ადამიანური უსაფრთხოება გენდერულ ჭრილში - ვორკშოპი ფოთში

  
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ფოთში, საჯარო ბიბლიოთეკაში ვორკშოპი გაიმართა ადამიანური უსაფრთხოების თემაზე. მონაწილეობდნენ საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიან  კამპანიაზე, სოლიდარობის ნიშნად ყველა მონაწილეს ეკეთა კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტი. 
შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ -პრეზენტაცია. მონაწილეებმა ადამიანური უსაფრთხოების თემა გენდერულ ჭრილში განიხილეს. აუდიტორიაში გამოიკვეთა, რომ ადამიანური საფრთხეებიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა ერთ-ერთი სერიოზულია. რეკომენდაციებში აღინიშნა,  რომ სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს და ადგილობრივ ხელისუფლებას კანონით განესაზღვროს ვალდებულება ძალადობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.  
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

წყალტუბო, ფოთი, კოკი - ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში

 
წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან ვორკშოპი გაიმართა კონფლიქტოლოგიაში. შეხვედრა დაიწყო ინფორმაციით 16-დღიანი კამპანიის შესახებ, მონაწილეებს დაურიგდათ კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტები, საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები...
შეხვედრას რამდენიმე პედაგოგიც დაესწრო, მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარონ ძალადობის თემაზე. ასევე  ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი განიხილონ „კლასის საათზე“.
ამის შემდეგ მონაწილეებმა დაიწყეს მსჯელობა გეგმით გათვალისწინებულ საკითხზე - რა როლი აკისრია მედიას ძალადობის პრევენციაში.
მათი აზრით, ტელეგადაცემებიდან, ძირითადად, აგრესია მოდის, თუმცა ითქვა მედიის დადებით როლზეც. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ძალადობის პრობლემის წინაღმდეგ, მაგრამ მთავარია მისი ეფექტურად გამოყენება.
ამ თემაზე ვორკშოპები უკვე ჩატარდა  ფოთსა და კოკში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი კონფლიქტოლოგიაში: მედია, როგორც კონფლიქტის მოგვარების მექანიზმი

 
კონფლიქტოლოგიაში მორიგი ვორკშოპი გაიმართა ქალთა  ჯგუფებთან ქუთაისში, ხონში, ხურჩაში.
იმსჯელეს, ძალადობის პრობლემა როგორ აისახება მედიაში. როგორ მოქმედებს საზოგადოებაზე სიუჟეტები, რომლებშიც ოჯახური კონფლიქტები შუქდება. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ძალიან აგრესიული გახდა საინფორმაციო სივრცე, ნეგატიური ინფორმაციები საზოგადოებას უფრო მეტად აგრესიულს ხდის, რაც შემდეგ ნეგატიური შედეგებით გამოიხატება.
საინტერესოდ წარიმართა დისკუსია ხონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში. მონაწილეების აზრით, ოჯახური კონფლიქტების ფაქტები მრავლადაა, არიან ძალადობის მსხვერპლებიც,  მაგრამ პრობლემას საჯაროდ მაინც არ განიხილავენ.
ყველა ჯგუფში აღინიშნა, რომ მედია კარგი მექანიზმია ძალადობის პრევენციაში, მაგრამ საზოგადოებას პრობლემის შესახებ უნდა მიეწოდოს ისეთი ფორმით, რომ აგრესია არ გამოიწვიოს.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადამიანური უსაფრთხოების თემა ვორკშოპზე

  
ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ვორკშოპი გაიმართა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები“. მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტი ლიდერი ქალები.
ვორკშოპი დაიწყო პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციით. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჩატარებული კვლევების შედეგებზე, რის შემდეგაც მუშაობა ჯგუფებში გაგრძელდა.
რა უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების ხარისხის გასაზრდელად - ამ საკითხებზე ჯგუფებმა საინტერესო რეკომენდაციები შეიმუშავეს. მათ წინადადებებში გამოიკვეთა, რომ არის საკითხები, რომელთა გადაჭრაც ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.  შემუშავებულ წინადადებებში გამოიკვეთა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მიზნით. შეხვედრას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

რვა ვორკშოპი ორი სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან

     
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 და მე-6 სკოლების (ქუთაისი) მოსწავლეებთან ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ოთხ-ოთხი ვორკშოპი „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლაში“.
მოსწავლეებმა ინტერესით განიხილეს, რა არის მშვიდობა, რასთან ასოცირდება მათთვის მშვიდობა (ფერებთან, მუსიკასთან), მიეცათ განმარტება კონფლიქტზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებზე და გაეცნენ მისი მართვის უნარ-ჩვევებს.
ეს ვორკშოპები დაეფუძნა სომეხი კოლეგების გამოცდილებას და მეთოდიკას (შემუშავდა ორგანიზაციაში „ქალები განვითარებისათვის“).
აქტიური მუშაობის დასრულების შემდეგ ბავშვებმა კმაყოფილებაც გამოხატეს და უკმაყოფილებაც. კმაყოფილება იმის გამო, რომ აქტუალური, საჭირო და აუცილებელი თემები განიხილეს და კონფლიქტების მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს.
უკმაყოფილონი დარჩნენ იმის გამო, რომ ცოტა დრო იყო განკუთვნილი ასეთი საინტერესო მუშაობისთვის, თუმცა იმედი აქვთ, რომ ვორკშოპები განახლდება.
ვორკშოპები მოეწონათ პედაგოგებსაც და მათ გადაწყვიტეს, სამოქალაქო განათლების  რამდენიმე საათი დაუთმონ კონფლიქტების მართვას.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები