ეთიკის კოდექსი დამტკიცდა - ეს საპროექტო მუშაობის ერთ-ერთი გამორჩეული შედეგია! ვანის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ პირველია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის.
ვანის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობდა თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსზე. შემუშავებული დოკუმენტი განიხილეს მერიისა და საკრებულოს სამსახურებში, საკრებულოს სხდომაზე, განთავსდა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, რათა ყველა გაცნობოდა და გაეკეთებინა კომენტარები. 10 თებერვალს კი საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, ეთიკის კოდექსი დაამტკიცეს.
18-19 თებერვალს იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და აჭარის 16 ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. პირველ დღეს განიხილეს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შემუშავების საკითხი, ორგანიზაციული, ტექნიკური და მეთოდოლოგიური ასპექტები. მეორე დღე კი მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო.
ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საინტერესო გამოსვლები მუნიციპალიტეტებში არსებული მიდგომების, წარმატებული პრაქტიკის და გამოწვევების საკითხებზე.
„ძალიან საჭირო პროექტია“, „ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ“, „ამ თემებზე სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ტარდებოდეს“, „მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, „უკვე მეორე წრეზე მუშაობს კონფლიქტოლოგი ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა თქვენს მისაღებად,“ „დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“, „გელით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად ვითანამშრომლებთ, გპირდებით!“, „თვალს გადევნებთ და აღფრთოვანებული ვარ ასეთი ახალგაზრდებით“ - ეს და ამგვარი მოსაზრებები გამოითქვა და დაიწერა ჩათში Zoom-ის პლატფორმაზე შეხვედრის დროს.
რა გაკეთდა, რა შედეგები მივიღეთ, როგორ დავძლიეთ გამოწვევები, როგორია სამომავლო მუშაობის პერსპექტივები?
ამ კითხვებზე გაიცა პასუხები საერთაშორისო სემინარზე, რომელიც ზუმის პლატფორმაზე გაიმართა 17 თებერვალს. სემინარში მონაწილეობა მიიღეს პროექტში „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ჩართულმა ადამიანებმა - ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ვიშეგრადის ქვეყნებიდან: კლარა კოზლოვამ (ჩეხეთი), კატარჟინა ზელინსკამ (პოლონეთი) და პეტერ გურანმა (სლოვაკეთი).
ეს იყო აქტიური მუშაობის რამდენიმე საათი: გამოცდილების გაზიარება, მიღებულ გაკვეთილებზე საუბარი და მომავალი საქმიანობის სტრატეგიის შემუშავება.
ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო და სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. იწყება საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მესამე ეტაპი.
ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ ჩართულობას სთავაზობს მოსახლეობას, რადგან მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა აზრი პრიორიტეტულად მიაჩნია.
ცაგერში აქტიურად მუშაობს ორი ორგანიზაცია: „აქტიური მოქალაქე -ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“.
საინფორმაციო სააგენტო „რეგიონული კვირა“ ასახავს მუშაობას პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
მე ვისწავლე, მივხვდი, გავიგე, უკვე შემიძლია - ამ სიტყვებს მოზარდები ამბობენ ჩვენი ვორკშოპების შემდეგ.
ეს სიტყვები ცვლილებებს გამოხატავს მათ ხასიათში, ქცევაში, დამოკიდებულებებში.
სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი: ამ გოგო-ბიჭებს ესწავლათ, გაეგოთ, გაეკეთებინათ...
„კონფლიქტის მართვის სწავლება სკოლებში“ - ასე ჰქვია მეთოდოლოგიას, რომლითაც ხელმძღვანელობს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული მიმართულების კონფლიქტოლოგი ლარისა (ლელა) შენგელია.
წესი ასეთია: სკოლაში შეირჩევა ჯგუფი 10-15 მოსწავლისგან - ძირითადად, მეშვიდე-მეცხრეკლასელები. ჯგუფთან თვეში ერთხელ იმართება ვორკშოპი სხვადასხვა თემაზე: რა არის კონფლიქტი, კონფლიქტის სტადიები, კონფლიქტის მოგვარება ადრეულ სტადიაზე და ა.შ.
„თანასწორობა ახლა“ და სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა - ბაღდათის სამოქალაქო საზოგადოების ეს ორი პარტნიორი ორგანიზაცია ესწრებოდა ონლაინ შეხვედრას, რომელიც ეხებოდა საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის მიზნებს. შეხვედრაზე დაისვა აქცენტები, რომლებიც მონიტორინგის დროს უნდა გამოიკვეთოს. ასევე განიხილეს კითხვარი და გაანაწილეს მოვალეობები. აღინიშნა, რომ მონიტორინგმა მუნიციპალიტეტში ცვლილებების დაწყებას შეუწყო ხელი.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ეს ქობულეთის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პირველი წარმატებული შედეგია!
ყველაფერი ასე დაიწყო:
ფონდი „სოხუმი“ ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მათი შექმნის დღიდან თანამშრომლობს. ამ ჩამონათვალში ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2019 წელს მოხვდა. 11 მუნიციპალიტეტიდან ის იყო ერთადერთი, რომელსაც არცერთი პროგრამა არ ჰქონდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისათვის.
ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირებისა და მონიტორინგის ჯგუფმა და თბილისის წარმომადგენლობამ აქტიური მუშაობა დაიწყეს პროგრამის შემუშავებისთვის.
ისინი უკვე არიან ლიდერები, რადგან ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას წარმართავენ 11 მუნიციპალიტეტში. ტრენინგიც ბევრი გაუვლიათ, თუმცა სწავლება არასოდესაა ზედმეტი. ამიტომაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელზეც განხილული იყო აქტუალური თემები: ლიდერობის ფენომენი, სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირების სტრატეგია.
ონლაინ სივრცე მონაწილეებისთვის იქცა ადგილად, სადაც მათ შეძლეს თავიანთი ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის, ახლებური რაკურსით დაინახეს ლიდერობა, გუნდთან მუშაობის და ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირების საკითხი.
ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის საქმეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარებასა და სამოქალაქო საზოგადოების როლის წარმოჩენას.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით