ფონდ „სოხუმში“ ახალი პუბლიკაცია გაჩნდა - „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობების როლი და პრაქტიკა“. მასში განხილულია ფონდი „სოხუმის“ აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების, ინფორმირებულობის გაზრდის და ძალადობასთან ბრძოლაში საკუთარი როლის გააზრების კუთხით.
პუბლიკაცია გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე და გავრცელდა იმ ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც ფონდი მუშაობს.
ფონდი „სოხუმის“ იურიდიულმა სამსახურმა გამოსცა ბროშურა „STOP ძალადობას!!!“
მასში მოცემულია ხშირად დასმული კითხვები ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით და მოცემულია პასუხები/განმარტებები: რა არის ოჯახში ძალადობა, ძალადობის რა ფორმები არსებობს, ვინ ითვლება მსხვერპლად, ვინ არის მოძალადე და ა.შ.
ბროშურაში მითითებულია ფონდი „სოხუმის“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ნომრები და ის საჭირო საკონტაქტო მონაცემები, რომლებზე დარეკვაც შეუძლია მსხვერპლს ძალადობის შემთხვევაში.
ბროშურების ნაწილი დარიგდება კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დღეებში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით განხორციელდა პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“.
პროექტის ფარგლებში გამოიცა კვლევის ანგარიში „ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“.
„სამართალდამცავი ორგანოების როლი და არსებული პრაქტიკა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის მონიტორინგი“ - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც გამოიცა ფონდ „სოხუმში“. მასში გამოყენებულია შსს-ს ადგილობრივ სტრუქტურებთან ჩატარებული მცირე მასშტაბის მონიტორინგის მასალები. სამაგიდე კვლევის ფარგლებში გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.
მონიტორინგმა გამოავლინა ის თვალსაჩინო პროგრესი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია. და ამასთანავე გარკვეული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად გამოცემის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები.
კვლევაზე მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის და ქუთაისის სათაო ოფისის მონიტორინგის ჯგუფის წევრები.
„მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების ტრანსფორმაცია ადგილობრივ დონეზე ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის გზით“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა. მასში ნაჩვენებია კავშირი გენდერსა და კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებულ სისტემას შორის და ქალების ჩართვის მნიშვნელობა მისი განვითარების ყველა ეტაპზე. აგრეთვე წარმოდგენილია ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება, თემში კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის პირველი ნაბიჯები - წარმატებული ისტორიები ქუთაისში, წყლტუბოსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან.
პროექტის თანახმად, გამოვიდა პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“, რაც დაეხმარება სამედიცინო სფეროს მუშაკებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს.
„სიყვარულს მოვლა უნდა, ქორწინება ყოველდღიურად უნდა განამტკიცო. გთავაზობთ წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამაში. იქნებ, ეს არც ისე ადვილია, მაგრამ სცადეთ...“ - ნათქვამია ამ პატარა გამოცემის შესავალში.
ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის მიერ მომზადებული რჩევები ქალებს: ურთიერთობის 4 ოქროს წესი, 5 იდეა ოჯახის სიმყარისთვის, ოჯახური ბედნიერების 9 საიდუმლო, უკონფლიქტო ოჯახის 10 მცნება.
სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის 14 თემში ჩატარდა გამოკითხვა ქალთა მიმართ ძალადობის სიტუაციური ანალიზის მიზნით. შედეგ კი გამოიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის სიტუაციური ანალიზი სენაკის მუნიციპალიტეტში“.
ფონდი „სოხუმი“ წლებია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის მიზნით. შემუშავებულია და გამოცემულია არაერთი დოკუმენტი თუ მეთოდური სახელმძღვანელო.
ამჯერად შემუშავდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტი - ეს არის ნიმუში, მოდელი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ადგილობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის გაწერა.
გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამუშაო გეგმა ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების სამართლიან განაწილებას, ადგილობრივ პროცესებში ქალებისა და მამაკაცების სრულ ჩართვას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში - სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის - ამ სახელწოდებისაა ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია. მასში ინტეგრირებულია საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის და ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების შედეგად დაგროვილი ექსპერტული მოსაზრებები და რეკომენდაციები.
გზამკვლევი არის დამხმარე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას გენდერზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვაში. მასში მოცემულია იმ საკითხთა ნუსხა, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია გენდერული მეინსტრიმინგის გასატარებლად ადგილობრივ პოლიტიკაში.
პუბლიკაცია შემუშავდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში.