები და აქტივისტები.
პროექტის მიზანია გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეთიკური რეგიონული მედია საზოგადოების ცნობიერებისა და ემპათიურობის გაზრდისთვის.
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მინი პროექტის ფარგლებში შესრულებულ და განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს. შეხვედრას ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა . ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრებმა პროექტის ფარგლებში მოგვარებულ პრობლემებზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ზოგადად პროექტის სიკეთეებსა და გავლენაზე ისაუბრეს. შეხვედრას იუსაიდის წარმომადგენელი , ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა. სწორად შერჩეული პრობლემა, სწორად წარმართული პროცესი, წარმატებული ადვოკატირების საწინდარია-ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფმა , ადვოკატირების გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა.
გაიმართა პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ქსელური შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ აქტივისტები, თემის ლიდერი ქალები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები ქუთაისის, ხონის, სენაკის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირების სტრატეგიული მიდგომები გააჟღერეს.
შეხვედრა გახსნა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ და მონაწილეებს მხარდაჭერა აღუთქვა პრობლემათა ადვოკატირების პროცესში. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენელი ირაკლი კოჩუა.
პროექტის ასისტენტებმა ცალკეული მინიციპალიტეტების მიხედვით შესრულებული აქტივობების შედეგები შეაფასეს და, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, პრობლემათა ადვოკატირების სტრატეგიულ რესურსებზე გააკეთეს აქცენტი.
მომდევნო პანელში ქუთაისის, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სათემო ლიდერებმა თავიანთ საქმიანობაზე, იდენტიფიცირებულ პრობლემებზე და ადვოკატირების პროცესის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ ადვოკატირებას არსებული რესურსების გამოყენებით.
წყალტუბოს ახალგაზრდულმა ჯგუფებმა მშვიდობის თემაზე მინი-პროექტები განახორციელეს. ყველა აქტივობა თავისი შინაარსით სამშვიდობო საკითხების პოპულარიზებას და ახალგაზრდების როლის გაზრდას ისახავდა მიზნად. ატივობებმა შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს , მეტი ინფორმაცია მიეღოთ აფხაზეთსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. იფიქრეს, იმსჯელეს, რა შეუძლიათ გააკეთონ მშვიდობისთვის. საკუთარი სათქმელი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს და საზოგადოებას ამ თემის პრიორიტეტულობა შეახსენეს. აქტიური იყო ქალთა ჯგუფიც. წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს. პრობლემებად ის საკითხები შეარჩიეს, რომელიც კვლევის შედეგად იქნა გამოვლენილი.