10 ივნისს ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის ათი მონაწილე გაეცნო სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც პრობლემათა სამართლებრივ რეგულაციას ეხება. ამ კორპუსში ისინი 10 წლის წინ ჩაასახლეს, თუმცა ამბობდნენ, რომ შენობა ავარიული და საცხოვრებლად უვარგისი იყო.
კორპუსის ბოლო სართულზე ჭერი ჩამოწეულია და დღითი დღე საშიშია იქ ყოფნა. არის კანალიზაციის, სარდაფის და გზის საფარის პრობლემა. იურისტმა გასცა კონსულტაცია, თუ რა პროგრამები არსებობს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვის უნდა მიმართონ და რა სახით. დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ მოამზადებენ განცხადებას და დაიწყებენ პრობლემების ადვოკატირებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე საბჭოს წევრები ანგარიშით წარსდგნენ, როგორ ჩატარდა კვლევა. იმსჯელეს შედეგებზე და აღნიშნეს, რომ საინტერესო მასალა დაგროვდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების გამოსავლენად. პარალელი გაავლეს გასულ წელს ჩატარებულ კვლევასთან. ითქვა, რომ ისევ პრობლემად რჩება საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით.

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრას კლუბის აქტიური წევრები, სენაკის მუნიციპალიტეტის და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე პრობლემა დაასახელეს - გზის რეაბილიტაცია დედის ქუჩაზე, გაზიფიცირება ქალაქის რამდენიმე უბანში, ქალაქში არ არის კანალიზაცია. ჟურნალისტმა თაკო არზიანმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაზრდის საკითხი დასვა.


ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ფესტივალი ზუგდიდში დაიწყო და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდა - 3 ივნისს ახალციხეში, ხოლო მეორე დღეს - გორში.

ივნისში ახალგაზრდების ჯგუფთან ვორკშოპები გაიმართა თემაზე „ბულინგი - ძალადობა მოზარდებში“. ბულინგის მნიშვნელობა ბევრისთვის ახალი აღმოჩნდა, თუმცა განმარტების მიღების შემდეგ, შეხვედრების მონაწილეებმა სენაკში, ქუთაისსა და ხონში გაიხსენეს - რომ ხშირად დაცინვის საგანი ხდება თმის ვარცხნილობა, ჩაცმულობა, წითური ფერი, სათვალე...

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიეძღვნა საბჭოს წევრების მიერ მაისში ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასების შედეგების შეჯამებას.
6 წარმოდგენა გამართა ხონის ცენტრალურ პარკში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. მაყურებელთა შორის იყვნენ ახალგაზრდებიც და შედარებით ასაკოვანი ადამიანებიც. მათ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, მოეწონათ სცენები, მაგრამ არ შეუცვლიათ მათი მიმდინარეობა - არ უცდიათ თავად ეთამაშათ მსხვერპლისა თუ მოძალადის როლი.