
- მე შენზე ძლიერი ვარ იმიტომ, რომ სახლში პლანშეტი მაქვს, ორ ველოსიპედი, და მამაჩემს მერსედესი. შენ არაფერი არ გაქვს.
- პრივეტ სპილო, პუმპულა!
- ნახე, ნახე რა სასაცილოა, როგორ დადის ძლივს მიათრევს ფეხებს.
ასეთი რეალური ისტორიების გარჩევით მიმდინარეობდა ცალკეული დისკუსიები თემაზე - ბულინგი, რომელიც განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს ქალებმა წყალტუბოში, ფოთში, ხურჩაში.
მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების დამოკიდებულება. მათი აზრით, მოზარდს უნდა განემარტოს, რომ უპირატესობა არ იზომება მატერიალური და ვიზუალური მონაცემებით. ისიც, სად იწყება კონფლიქტი და როგორ გადაიზრდება ძალადობაში.
მონაწილეებმა პედაგოგების მოვალეობებზეც ისაუბრეს და დააკონკრეტეს, რომ მოზარდებში ურთიერთობა სრულყოფილად რომ განვითარდეს, სკოლებში აუცილებელია თავისუფალი გაკვეთილები, სადაც მსგავს თემებზე ისაუბრებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ივნისში ახალგაზრდების ჯგუფთან ვორკშოპები გაიმართა თემაზე „ბულინგი - ძალადობა მოზარდებში“. ბულინგის მნიშვნელობა ბევრისთვის ახალი აღმოჩნდა, თუმცა განმარტების მიღების შემდეგ, შეხვედრების მონაწილეებმა სენაკში, ქუთაისსა და ხონში გაიხსენეს - რომ ხშირად დაცინვის საგანი ხდება თმის ვარცხნილობა, ჩაცმულობა, წითური ფერი, სათვალე...
ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოშ გაიმართა ვორკშოპები ქალებთან აქტუალურ საკითხებზე - რა კავშირშია გენდერული თანასწორობა ქალთა მიმართ ძალადობასთან; იწვევს თუ არა ოჯახში ფუნქციათა არათანაბარი განაწილება კონფლიქტს; რა სტერეოტიპები ამყარებს ჩვენს საზოგადოებაში უთანასწორობის მოდელს. 
გენდერული თანასწორობის თემა ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს წყალტუბოში, სენაკსა და ხონში. აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა შემდეგ საკითხში: როგორ უნდა განაწილდეს როლები ოჯახში თანაბრად. ახალგაზრდების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი ქალი, ტრადიციულად, ქმრის მორჩილია, მამაკაცი კი მეპატრონეა. როცა ეს „ბალანსი“ ირღვევა, იწყება წინააღმდეგობა.
სენაკში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სხვადასხვა ასაკის ქალების მონაწილეობით გაიმართა ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში. მათ მიიღეს ინფორმაცია ეფექტურ კომუნიკაციაზე, ვერბალურ და არავერბალურ მხარეებზე. გაიმართა დისკუსია.