





- ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით განხორციელებული ორი პროექტი, მონაწილეობა სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებში, საზოგადოების ინფორმირება საბჭოს მუშაობაზე ტელე და რადიო გადაცემებში მონაწილეობით, გენდერული საჭიროებების კვლევა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება. გენდერული პოლიტიკის გეგმის წარდგენა ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული კომპონენტების დასამკვიდრებლად და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული მხარდაჭერა - ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ამ შედეგებით ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იყო საუბარი პრობლემებზე, ხარვეზებზე, სამომავლო გეგმებზე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ერთწლიანი მუშაობის შედეგები.
საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები და გაწეული საქმიანობის შეფასება. გამოიკვეთა საბჭოს მიერ 2015 წელს ინიცირებული პროგრამები და პროექტები, განხილულ იქნა ახალი იდეები და გეგმები მუშაობის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად 2016 წელს.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები, აპარატის თანამშრომლები.
ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ჩაატარა მრგვალი მაგიდა, რომლის მიზანი იყო ერთწლიანი მუშაობის შეჯამება. შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე საკრებულოს თავმჯდომარეები, გუბერნატორის მოადგილე, დეპუტატები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საბჭო უკვე მოიაზრება ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმართველობების დამაკავშირებელ რგოლად.
გამომდინარე იქედან, რომ ერთობლივი მუშაობით ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ოზურგეთის მოსახლეობისთვის, გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ გურიის გუბერნიის მხრიდან მიიღო წინადადება, ხელი შეუწყონ საბჭოების შექმნას გურიის მასშტაბით.