
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის გუბერნიის დარბაზში გამოცდილების გაცვლის მიზნით გაიმართა შეხვედრა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“, საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს; ორ სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა მეტი კეთილდღეობისათვის.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია მუნიციპალიტეტებში 2016 წლიდან დაკანონებული ახალი ინსტიტუციური რგოლის - გენდერული თანასწორობის საბჭოების როლისა და ფუნქციის შესახებ. გამოითქვა რწმენა, რომ საბჭოები გახდება მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული, მოქნილი მექანიზმი და კარგი რესურსი ეფექტური ადგილობრივი მმართველობისთვის.
შეხვედრა განხორციელდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.
თერჯოლა - ახალი მუნიციპალიტეტია, სადაც ფონდი „სოხუმი“ იანვრიდან ინტენსიურ მუშაობას იწყებს ახალი პროექტის „ქალთა გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში. გაიმართა შეხვედრა თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ფონდის თანამშრომლებმა მათ პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნეს.
იგეგმება შეხვედრები ლანჩხუთისა და ოზურგეთის ადგილობრივ თვითმმართველობებშიც. ფონდის მუშაობა ამ მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდება იმ 6 მუნიციპალიტეტების პარალელურად, სადაც ბოლო წლებში უამრავი აქტივობა განხორციელდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
3 დეკემბერს აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე. ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა ამ დღეს შეხვედრა ჩაატარა დღის ცენტრ „ვალენტინში“.
შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის შესახებ „16 აქტიური დღე ქალთ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ისაუბრეს ძალადობის სხვადასხვა სახეზე. აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია და გამოთქვეს ძალადობის პრევენციის პროცესში ფსიქოლოგის აქტიური ჩართვის სურვილი.
ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს კოლექტიურ ცენტრში გაიმართა შეხვედრა დევნილებთან. ისინი გარემონტებულ შენობაში ცხოვრობენ, მაგრამ საცხოვრებელი ფართები ჯერჯერობით მათ საკუთრებაში არ არის და, ცოტა არ იყოს, შიშის გრძნობა ეუფლებათ.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები (პროექტის ასისტენტი და იურისტი) დაეხმარნენ დევნილებს წერილის მომზადებაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სახელზე. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ წერილი გაიგზავნება უწყებაში და ასე დაიწყება საკითხის ადვოკატირება.
20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოეწყო შეხვედრა დევნილებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, საბჭოს მდივანი ირინე დგებაუძე და გამგეობის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის წამომადგენლები.
ისაუბრეს ყველა იმ სერვისზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს იძულებით გადაადგილებულ პირებს. მათ აცნობეს, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში.


გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წარმართეს „ინერ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა.
შეხვედრას ესწრებოდა 13-დან 21 წლამდე 21 გოგონა. მათთვის ნაჩვენები იყო საინტერესო ფილმი რეპროდუქციულ თემაზე. დისკუსია აქტიურად წარიმართა, იყო შეკითხვები და პასუხები, საუბარი ნაადრევი ქორწინების ნეგატიურ შედეგებზე.
გოგონებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ შეიკრიბონ და იმსჯელონ აქტუალურ თემებზე.








